კადრში შემთხვევით მოხვედრილი ეს სამი გულშემატკივარი, პროსამთავრობო პროპაგანდისტული კომპანიის ხელმძღვანელი და მისი ოჯახი აღმოჩნდა " />

ვინ არის კრემლთან დაახლოებული დმიტრი გნატიუკი, რომლის ოჯახი რუსეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად იქცა

კადრში შემთხვევით მოხვედრილი ეს სამი გულშემატკივარი, პროსამთავრობო პროპაგანდისტული კომპანიის ხელმძღვანელი და მისი ოჯახი აღმოჩნდა

„სამეული „კოკოშნიკებით““ – ფოტო, რომელიც ცნობილი გახდა. მარცხნიდან მარჯვნივ: დმიტრი გნატიუკი, კომპანია „ИМА“-ს ჯგუფის ტოპ-მენეჯერი, რომელიც რუსეთში ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების „კრეატიულ თანხლებას“ უზრუნველყოფდა და მრავალი წელია, მოსკოვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. მის გვერდით არის მისი ცოლი – ინა კალენსკაია და ძმისშვილი იური

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი მაყურებლებსა და დამკვირვებლებს ყველაზე მრავალფეროვან შთაბეჭდილებებს სთავაზობს.

„კოკოშნიკებიანი“ გულშემატკივრები

1 ივლისს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთ-ესპანეთის მატჩზე კამერაში მოხვდა სამი რუსი გულშემატკივარი, რომლებიც „კოკოშნიკებით“ (ძველი რუსული თავსაბური) ისხდნენ და ჰოტ-დოგებს მიირთმევდნენ. მათი ფოტო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და „კოკოშნიკიანი“ გულშემატკივრები მემად იქცა.

მემების შესახებ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი კადრში მოხვედრილების შესახებ, რადგან ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ აღმოჩნდნენ;

უჩვეულო ოჯახი

როგორც „რადიო თავისუფლება“ ჰყვება, დმიტრი გნატიუკი, მისი ცოლი ელენა კალენსკაია და მათი ძმისშვილი იური გნატიუკი მჭიდრო კავშირში არიან „ჯგუფ ИМА“-ს ჰოლდინგთან, რომელშიც რამდენიმე მსხვილი კონსალტინგური კომპანია შედის.

დმიტრი გნატიუკის უფროსი ძმა, ანდრეი – ჰოლდინგის ხელმძღვანელია. თავად დმიტრი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ჯგუფი „ИМА“ წარმატებულად აწარმოებს პოლიტიკურ კონსალტინგს და რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

ჯგუფ ИМА-ს ისტორია

1989 წლიდან კომპანიამ ჩვეულებრივი საგამომცემლო ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ უკვე მომდევნო წელს მის მთავარ ამოცანად მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ ინფორმაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქცა.

ეს რუსეთის ყველაზე დიდი პარტიაა, მისი თავმჯდომარე ქვეყნის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევია. ვლადიმირ პუტინის მთელი 18-წლიანი მმართველობის განმავლობაში სახელმწიფო დუმის დეპუტატების უმრავლესობა – „ედინაია როსიას“ წარმომადგენლები არიან.

ИМА „ედინაია როსიასთავის“ ლოგოტიპებს ქმნიდა და მის პიარ-თანხლებას უზრუნველყოფდა. როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ჯგუფ ИМА-ს ყველაზე სტაბილური შემოსავალი მოსკოვის არჩევნების გაშუქებიდანაა. 2011 წლიდან კომპანიამ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა არჩევნებისთვის 16 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გნატიუკების ჰოლდინგმა ასევე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის გაშუქების კონკურსშიც გაიმარჯვა.

ნახევრად დამტკიცებული კორუფცია

დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანიის Transparency international-ის მიერ ჩატარებულმა ანტიკორუფციულმა გამოძიებამ, რომელიც რუსეთს მიეძღვნა და 2017 წელს გამოქვეყნდა, ცხადყო, რომ ჯგუფმა ИМА-მ 2011 წლიდან მთლიანობაში დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 400 სახელმწიფო კონტრაქტი მოიგო.

ეს ფული ექსკლუზიური სოციოლოგიური გამოკვლევებისთვის, ამომრჩეველთა პოლიტიკური განწყობების გამოსავლენად და საკონსულტაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად იხარჯებოდა.

„Transparency international”-ის ექსპერტი სტანისლავ ანდრეიჩუკი ირწმუნება:

„ჯგუფი ИМА – პოლიტტექნოლოგიების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა, რომელიც ძირითადად ხელისუფლებასთან მუშაობს და მილიარდობით რუბლის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტებს იღებს. ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს ფაქტები, როდესაც საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე საბიუჯეტო სახსრები იხარჯება, რაც დაუშვებელია. ჯგუფ ИМА-ს შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი ეჭვები გვაქვს იმის თაობაზე, რომ სახელისუფლებო კანდიდატებისთვის გაწეული მათი წინასაარჩევნო მომსახურება ხშირად გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ფინანსდება“. 

ვითომ კონკურენტები

ჯგუფი ИМА-ს მიერ სახელმწიფო კონკურსებში გამარჯვების მოპოვება დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის ეჭვს იწვევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტენდერების უმრავლესობაში ერთი და იგივე კომპანიები მონაწილეობენ, თანაც მათ შორის ზოგიერთი ჰოლდინგთან მჭიდრო კავშირშია.

მაგალითად, კომპანია „ახალი მედიების სკოლა“ რეგულარულად ეჯიბრება სხვადასხვა კონკურსში გნატიუკების ჰოლდინგს და რეგულარულად მარცხდება მასთან. როგორც გაირკვა, „ახალი მედიების სკოლების“ გენერალური დირექტორი ქსენია ილინა ამავდროულად „ИМА-კონსალტინგ“-ის გენერალური დირექტორის მრჩეველიცაა.

ესპანეთის ნაკრებთან მოგების შემდეგ რუსულმა მედიამ „კოკოშნიკებიანი“ გულშემატკივრებს რუსეთის ნაკრების ახალი თილისმა უწოდეს. თუმცა, სახელმწიფო მედია დმიტრი გნატიუკის მუშაობის თავისებურებებს არ ახსენებს.

მემები

მემებმა ამ ფოტოს თემაზე ინტერნეტში ფურორი გამოიწვია. ვაქვეყნებთ რამდენიმე ყველაზე სასაცილოს.


ასევე წაიკითხეთ