თბილისში ლგბტ აქტივისტები აღლუმისთვის ემზადებიან. ნეონაცისტები კი, მის ჩასაშლელად
18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეულის გამართვას იგეგმება. ღონისძიების ინიციატორია ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი”.
მზადება უკვე დაიწყო, ცნობილია მიახლოებითი პროგრამაც.
თუმცა, ამ ინფორმაციამ უკვე გამოიწვია საქართველოში ვნებათაღელვა. გამოცოცხლდნენ ულტრამემარჯვენეები, რომლებმაც პირობა დადეს, რომ თბილისში გეი აღლუმს არავის ჩაატარებინებენ.
______________
“ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, რადგან ასე ცხოვრება გაუსაძლისია”
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, “თბილისი პრაიდი” 18 ივნისს დაიწყება და 23 ივნისამდე გასტანს.
ამ დღეებში დაგეგმილია ოთხი ღონისძიება: 1) სოციალური თეატრი, რომელიც ფრანც კაფკას მეტამორფოზას წარმოადგენს; 2) საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საქართველოში ლგბტ თემის მდგომარეობაზე ისაუბრებენ და ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკას მიმოიხილავენ; 3) მესამე ღონისძიება არის “ღირსების მარში”, რომელიც 23 ივნისს ჩატარდება და მისი ფორმა “არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება” – ნათქვამია განცხადებაში; 4) კვირეულს დაასრულებს დახურული პრაიდ-ფართი.
ღონისძიების ორგანიზატორი, ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი ამბობს, ორგანიზაციაში კარგად ესმით ის რისკები, რომლებიც ამ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს:
“ჩვენი ღონისძიება მშვიდობისკენ და თანასწორობისკენ არის მოწოდებული. ეს არ არის ვინმეს პროვოკაციის წამოგების ან საზოგადოების გაღიზიანების მცდელობა” – ამბობს ის.
ორგანიზაცია “პრაიდ თბილისი”უსაფრთხოებაზე მთელს პასუხისმგებლობას სამართალდამცავებს და სახელმწიფოს აკისრებს:
“უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო, შს სამინისტრო და სხვა შესაბამისი ორგანოები. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ. ჩვენ ჩვენი მხრივ უბრალოდ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იყოს ორგანიზებული, ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებებსა და პროცესებზე”, – ამბობს გიორგი თაბაგარი “ტაბულასთან” საუბარში.
ფეისბუკზე უკვე შეიქმნა სპეციალური გვერდი სახელწოდებით “თბილისი პრაიდი”.
ამ გვერდზე ვკითხულობთ:
“ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები.
ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებშიც, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ!”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები არიან “მშვიდობიანი” ადამიანები, რომლებიც “აღარ აპირებენ დამალვას, რადგან ასე ცხოვრება გაუსაძლისია”.
ულრტანაციონალისტების პასუხი: ” არ დავუშვებთ გარყვნილების პროპაგანდას”
ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გააქტიურდნენ ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ, რომ “არ დაუშვებენ გეი მარშის ჩატარებას საქართველოში”.
• “ქართული მარში”: მიგრანტების წინააღმდეგ და საგარეო “ნეიტრალიტეტის” მხარდასაჭერად
• თბილისში ე.წ. ქართული მარში ჩატარდა. ფოტორეპორტაჟი
” ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, არაერთხელ გავაფრთხილეთ “სოროსის ფონდი”, არაერთხელ გავაფრთხილეთ “გეი ორგანიზაციები”, რომ ნუ აწყობენ პროვოკაციებს და ნუ ცდილობენ გარყვნილების პროპაგანდას და საქართველოს მოსახლეობას თავს ნუ მოახვევენ თავიანთ გარყვნილ იდეებსა და იდეალებს,” – აღნიშნავს ბრეგაძე ვიდეოჩანაწერში, რომელსაც საკუთარ ფეისბუკზე აქვეყნებს.
ბრეგაძე, რომელიც 2014-2016 წლებში საქართველოს მთავრობის წევრი იყო [ის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა], პოლიციას და შს მინისტრსაც ემუქრება.
მისი თქმით იმ შემთხვევაში თუ პოლიცია გეი აღლუმის მონაწილეებს დაიცავს, მარშის წევრები მათაც გაუსწორდებიან, როგორც მოღალატეებს:
“ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის.”
შინაგან საქმეთა სამინისტროში “რადიო თავისუფლებას” უთხრეს, რომ პრაიდის ორგანიზატორებს მათთვის ოფიციალური წერილით არ მიუმართავთ, სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ განცხადებაზე კი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
17 მაისის გამოცდილება
საქართველოში ნებისმიერი მცდელობას ლგბტ თემის მიერ ქუჩის აქციის ჩატარების აუცილებლად თან ახლავს ულტრანაციონალისტების და ასევე ეკლესიის მიერ მართული ე. წ. კონტრაქციები.
ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) სპეციალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ რა გზა გამოიარა საქარველოში ანტი-გეი გამოსვლებმა და როგორ სარგებლობენ ამ თემით დაინტერესებული აქტორები – სახელმწიფო, ეკლესია და ექსტრემისტული ჯგუფები.
მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილი მიდის დასკვნამდე, რომ ანტი-გეი აღლუმები საქართველოში უფრო ხშირად ტარდება, ცრუ ინფორმაციაზე გამოხმაურებით, ვიდრე ლგბტ თემის გამოსვლები.
ყველაზე მსხვილი დაპირისპირება ანტი-გეი ჯგუფებსა და ლგბტ აქტივისტებს შორის 2013 წლის 17 მაისს მოხდა.
• 17 მაისი თბილისში – ჰომოფობიასთან ბრძოლა, ოჯახის სიწმინდის დღე და ძალადობა ანტიჰომოფობიურ აქციაზე
• ქართველი ულტრანაციონალისტები 17 მაისის ჩაშლით იმუქრებიან
ამ დღეს თბილისის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა პლაკატებითა და ბუშტებით, რათა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთშორისო დღე აღენიშნათ.
თუმცა, ძალიან მალე აქციის მონაწილეებთან მართლმადიდებელი აქტივისტები, მღვდლები და ნეონაცისტები მივიდნენ, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიიდან განდევნეს.
ერთ-ერთი მღვდელი აქტივისტებს ტაბურეტკით მოსდევდა.
პოლიციამ ლგბტ აქტივისტები ავტობუსებში გადაანაწილა, რათა აგრესიულად განწყობილი მრევლისგან დაეცვა. თუმცა, ნეონაცისტებმა ავტობუსებსაც ქვები დაუშინეს. ამ დღეს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ერთი წლის თავზე – 2014 წლის მაისის დასაწყისში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე იმართება ღონისძიება ჯვრებითა და მართლმადიდებელი მორწმუნეების მონაწილეობით.