ქართველი ულტრანაციონალისტები 17 მაისის ჩაშლით იმუქრებიან
ქართველმა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებმა “ქართულმა მარშმა” და “ქართულმა იდეამ განაცხადეს, რომ ისინი თბილისში აქციებს 17 მაისამდე ჩაატარებენ, რათა ხელი შეუშალონ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას თბილისში, რომელსაც უფლებადამცველები და ლიბერალურად განწყობილი საზოგადოება გეგმავს.
ულტრანაციონალურმა ძალებმა თავიანთი აქცია პარლამენტის შენობასთან 14 მაისს გამართეს. აქციაში მონაწილეობდა რამდენიმე ათასი მომხრე ულტრანაციონალური და ნეონაციონალური ორგანიზაციებიდან, ასევე მათ შეუერთდა ორი პოლიტიკური პარტია, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი”.
აქციის მონაწილეებს მთავრობასთან შემდეგი მოთხოვნები აქვთ:
• ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება [კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო ევროსტრუქტურების მოთხოვნის შედეგად, გულისხმობს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს გენდერის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური ან სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციისას – ჯემნიუსი]
• ბრძოლის გაძლიერება ნარკოპროპაგანდის წინააღმდეგ
• ტრადიციების დაცვა
ნეონაცისტური ძალები ასევე ითხოვენ “ქართული მარშის” 5 წევრის გათავისუფლებასაც, რომლებიც პოლიციამ რუსთავი 2-თნ გამართული აქციისას დააკავა. მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსთავი 2-ის ოპერატორის ცემისა და მანქანის დაზიანების გამო დაეკისრათ.
ულტრანაციონალისტების აქცია პასუხია ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად გამართულ ახალგაზრდულ პროტესტზე, რომელიც პარლამენტთან ორი დღის (12,13 მაისს) განმავლობაში მიმდინარეობდა ლოზუნგით “ჩვენი თავისუფლებისთვის”. პროტესტის მიზეზი გახდა თბილისის ღამის კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ – ჩატარებულ სპეცოპერაციისას რამდენიმე ათეული ახალგაზრდა სცემა და დააკავა პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების ბრალდებით. ამის შემდეგ ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო ქალაქის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციებში, ისინი ითხოვდნენ პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე – სპეცოპერაციისას ახალგაზრდების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე დამნაშავეების დასჯას.
აქცია დაიშალა მას შემდეგ, რაც 13 მაისს, გვიან საღამოს, ახალგაზრდებმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღეს დაპირება შემდგომი მოლაპარაკებების შესახებ. მინისტრმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ დაიწყება განხილვა საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ, ასევე დაჰპირდა სპეცოპერაციის დეტალების შესწავლად და დამნაშავეების დასჯას.
ნეონაცისტურმა ჯგუფებმა აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებს ნარკოპროპაგანდისტები უწოდეს, მივიდნენ მათ აქციასთან და სურდათ ფიზიკურად გასწორებოდნენ აქციის მონაწილეებს. თუმცა პოლიციის კორდონმა ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მისცა და აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიებიდან ავტობუსერბით გაიყვანა.
ნეონაცისტური ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება “ლიბერალების ტყვეობაშია” და მათი აქციაში ჩართვა სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაცაა.
“აქ პრადვინუტების ადგილი არ არის”, “დღეს პროგრესულობა სირცხვილია” – ეწერა მათ ლოზუნგებზე. “გაუმარჯოს საქართველოს” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, საქართველოში დღეს “ნარკორეალიზატორებისა და ლგბტ თემის პროპაგანდა” ხდება, რასაც ახალგაზრდებზე ცუდი გავლენა აქვს.
განსაკუთრებულ საკითხად რჩება ულტრანაციონალების მხარდამჭერებისთვის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში 17 მაისს აღინიშნება. ამ დღის შესახებ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს. წინაისტორია ასეთია:
17 მაისს 2013 წელს თბილისის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა პლაკატებითა და ბუშტებით, რათა საზოგადოებისათვის მოეწოდებინა ტოლერანტობისაკენ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ. მორწმუნეებმა და მართლმადიდებელმა აქტივისტებმა კი საწინააღმდეგო აქცია დაგეგმეს. ასობით ადამიანი გაემართა ჰომოფობიასთან ბრძოლის აქციაში მონაწილეებისაკენ. ისინი პოლიციამ აგრესიულად განწყობილი მორწმუნეებისგან დაიცვა და ავტობუსებით გაიყვანეს ტერიტორიიდან. თუმცა ნეონაცისტურად განწყობილმა პირებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს.
2014 წლის მაისის დასაწყისში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე იმართება ღონისძიება ჯვრებითა და მართლმადიდებელი მორწმუნეების მონაწილეობით. მათ კი, ვინც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, პოლიცია იცავს
• 2013 წლის 17 მაისს დაზარალებულებს შსს კომპენსაციას გადაუხდის
“ჩვენ მოვითხოვთ, რომ წელს 17 მაისს აღინიშნოს, მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე, როგორც ეს დაადგინა პატრიარქმა. გეიპარადები არ იქნება”, – განაცხადა “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.