მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ანტიჰომოფობიურ აქციაზე ერთერთ გამომსვლელს თავს დაესხნენ" />

17 მაისი თბილისში – ჰომოფობიასთან ბრძოლა, ოჯახის სიწმინდის დღე და ძალადობა ანტიჰომოფობიურ აქციაზე

მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ანტიჰომოფობიურ აქციაზე ერთერთ გამომსვლელს თავს დაესხნენ

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღემ საქართველოში დაძაბულობის ფონზე ჩაიარა. ერთი მხრივ, საპატრიარქო, მისი მრევლი, ნეონაცისტური და ულტრანაციონალისტური ჯგუფები, რამდენიმე ათასი ადამიანი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდნენ. მეორე მხრივ, კი ლგბტ აქტივისტებმა ჯერ გააუქმეს დაგეგმილი აქცია “გავიაზროთ 17 მაისი”, თუმცა მოგვიანებით მცირე პარტიზანულმა ჯგუფებმა და ინდივიდებმა მაინც მოახერხეს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა ალტერნატიული აქციით.

ამ ორ მსვლელობას ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ჰქონდა. საპატრიარქოს მსვლელობის მონაწილეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ თბილისის ქუჩებში, ლგბტ აქტივისტების მთავარ აქციას კი პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა, აქციის მონაწილეთა ნაწილი შეკრების ადგილზე სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მიდიოდა. უსაფრთხოების მიზნით შეჩერებული იყო მეტროსადგურ “თავისუფლების” მუშაობაც.

პოლიციელები იცავენ მთავრობის კანცელარიისკენ მიმავალ კიბეებს მეტრო “თავისუფლებასთან”

მიუხედავად დაცვის გაძლიერებული ზომებისა ანტიჰომოფობიურ აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი მაინც გახდა ძალადობის მსხვერპლი. მას იქ მყოფმა პირმა სახეში გაარტყა და გაიქცა. თავდამსხმელი პოლიციელებმა დააკავეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის არასრულწლოვანია და 15 წლისაა.

აქცია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ

“არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას და ფაშიზმს” – ამ ლოზუნგის ქვეშ ალტერნატიული აქცია საღამოს 7 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა, რომლის ყველა შესასვლელიც პოლიციას ჰქონდა ჩაკეტილი და ტერიტორიაზე მხოლოდ აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს უშვებდა.

მანამდე კი ლგბტ აქტისივტთა მცირე ჯგუფებმა ე.წ. პარტიზანული აქციები გამართეს ჯანდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, ასევე -ვაკის პარკთან და 112-ის შენობასთან.

მათ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს და უწყებებს კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდეს:

• საქართველოში არ არსებობს შესაბამისი სამედიცინო სერვისები, რაც ტრანსგენდერ და ინტერსექს ადამიანებს მათთვის სახიფათო პროცედურებისაგან დაიცავს.

• საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ვერ აღწევენ ყველაზე მნიშვნელოვანს, აღიარებას.

ლგბტ პირები ჰომოფობიური პოლიტიკის და საპოლიციო რეჟიმის მსხვერპლი არიან. ისინი მოუწოდებენ შს სამინისტროს გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე. აქტივისტების თქმით, პოლიციელები თავად ახალისებენ ჰომოფობიას.

აქციის წევრები, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომ უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პარლამენტს გადააყენონ სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

• განათლების სამინისტროს კი მოუწოდეს, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, ჰომოფობიური ბულინგის გარეშე.

“როგორი სკოლა გვინდა?! სკოლა, სადაც ყველასთვის უსაფრთხო გარემო იქნება. სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის, იდენტობის, გარეგნობის, მრწამსის მქონე ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს. სადაც ბავშვებს, რომლებსაც უფროსების მხარდაჭერა სჭირდებათ ეს უფროსები გაუგებენ და მიიღებენ. დაგეგმავენ ჰომოფობიურ ბულინგთან გამკლავების სტრატეგიას. შეწყდება ჰომოფობიური ბულინგი და მოხდება ამ პრობლემის პრიორიტეტად გამოცხადება,” – აღნიშნულია ლგბტ აქტივისტების მიმართვაში.

საპატრიარქომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს დაუპირისპირა

თბილისში დილიდან დაიწყო საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული მსვლელობა ვარდების მოედნიდან სამების ეკლესიის მიმართულებით, პარალელურად კი რამდენიმე ეკლესიაში საყოველთაო ჯვრისწერა ჩატარდა. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში რამდენიმე ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. ისინი ჯვრებითა და ხატებით გადაადგილდებოდნენ და ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ.

აქციაზე იყვნენ ისეთებიც, ვინც ლგბტ თემის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე საუბრობდა. მშვიდობიანი მსვლელობის დასრულების შემდეგ მისი მონაწილეების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. აქ იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც.

ერთ-ერთმა მათგანმა დეკანოზმა ელიზბარმა თავის მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ ეს [რუსთაველის] ქუჩა დღეს მართლმადიდებლებს უკავიათ და ვერავინ “ვერც გეი და ვერც პეტრე” ვერ ჩაატარებს აქ ვერაფერს. მისი თქმით, დღეს მართლმადიდებლების ზეიმია.

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ნეონაცისტური ჯგუფის “ქართული იდეის” ლიდერი გია კორკოტაშვილი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა „თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.

ქართული მედიის ინფორმაციით ეს პირები შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. გვიან ღამემდე ნაციონალისტები დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულები პოლიციამ გაათავისუფლა.

ლგბტ თემმა მასშტაბური აქციის გაუქმების შესახებ განცხადება 16 მაისს გაავრცელა

16 მაისს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ ჩაეტარებინათ მათ მიერ დაგეგმილი მასშტაბური აქცია “გავიაზროთ 17 მაისი”. მათი განცხადებით, იყო დაპირისპირების საფრთხე ნეონაცისტურ და ულტრანაციონალისტურ ჯგუფებთან, რომლებიც ანტიჰომოფობიური აქციის ჩაშლით იმუქრებოდნენ და პროცესების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ.

ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების გაძლიერება სახელმწიფოს გულგრილი და უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია და მას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს. ამ ჯგუფების აქტიურობას ანტიჰომოფობიური აქციის ორგანიზატორები საქართველოს საპატრიარქოს და რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდებენ.

მას შემდეგ, რაც ლგბტ აქტივისტების განცხადება გავრცელდა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციის გაუქმების შესახებ, დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე გააუქმა ნეონაცისტურმა ჯგუფმა “ქართულმა მარშმაც”. მათ მიზეზად ლგბტ აქტივისტების გადაწყვეტილება დაასახელეს.

როგორ აღინიშნებოდა 17 მაისი საქართველოში

მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის შესახებ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს. წინაისტორია ასეთია:

2012 წელს ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის გასაპროტესტებლად გამოსულ აქტივისტებსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირთან გზა გადაუღობეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ვახტანგ გორგასლის კავშირის წევრებმა. პროტესტს ზოგიერთი გამვლელი მოქალაქეც შეუერთდა და აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დააკავეს რამდენიმე ლგბტ აქტივისტი

2013 წელს თბილისის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა პლაკატებითა და ბუშტებით, რათა საზოგადოებისათვის მოეწოდებინა ტოლერანტობისაკენ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ. მორწმუნეებმა და მართლმადიდებელმა აქტივისტებმა კი საწინააღმდეგო აქცია დაგეგმეს. ასობით ადამიანი გაემართა ჰომოფობიასთან ბრძოლის აქციაში მონაწილეებისაკენ. ისინი პოლიციამ აგრესიულად განწყობილი მორწმუნეებისგან დაიცვა და ავტობუსებით გაიყვანეს ტერიტორიიდან. თუმცა ნეონაცისტურად განწყობილმა პირებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს.

2014 წლის მაისის დასაწყისში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე იმართება ღონისძიება ჯვრებითა და მართლმადიდებელი მორწმუნეების მონაწილეობით.

მათ კი, ვინც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავდა, პოლიცია იცავდა. ლგბტ აქტივისტებმა პუშკინის სკვერში აქცია-ინსტალაცია “უხილავების პროტესტი” მოაწყვეს. მათ ფეხსაცმელები დააწყვეს იმ ადამიანების ნაცვლად, ვისაც ერთი წლის წინ 17 მაისს ეყო გამბედაობა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე აღენიშნა.

2015 წელს ჰომოფობია და ტრანსფობია აქტივისტების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა. უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე ლოკაციაზე ყველა შესასვლელი გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე ავტობუსი. მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად შეკრებაზე დამსწრეებს წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაევლოთ.

2016 წელს თბილისის ცენტრში, იქ სადაც “მსოფლიო ოჯახის კონგრესი” იმართებოდა, ლგბტ აქტივისტებმა ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს. რამდენიმე წუთში მათ პოლიციამ სკამი ააღებინა, აქციის მონაწილის სახელზე კი გამაფრთხილებელი ოქმი გამოწერეს. ცოტა ხანში იმავე ადგილზე სასულიერო პირები ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ, ხატებით მსვლელობა მოაწყვეს და რუსთაველის გამზირის გავლით სამებისკენ გაემართნენ.

2017 წელს კი ლგბტ აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიასთან მხოლოდ ერთი საათით შეძლეს აქციის გამართვა. მაშინ წინასწარ დარეგისტრირებული დემონსტრანტები ორ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ. ისინი პოლიციის ავტომობილების თანხლებით, სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით მიიყვანეს შემოვლითი გზებით მიიყვანეს მთავრობის კანცელარიასთან.

მათგან რამდენიმე მეტრში, რუსთაველის გამზირზე კი, სასულიერო პირები ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღეს აღნიშნავდნენ.

2018 წელს ნეონაცისტურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ 17 მაისს ჰოიმოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ წელს 17 მაისს აღინიშნოს, მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე, როგორც ეს დაადგინა პატრიარქმა. გეიპარადები არ იქნება”, – განაცხადა “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.


ასევე წაიკითხეთ