საქართველოს ეკლესიის სინოდმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა კვლავ გადადო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ ჩქარობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას.
27 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილებოდა, საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
სხდომიდან გამოსული სასულიერო პირების მოკლე კომენტარებით ცხადი ხდება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სინოდში აზრთა სხვადასხვაობაა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ უკრაინის საკითხს სინოდი იანვარში მიუბრუნდება, მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ოფიციალურად გადასცემს.
სიგელის გადაცემა 2019 წლის 6 იანვარსაა დაგეგმილი.
მომხრეების და მოწინააღმდეგეების პოზიციები
მეუფე პეტრეს, რომელიც თავად უკრაინის ავტოკეფალიის მომხრეა, ამბობს, სხდომაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მისი თქმით, “ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნებს”- აღნიშნა მეუფე პეტრემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში 46 მღვდელმთავარია. მათი ნაწილი ღიად უჭერს მხარს უკრაინის ავტოკეფალიას.
• უკრაინის ბრძოლა ავტოკეფალიისთვის და საქართველოს პოზიცია
• ახალი საეკლესიო განხეთქილება: ვინ და რატომ არ წავიდა კრეტაზე?
უკრაინის ავტოკეფალიის მხარდამჭერთა შორის არიან: ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.
მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ თავის ფეისბუკზე დაწერა:
“შეუძლებელია არ ხარობდეს შენი გული მილიონობით ადამიანთან ერთად, რომელებიც მოუთმენლად ელოდებიან 6 იანვრის დადგომას, როდესაც საზეიმო ვითარებაში მსოფლიო პატრიარქი-ბართლომეოსი, ახლად არჩეულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს, გადასცემს “ტომოსს” ავტოკეფალიის აღიარებას.”
თუმცა, სინოდში ბევრია ისეთი ეპისკოპოსიც, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს.
მაგალითად, მიტროპოლიტი ანანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესია ისე უნდა მოიქცეს, როგორც მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტს:
“ჯერ დედა ეკლესიამ უნდა ცნოს აუცილებლად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ამ შემთხვევაში დედა ეკლესია არის რუსული ეკლესია. თუ რუსული ეკლესია ცნობს, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ცნობს ყველა ეკლესია,” – ამბობს ის.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსულ ორბიტაზეა მოქცეული”
ჟურნალ “ტაბულას” რელიგიური მიმომხილველი ლევან სუთიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქო მაქსიმალურად შეეცდება დრო გაწელოს.
სუთიძე ფიქრობს, რომ წმინდა სინოდი საბოლოო გადაწყვეტილებას არც იანვარში მიიღებს და მას საგაზაფხულო სხდომისთვის გადადებს.
მისი აზრით, საქართველოს ეკლესია უკრაინის საკითხის საერთო-მართლმადიდებლურ კრებაზე გატანას მოითხოვს, რადგან სწორედ ამას ითხოვს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
• ყველაზე გავლენიანი და დახურული ინსტიტუტი განხეთქილების პირასაა. რას ვერ იყოფენ სასულიერო პირები?
• საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსულ ორბიტაზეა მოქცეული და სინოდმა ეს არაერთხელ დაამტკიცა.
არ აქვს მნიშვნელობა, სინოდის რამდენი წევრი უჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მთავარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პოზიციაა.მისი ნების წინააღმდეგ სინოდის ვერცერთი წევრი რომ ვერ წავა.”
სუთიძის აზრით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია არც დამოუკიდებელი საშინაო და არც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა:
“ამას ახლა, უკრაინის საკითხის განხილვის დროსაც ვხედავთ და ეს კარგად ვნახეთ კრეტის კრების შემთხვევაშიც: 2016 წელს სინოდმა ჯერ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება კუნძულ კრეტაზე წმიდა კრებაში მონაწილეობაზე, მაგრა მას შემდეგ, რაც საქმეში კათოლიკოს-პატრიარქი ჩაერია, ასევე ერთსულოვანი უარი თქვა” .
სუთიძე ამბობს, რომ საქართველოს ადრე თუ გვიან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება მაინც მოუწევს, რადგან კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაზე ქართული ეკლესია არ წავა:
“თუმცა, სჯობს, ეკლესიამ ეს ღირსეულად გააკეთოს. უკრაინის საკითხის ასეთი გაჯანჯლება ძალიან დიდი სირცხვილია, მით უმეტეს მაშინ, როცა სინოდის წევრებმაც ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინის ეკლესიას კანონიკურადაც, მორალურადაც და პოლიტიკურადაცა ავტოკეფალია ეკუთვნის.საქართველოს ეკლესიას აღარ ახსოვს, რომ რუსეთის იმპერიას ისიც დამონებული ჰყავდა?!”.
ის მანიპულაციას უწოდებს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა იმ მოსაზრებას, რომ თუ ქართული ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, რუსეთი საპასუხოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს:
“რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეკლესიის ავტოკეფალია რომც აღიაროს, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან წლებია უკვე ქართველი მღვდელმსახურები ვერც აფხაზეთში და ვერც ცხინვალში ვეღარ ჩადიან”.
ნოემბრის ბოლოს კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის (ბრძანების) ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.
11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.