უკრაინის ბრძოლა ავტოკეფალიისთვის და საქართველოს პოზიცია
“უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება” – წერია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც 8 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელდა.
განცხადებაში წერია, რომ საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამ თემაზე გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია სპეკულაციაა.
საქართველოს საპატრიარქო საბოლოო პოზიციის დასაფიქსირებლად კონსტანტინოპოლის და მოსკოვის საპატრიარქოების გადაწყვეტილებას ელის:
“ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მედიაში “პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით და ორივე მხარე ცდილობს, ჩვენი ნათქვამი სათავისოდ წარმოაჩინოს”.
საპატრიარქო განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში უკრაინის რადას თავმჯდომარის ანდრეი პორუბის ვიზიტის შემდეგ უკრაინულ მედიაში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიას.
“შეხვედრაზე სტუმარმა [ანდრეი პარუბიმ] განაცხადა, რომ ისინი ესწრაფვიან უკრაინის ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას…თუ ეს განხორციელდა, ბუნებრივია, მისასალმებელი მოვლენა იქნება, მაგრამ, ჩვენის მხრიდან აღინიშნა, ეს ადვილად მისაღწევი ამ ეტაპისთვის არ ჩანს; ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება მოსახლეობაში და არ განვითარდეს კიდევ უფრო რთული პროცესები,” – აღნიშნულია წერილში უკრაინის რადას თავმჯდომარესთან საუბრის დეტალები.
უკრაინის რადას (პარლამენტის) სპიკერი საქართველოში 5 ოქტომბერს სუამ-ის წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ღონისძიებაზე დასასწრებად იყო ჩამოსული. კიევში დაბრუნების შემდეგ, სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და იგი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას:
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქო საბოლოო პოზიციის გამოკვეთას არ ჩქარობს, კიევის პატრიარქი ქართული მხარის მხარდაჭერას ელის.
როგორც მან რ2–თან საუბრისას აღნიშნა, საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიის მიმართულებით საერთო გამოცდილებას იზიარებენ.
„მათ უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად. რუსეთი თავს დაესხა საქართველოსაც და უკრაინასაც. ჩვენ თანაბრად დავზარალდით და ერთად უნდა ვილოცოთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ამ ლოცვაში შემოგვიერთდება“, – ამბობს ფილარეტი.
____
რას ამბობენ ქართველი სასულიერო პირები და თეოლოგები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის რამდენიმე წევრმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირადი პოზიცია გამოხატა.
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ იგი მხარს უჭერს რუსეთის ეკლესიისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას:
“უკრაინა დიდი ქვეყანაა. თავისთავად ცხადია, რომ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია. ეს პირადად ჩემი აზრია“ – განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, საკითხს მსოფლიო საპატრიარქო და რუსეთის საპატრიარქო გადაწყვეტენ. მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დომინოს პრინციპით გაგრძელდეს, რაც რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება.
განსხვავებული პოზიცია აქვს სინოდის კიდევ ერთ წევრს – მიტროპოლიტ ანანიას. ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი რუსეთის ეკლესიის გადასაწყვეტია და საქართველოს ეკლესიაც ისე უნდა მოიქცეს, როგორც მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტს:
“ჯერ დედა ეკლესიამ უნდა ცნოს აუცილებლად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ამ შემთხვევაში დედა ეკლესია არის რუსული ეკლესია. თუ რუსული ეკლესია ცნობს, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ცნობს ყველა ეკლესია,” – აღნიშნა მიტროპოლიტმა “პირველ არხთან” საუბარში.
ქართველი თეოლოგები ფიქრობენ, საქართველოს საპატრიარქო მაქსიმალურად შეეცდება დრო გაწელოს.
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ “საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არის ფარისევლური და ანტიმართლმადიდებლური” და ამავე დროს “ღვთის წინაშე დიდი ცოდვა”. მინდიაშვილი ამის ორ მთავარ მიზეზს ასახელებს.
პირველია ისტორიული მიზეზი: საქართველოს ეკლესიაც დაახლოებით, ისევე იყო მიტაცებული და გაუქმებული რუსეთის იმპერიის მიერ, როგორც დღეს უკრაინის ეკლესიაა. მინდიაშვილის აზრით, რუსეთის ეკლესიის ინტერესი უკრაინაში არის არა რელიგიური, არამედ მხოლოდ იმპერიული და გეოპოლიტიკური – მას სურს ჰქონდეს ძლიერი პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ინსტრუმენტი უკრაინაში.
“საქართველოს ეკლესიას აღარ ახსოვს, რომ ისიც, ანალოგიურად, დამონებული ჰყავდა რუსეთის იმპერიას ჯერ საეკლესიო კანტორის და შემდეგ კაგებეს მეშვეობით. საპატრიარქო ღალატობს სახარებისეულ პრინციპს: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, მოგექცნენ”, – ამბობს თეოლოგი JAMnews-თან საუბარში.
მეორე მიზეზი: “საქართველოს საპატრიარქო ურცხვად იტყუება, რომ თითქოს კონსტანტინოპოლის პოზიციის ანუ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით დაპირისპრებას შეეწყობა ხელი უკრაინაში”, ამბობს მინდიაშვილი.
“უკრაინა სწორედ მოსკოვის პოლიტიკური აგრესიის გამო, უკვე ისედაც დაპირისპირებულია რელიგიური ნიშნით… მართლმადიდებლური ერთობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა კი რუსული გეოპოლიტიკური გავლენისგან თავდახსნა და უკრაინის რელიგიური ერთობის, ავტოკეფალურობის აღიარებაა და არა – პირიქით, როგორც ამას საპატრიარქო წარმოაჩენს”, – აღნიშნავს მინდიაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იგი ძლიერ რუსულ გავლენას განიცდის.
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის აზრითაც, მართალია ქართული მხარე დღეს სხვა ეკლესიების მსგავსად, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას ელის, თუმცა “მისი პოზიციები უფრო პრომოსკოვურია”.
მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების საკითხიც განსაზღვრავს.
მირიან გამრეკელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში არ გამორიცხავს, რომ თუკი ქართული ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, რუსეთმა საპასუხოდ შეიძლება აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს. თუმცა, გამრეკელაშვილი ფიქრობს, რომ ეს თვითნებური პროცედურა იქნება, „საერთაშორისო აღიარებისა და ლეგიტიმაციის გარეშე“.
ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია უბრალოდ მანიპულირებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების თემით და “ამით ამართლებს თავის პრორუსულ ორიენტაციას”.
მინდიაშვილის აზრით, რუსეთმა აფხაზეთის ეკლესია რომც აღიაროს, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან აფხაზეთის რელიგიური წრეები დღეს ისედაც მოსკოვს ემორჩილებიან და ქართველი მღვდელმსახურები ვერც აფხაზეთში და ვერც ცხინვალში ვერ ჩადიან.
„სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ისედაც რუსეთის ეკლესია და სპეცსამსახურები განკარგავენ ეკლესიის ცხოვრებას. [რუსეთის მხრიდან] ეს იქნება უკიდურესად ფორმალური აღიარება, რომელსაც სხვები არ გაიზიარებენ. ასევე, ეს იქნება კონტრპროდუქტიული რუსეთისათვის, რადგან მწვანე შუქს აუნთებს კიდევ უამრავი სხვა ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების პროცესს“, – განუცხადა თეოლოგმა.
_______
რუსეთის და უკრაინის დაპირისპირება ეკლესიის გარშემო. მოკლე ისტორია
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ მზადაა გაწყვიტოს კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიას, ანუ დამოუკიდებლობას მიანიჭებს.
ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს გავლენიანმა წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) მას შემდეგ განაცხადა. ეს რადიკალური განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც კონსტანტინოპოლმა სექტემბრის დასაწყისში უკრაინაში თვისი ექზარქოსები გააგზავნა, რომლებმაც უკრაინის ეკლესია დამოუკიდებლობისთვის უნდა შეამზადონ.
მოსკოვმა ამ ნაბიჯს ვერაგული უწოდა. კიევში კი, აცხადებენ, რომ რაკი მოვლენები ასე სწრაფად ვითარდება, უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია, შესაძლოა, უკვე ოქტომბერშივე მიიღოს.
14 სექტემბერს რუსეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ კონსტანტინოპოლის იერარქებთან ღვთისმსახურებას წყვეტს, ასევე გადაწყდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს რუსულ ეკლესიებში ლოცვებში აღარ მოიხსენიებენ.
სამაგიეროდ, გამოიცა ბრძანება, რომ ყველა ეკლესიაში უნდა აღევლინოს ლოცვა “უკრაინის განხეთქილების დაძლევასთან” დაკავშირებით.
დღეს უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის სამი შტო მოქმედებს. აქედან მხოლოდ ერთ და ყველაზე დიდ შტოს – მოსკოვის პატრიარქატის უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას – აღიარებს დანარჩენი მართლმადიდებელი სამყარო. უკრაინის ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატი დამოუკიდებელი სტრუქტურა არ არის, იგი რუსეთის საპატრიარქოს ემორჩილება. დანარჩენ ორ მართლმადიდებლურ განშტოებას – 1) კიევის საპატრიარქოს და 2) უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას რუსეთის საპატრიარქო “რასკოლნიკურ დაჯგუფებებად” მოიხსენიებს.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, 2018 წლის აპრილისთვის უკრაინელთა დაახლოებით ორი მესამე აცხადებდა, რომ მართლმადიდებელია. აქედან თითქმის ნახევარი – 43 პროცენტი ამბობს, რომ კიევის საპატრიარქოს მხარდამჭერია, 20 პროცენტი – მოსკოვის საპატრიარქოს ემხრობა და ნახევარი პროცენტი – უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას.
ამასთან, უკრაინელი სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ სულ რაღაც ხუთი წლის წინ განსხვავებული სიტუაცია იყო – უფრო მეტი მხარდამჭერი მოსკოვის საპატრიარქოს ჰყავდა, თუმცა ევრომაიდანმა, ყირიმის ანექსიამ და კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა პოლიტიკამ მორწმუნეთა განწყობაზეც იმოქმედა
2018 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და უკრაინის რადას მიერ მხარდაჭერილმა ორმა უკრაინულმა არაღიარებულმა საპატრიარქომ ოფიციალური წერილი მისწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს და ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა.
ამას მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა.
მოსკოვი უკრაინის ეკლესიას თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს და არ აპირებს მასზე უარის თქმას.
უკრაინის ეკლესიას რუსეთისთვის რამდენიმე მიზეზით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურია – უკრაინის ავტოკეფალია კიდევ უფრო დააშორებს უკრაინას რუსეთის ორბიტას დ მის გავლენას. რუსულ საზოგადოებაში ეს მოსკოვის პოლიტიკის მარცხად აღიქმება, რაც კრემლს, რომლის ბოლოდროინდელი პროპაგანდა მთლიანად უკრაინაში მოპოვებულ “გამარჯვებებზეა” აგებული, ეს არანაირად არ აწყობს.
მეორე – ის დიდძალი ქონებაა, რომელსაც უკრაინის ეკლესიას ფლობს და რომელსაც რუსეთის საპატრიარქო განაგებს. უკრაინაში 12 ათასზე მეტი ეკლესია და სასულიერო დაწესებულება მოქმედებს, რაც რუსეთის ეკლესიის საერთო ქონების ნახევარია.
მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ისტორიული და სიმბოლურია – რუსეთი და რუსული ეკლესია თავისი ისტორიის ათვლას სწორედ კიევის მთავრის, ვლადიმირის მიერ კიევის რუსეთის გაქრისტიანებიდან იწყებს. ამდენად, რუსეთი არ აპირებს ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობა უკრაინის ეკლესიას დაუთმოს.
კონსტანტინოპოლთან ურთიერთობის გაწყვეტის გამოცდილება რუსეთს უკვე აქვს. და ამის მიზეზი ასევე რუსეთის ყოფილი მეტროპოლია იყო, რომლის ხელიდან გაშვება რუსეთს არ უნდოდა. ეს 1996 წელს მოხდა, როდესაც კოსნტანტინოპოლმა ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. მაშინ მოსკოვის და კონსტანტინოპოლის განხეთქილება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. თუმცა, ესტონეთი არ იყო უკრაინა, რომლის მიმართ რუსეთს დღემდე განსაკუთრებული მესაკუთრული გრძნობები და სენტიმენტები შემორჩა.
“ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ეკლესიის წმინდა კანონიკური საზღვრების შეცვლას. კიევი – ეს ოდითგანვე წმინდა რუსეთის სულიერი აკვანია ისევე, როგორც მცხეთა საქართველოსთვის ან კოსოვო სერბეთისთვის,” – თქვა რუსეთის პატრიარქმა კირილმა ჯერ კიდევ 2016 წელს.
“დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შექმნით რუსეთის იმპერიული პროექტი უბრალოდ დასრულდება. თუკი რუსეთის ისტორია არ დაიწყება კიევის რუსეთიდან ან მთავარი ვლადიმირის ზეობიდან, მაშ საიდან უნდა დაიწყოს ის? საიდან უნდა დაიწყოს რუსეთმა საკუთარი ისტორიის ათვლა? ოქროს ურდოდან?” – ამბობს BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის არაღიარებული კიევის საპატრიარქოს წარმომადგენელი ეპისკოპოსი ევსტატი.