შეიარაღებული თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. ვინ დგას თავდასხმის უკან? ვიდეო
შეიარაღებული თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე
27 იანვარს, დილით, ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა ირანში აზერბაიჯანის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ორხან ასკეროვი, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.
„თავდასხმის მოგერიებისას საელჩოს დაცვის ორი თანამშრომელი დაშავდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დანაშაულის გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს და საზოგადოებას მყისიერად მიეწოდება ყველა დამატებითი ინფორმაცია“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ინციდენტის შემდეგ მალევე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ადგილობრივი ეროვნების სომეხი მოქალაქე იყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ვერსია უარყო თეირანის პოლიციის უფროსმა. მისი თქმით, საელჩოში შეიარაღებული შეჭრა ოჯახში მომხდარი ინციდენტის საფუძველზე მოხდა და თავდამსხმელს, იასინ ჰუსეინზადეს პირადი მოტივები ჰქონდა.
დღეს თეირანის პოლიციის უფროსი ჰუსეინ რაჰიმი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
რას ამბობენ აზერბაიჯანში?
ირანში აზერბაიჯანის საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის უკან ირანის სპეცსამსახურები დგანან, წერს აზერბაიჯანული პროსამთავრობო საინფორმაციო საიტი caliber.az.
„პირველ რიგში, ირანული მხარე, რომელიც ცდილობს კვალის დაფარვას და ყურადღების გამფანტველი ინფორმაციული ხმაურის შექმნას. რაღაცებს ხლართავს სავარაუდო „სომხური კვალის“ შესახებ, რაც ამ შემთხვევაში, არის აშკარა სიცრუე და აზერბაიჯანული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
შემდეგი ვერსია, რომელსაც ეყრდნობოდა ირანული პროპაგანდა: სავარაუდოდ, ირანელი იასინ ჰუსეინზადე ორ შვილთან ერთად შეიჭრა „მეუღლის გასათავისუფლებლად“, რომელიც, რატომღაც, საელჩოს ტერიტორიაზე იმალებოდა. ესეც წმინდა წყლის ფიქციაა და ირანის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერაქტის „საყოფაცხოვრებო კონფლიქტად“ წარმოჩენის იაფფასიანი მცდელობა.
უფრო მეტიც, თეირანის პოლიციის უფროსი იტყუება, რომ სავარაუდო დამნაშავე ირანის პოლიციამ დააკავა.
ირანის სპეცსამსახურების ტერორისტული აქტის მიზანი იყო აზერბაიჯანის საელჩოს ყველა – გამონაკლისის გარეშე – შენობაში მყოფი ყველა თანამშრომლის სიკვდილით დასჯა“, – ნათქვამია გამოცემაში.
ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი აზერბაიჯანში სეიდ აბას მუსავი.
„შეხვედრაზე მკაცრად დაგმეს დღევანდელი ტერორისტული აქტი, შეიარაღებული თავდასხმა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე, ირანის ვალდებულებაა უზრუნველყოს დიპლომატიური მისიისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება ვენის კონვენციის შესაბამისად.
გაჟღერდა მოთხოვნა ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის ოპერატიულად დაკავებაზე, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებაზე, დანაშაულის ორგანიზებასა და დანაშაულში მონაწილეს სხვა პირების იდენტიფიცირებასა და დასჯაზე.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბოლო დროს ირანში მიმდინარეობს სისტემატური ანტიაზერბაიჯანული კამპანია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ურთიერთობებს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ირანის ელჩმა სეიდ აბას მუსავმა, მკაცრად დაგმო შეიარაღებული ინციდენტი, გამოხატა ღრმა მწუხარება მომხდარის გამო; ასევე ღრმა მწუხარება გამოთქვა საელჩოს გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახის, აზერბაიჯანის მთავრობისა და ხალხის მიმართ.
ელჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის შესაბამისმა ორგანოებმა ინციდენტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
რეაქცია ქვეყანაში
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მკაცრად დაგმო თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა:
“მტკიცედ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რომელიც დღეს თეირანში, ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელდა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის, ორჰან რიზვან ასკეროვის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, რომელიც საელჩოსა და მისი თანამშრომლების დაცვის უზრუნველყოფის დროს დაიღუპა.
მოვითხოვთ ტერაქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების დასჯას. დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმა დაუშვებელია.”
მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ, პარლამენტის თავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ომბუდსმენმა საბინა ალიევამ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ ტერაქტს ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე.
ირანულ მხარეს, როგორც საელჩოს მასპინძელ ქვეყანას, უნდა შეესრულებინა საელჩოსა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობდა ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციიდან.
ირანში ჩვენს დიპლომატიურ მისიებზე მუქარის მცდელობები ადრეც ყოფილა. სამწუხაროდ, ბოლო სისხლიანი ტერორისტული აქტი მეტყველებს იმაზე, თუ რა სავალალო შედეგებამდე მივყავართ ყურადღების მოდუნებას. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ სწორედ ბოლოდროინდელმა ანტიაზერბაიჯანულმა კამპანიამ ირანში გამოიწვია ეს თავდასხმა ჩვენს დიპლომატიურ მისიაზე.
ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ირანისგან, რომ რაც შეიძლება მალე გამოავლინონ დამნაშავეები და დანაშაულის შემკვეთები – ისინი უმკაცრესად უნდა დასაჯონ. აზერბაიჯანული მხარე გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, რათა მოხდეს დამნაშავეების იდენტიფიცირება და დასჯა. ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული ზომების მიღებას საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაციისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რეაქცია ქვეყნის გარედან
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მყისიერად დაგმეს თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
„ჩვენ ველით, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ტელეგრამის საკუთარ არხზე საელჩოზე თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა და განსაკუთრებით აღნიშნა ერთ-ერთი მცველის გმირობა, რომელმაც თავდამსხმელი დააკავა. „ირანში აზერბაიჯანის საელჩოს მცველი ლომივით იბრძოდა“, – წერს ზახაროვა ვიდეოზე
აზერბაიჯანს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე აშშ-მ, ისრაელმა, საქართველომ და უკრაინამ.
თეირანში საელჩომ მუშაობა შეაჩერა
აზერბაიჯანის მთავრობა თეირანში საელჩოს ევაკუაციას უმოკლეს დროში გეგმავს. ამის შესახებ ტელეარხ TRT Haber-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა.
„ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ თავდასხმას და მოვითხოვთ ირანის მთავრობისგან გადადგან აუცილებელი ნაბიჯები თავდამსხმელის იდენტიფიცირებისთვის. თითოეული სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარ ქვეყანაში საელჩოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. აზერბაიჯანის მთავრობა თეირანში საელჩოს ევაკუაციას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე ტერაქტის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„27 იანვარს, ბაქოს დროით დაახლოებით 8:30 საათზე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების პუნქტი გაარღვია, მოკლა საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ასკეროვი ორხან რიზვან ოღლუ და დაჭრა უსაფრთხოების კიდევ ორი თანამშრომელი. საელჩოს დანარჩენმა თანამშრომლებმა კრიმინალის განიარაღება მოახერხეს.
ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 12.2, 120.2.1, 12.2, 120.2.4, 12.2, 120.2.11, 12.2, 29, 120.2.7, 12.3, 211.2.2.2, 211.2.2.2, 211.2.2. და აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 12.2, 228.2.1. მუხლებით. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.” – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ხუთი თავდასხმა ორ წელიწადში
ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის საელჩოებზე ხუთი თავდასხმა მოხდა – წერს ნატოში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი ჯაფარ ჰუსეინზადე Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
„დღეს ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უშიშროების ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის დიპლომატიურ მისიებზე ხუთი თავდასხმა მოხდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას დიპლომატიურ მისიებზე და მოვუწოდებთ ირანს, დაიცვას ვენის კონვენცია“, – განაცხადა მან.
შემთხვევის მსხვერპლი და გმირი
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე ტერაქტის დროს დაღუპული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ორხან ასკეროვი განჯაში ცნობილი ექიმის, რიზვან ასკეროვის შვილია.
Report-ის ცნობით, რიზვან ასკეროვი მუშაობს განჯის ქალაქის გაერთიანებულ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელად.
გარდაცვლილი დაქორწინებული იყო და ჰყავდა ორი შვილი.
ასევე ცნობილი გახდა საელჩოს მცველის ვინაობა, რომელმაც ტერორისტი შეაჩერა. ის ვასიფ თაგიევია. წარმოშობით შუშელია, დაქორწინებული, ჰყავს სამი შვილი