"ხალხის ძალა" იანვარში არასამთავრობოებისთვის "უცხოური აგენტების" დაფინანსების კანონპროექტს დააინიციირებს
არასამთავრობოების დაფინანსების შეზღუდვის კანონპროექტი
“ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატები, რომლებმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს, იანვარში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ახალ კანონპროექტს დააინიციირებენ. “უცხოური აგენტების” რეესტრში შესვლა მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, ეს იქნება დაფინანსების გამჭვირვალობის დასავლური ანალოგი და მას რუსულ მოდელთან საერთო არაფერი აქვს.
“ქართული ოცნებისგან” გამიჯნული დეპუტატები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას 18 ნოემბერს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებზე არის მიმართული და “საკუთარი აგენტურის დაფინანსება არავინ უნდა “დაგვამადლოს”. ე.წ. გამიჯნულები აპირებენ, რომ NGO-ების დაფინანსების “მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში” მოქცევასთან დაკავშირებით წინადადებები უახლოეს მომავალში მოამზადონ.
დეპუტატები ასევე ეხმაურებიან საქართველოს უკუსვლაზე გაკეთებულ განცხადებას და ამტკიცებენ, რომ “ფსევდოლიბერალების ლექსიკონის” მიხედვით, დემოკრატია აგენტოკრატიას ნიშნავს. მათივე თქმით, “უსამართლო რეზოლუციებით” ევროპარლამენტარები “დემოკრატიული ხელისუფლების” დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ცდილობენ – “ხალხის ძალის” წარმომადგენლები რეზოლუციების ავტორებს “ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლებს” უწოდებენ.
დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. მისივე თქმით, კანონპროექტში ასევე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში:
“ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად.”
როგორც დეპუტატი განმარტავს, შემოღებული იქნება “უცხოური გავლენის აგენტის ცნება” და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ.
“გარდა ამისა, უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს.” – ამბობს მაჭარაშვილი.
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
რას გულისხმობს რუსული კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ
ვლადიმირ პუტინმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ბოლო შესწორებას 2021 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი. სადავო კანონის დარღვევა ჯარიმას აწესებს. ჯარიმას ითვალისწინებს ასევე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციები – მიტინგების დაფინანსება და სამართალდამცავი ორგანოების დაუმორჩილებლობა.
24 თებერვალს, პუტინის მიერ ხელმოწერილი „უცხოელი აგენტების“ კანონი, ფიზიკური პირებისთვის 2 500 რუბლამდე, ორგანიზაციაზე კი 500 000 რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს. „უცხოელი აგენტის“ სახელით ცნობილი კანონი, არ განარჩევს და თანაბრად მოქმედებს, როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე ინდივიდუალურ პირებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც და ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.
კანონი პირველად 2012 წელს, პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებისას მიიღეს და მას შემდეგ, მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა – რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.
კანონი ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დახმარებას უცხოეთიდან იღებენ – რუსეთის მთავრობა კი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა – საკუთარი თავის იდენტიფიცირება „უცხოელ აგენტებად“ მოახდინონ და აუდიტის სამსახურში დარეგისტრირდნენ.
კანონში ბოლოდროინდელი შესწორებების სამიზნე უცხოეთის მიერ დაფინანსებული მედიაა. მათ შორისაა „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი, ასევე სხვა ექვსი რუსულენოვანი ახალი ამბების სამსახური და „Current Time” – „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი მედიაპროექტი. ასევე, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, “უცხოური აგენტების” რიგებს გამოცემა “მედუზა” და “ნოვაია გაზეტა” შეემატნენ.
2020 წლის ბოლოს, კანონში შეტანილი ცვლილებები რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს „უცხოელი აგენტების“ სიაში ინდივიდუალური ჟურნალისტები შეიყვანოს და მათ შეზღუდვები დაუწესოს.
“ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
გამიჯნულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოში აშშ-ს ელჩს ღია წერილითაც მიმართა და მოუწოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად “ნაციონალური მოძრაობის”პროვოკაციებსა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს საჯაროდ გაემიჯნოს, რაზეც ელჩმა მმართველ პარტიას მიმართა კითხვით: რა მოტივი გაქვთ?
22 ივლისს კი სამმა დეპუტატმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისს მიმართა. მათი თქმით, მათ არ უნდათ რომ “ქვეყნები” უხეშად ერეოდნენ “შიდა საქმეებში.” დეპუტატების ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.
მათი ერთ-ერთი ბოლო განცხადება 26 აგვისტოთი თარიღდება, სადაც ე.წ. გამიჯნულები ამბობენ, რომ ხელისუფლების გადასატრიალებლად აშშ-ს საელჩო ყველაფერს იკადრებს.