12 პუნქტი, ევროპული გზა, დეოლიგარქიზაცია და ეკონომიკა. ღარიბაშვილმა ევროკომისართან ერთად ბრიფინგი გამართა
საქართველოს პრემიერმა ევროკომისართან ერთად ბრიფინგი გამართა
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად ბრიფინგი გამართა, რომელზეც სხვადასხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ევროპულ მომავალზე და დეოლიგარქიზაციაზეც ისაუბრეს.
მთავარი, რაც ბრიფინგზე ითქვა:
დეოლიგარქიზაცია
ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესაფასებლად ვენეციის კომისიას უნდა მიმართოს, რათა დადგინდეს, რამდენად მიიყვანს ქვეყანას ეს იურიდიული ინსტრუმენტი ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციის შესრულებასთან.
ვარჰეი ამბობს, რომ კანონპროექტი ჩარჩო-დოკუმენტი უნდა იყოს და რეკომენდაცია არ უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს. მისივე მტკიცებით, კანონპროექტი ჩარჩო-დოკუმენტი უნდა იყოს და რეკომენდაცია არ უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს.
“ჩვენ არ ავარჩევთ რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმი ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს. არც შეიძლება უკავშირდებოდეს.” – განმარტა ევროკომისარმა.
● მედია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილი და სხვა – ევროპარლამენტმა საქართველოზე კომპრომისული რეზოლუცია მიიღო
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
12 პუნქტი
ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ თორმეტივე პუნქტი შესრულდეს. მისი თქმით, უკვე ჩანს პოზიტიურ ძვრები სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ჩანს წინსვლა კორუფციასთან ბროლის მიმართულებით, სადაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა, საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპული ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, “თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, იმისთვის”, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი:
“გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობაც და რა თქმა უნდა, გჭირდება ნაბიჯები, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. დანარჩენი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. საქართველო რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ 12-ვე პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს გზაზე ევროპისკენ.”
საქართველოს პრემიერმა ევროკომისრის საპასუხოდ განაცხადა, რომ ოპოზიცია არაა ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში, მაშინ როცა დეპოლარიზაცია მათი ვალდებულებაა. ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც თორმეტივე რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას გადაეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით და წარადგინა საკუთარი გეგმა, “თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი ამ 12-ვე პრიორიტეტს.”
“იქვე გავუხსენით კარი ყველა აქტორს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში.” – თქვა ღარიბაშვილმა.
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
● უკრაინამ ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
ევროპული მომავალი
ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერთან გამართულ ბრიფინგზე, როცა საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსს შეეხო, ხაზი გაუსვა, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ:
“ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება და გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს.”
ეკონომიკა
“ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი გავიდა, რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული. მართალი რომ გითხრათ, უკვე ვხედავ განვითარებას, ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა, პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში. მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებსა და გაფართოების საკითხებში. ეს პირველადაა ამ რანგში, არა მარტო სამეზობლო, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი.” – განაცხადა ვარჰეიმ.
● ევროპის ბიზნეს ასოციაცია: საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა სტაბილური არაა
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● საქართველოს მთავრობა: 2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს
8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მედიის შევიწროებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
2022 წლის 13 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.