"შანტაჟით ვერ აიძულებენ, ომში ჩაერთოს" - გამოხმაურებები ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირებაზე
ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირება
20 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი სანქცირებულთა სიაში არიან.
სანქციები ითვალისწინებს აღნიშნული პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ.
რა გამოხმაურება მოჰყვა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში:
ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე:
” იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით ამას რა რიტორიკა და უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან აქ მეორე ფრონტი. ანუ რასაც გვეუბნებიან პირდაპირი გზით და სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით. რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა.
რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერავინ ვერ ჩართავს ომში და ვერავინ ვერ აიძულებს საქართველოს, რომ გახსნას დამანგრეველი მეორე ფრონტი, ეს არის გამორიცხული”
ირაკლი ზარქუა, დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი:
“ეს არის უსაფუძვლო. ეს არის შანტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მეორე ფრონტის გახსნაზე სამართლიანად უთხრა უარი. უკრაინამ კარგად უნდა გაიაზროს და გაითავისოს, რა თამაშში შედის. ეს ის თამაში არ არის, რომელიც მის სახელმწიფო ინტერესებს ეკუთვნის. დანილოვები, პოდოლიაკები და ასეთი პოდონოკები საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ.”
გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე”
[ივანიშვილი] ბოროტების მხარეს არის თავისუფლების წინააღმდეგ. ეს სანქციები არის ამის კიდევ ერთხელ გაფორმება და დიდი სირცხვილი, რომლის ჩამორეცხვასაც მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ, როცა ამ რეჟიმს შევცვლით და გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩვენ არ ვიცით როდის მოხდება, აშშ-დან, ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ.ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე:
“ეს ოჯახი ჩართულია დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესში და ამ ყველაფერს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. სიგნალი უკვე მკაფიოზე მკაფიოა. ბატონი ივანიშვილი არის არც მეტი და არც ნაკლები, მთელი დედამიწის, მსოფლიოს დემოკრატიული სამყაროს მტრის, პუტინის მოკავშირე.”
ელენე ხოშტარია, პარტია “დროა”
“სანქციები ყველა შემთხვევაში და ყოველთვის არის დასჯის და ზეწოლის პროცესი, კონკრეტული, დასაბუთებული ქმედებებისთვის. ეს არის არის უბრალოდ პოლიტიკური ჟესტი. ეს არის პროცესი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ შენ დაფიქრდე, შეცვალო პოლიტიკა და ასე შემდეგ… ამ პროცესის ბოლო არის რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი. ქეთევან ხარაიშვილი არავის ინტერესში არ შედის, გარდა იმისა, რომ არის ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. პროცესის ბოლო არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, მათ შორის არა მხოლოდ უკრაინის მხრიდან, ამიტომ ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც დასრულდება ბიძინა ივანიშვილით.”
მიხეილ სარჯველაძე, დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი:
“ის ხალხია ისევ, ამ გადაწყვეტილების შემოქმედი, ვინც ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. რაკი ამას ვერ მიაღწიეს პირდაპირი მოთხოვნების გზით, ახლა როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიაგნეს. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. არ ვიცი ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი, ალბათ დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან კიდევ რაღაც.”
ქეთევან დუმბაძე, დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი
“ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი ადამიანი, სულით და ხორცით ქართველი.”
● ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს? რეპორტაჟი
● დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
● რა იმალება ვარდისფერი ფლამინგოს უკან? რეპორტაჟი დენდროლოგიური პარკიდან
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში ამბობდა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, განიხილავდნენ სანქციების დაწესებას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, თუმცა მაშინ მას ვინაობები არ დაუკონკრეტებია.
8 სექტემბერს გამოქვეყნდა USAID-ის დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში სახეზეა ქართველი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება.
2012 წლის შემდგომ პერიოდზე USAID-ი წერს: ოლიგარქიული მმართველობის დომინირება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და კორუმპირებული ჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომი.
ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების თემამ აქტუალობა კიდევ ერთხელ შეიძინა 5 სექტემბერს, როდესაც უკრაინულმა მხარემ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დასანქცირების კანდიდატთა სიაში შეიყვანა. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებგვერდზე გავრცელდა.
აღნიშნულ სიაში მოხვედრის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა დასახელებული. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ კანდიდატებს რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან კავშირი აერთიანებს. 12-კაციან სიაში ივანიშვილთან ერთად მოხვდა მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც. ჩამონათვალშია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი.