20 ოქტომბერს, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, თბილისში გაიმართა მრავალათასიანი მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
თბილისში ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან ხალხი მსვლელობით დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მათ ელოდათ სცენა – გამომსვლელებით და საკონცერტო ნომრებით.
მარშის სლოგანი არის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და მისი მიზანია, კიდევ ერთხელ დაინახონ ერთმანეთი იმ ადამიანებმა, რომლებიც 26 ოქტომბერს პროევროპული არჩევანის გაკეტებას აპირებენ და ოპოზიციას აძლევენ ხმას.
მსვლელობაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე სხვა ცნობადი სახეები. თუმცა, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც სცენაზე სიტყვით გამოვიდა, საქართველოს პრეზიდენტი იყო.
“არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა, დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში”, –განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აქციაზე გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ამცნო, რომ სწორედ 20 ოქტომბერს გახდა ბებია – შეეძინა შვილიშვილი გაბრიელი. ამ ინფორმაციამ დიდი ოვაციები დაიმნსახურა.
სალომე ზურაბიშვილმა მიმართა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს (მოლდოვაში სწორედ 20 ოქტომბერს მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნები) და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის:
„მინდა, აქედან მივმართო მაია სანდუს: მაია, დღეს იმედი მაქვს, იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის აქედან, თქვენგან და ვუთხრა, ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის, იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკლებს და ვუთხრა, რომ, როცა შევალთ ევროპაში – და შევალთ ევროპაში – ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ. არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე თუ ან რომ, ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი, მადლობა თქვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.