რა იცვლება აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა მასობრივი შეწყალების შემდეგ
პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრები აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას დანარჩენი პოლიტპატიმრებისთვის.
16 მარტს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა შეწყალების ბრძანებას და გაათავისუფლა 399 ადამიანი, მათ შორის, 50 პოლიტპატიმარი. ციხეში რჩება კიდევ რამდენიმე ათეული პოლიტპატიმარი, რომელთა შორისაც არიან – ჟურნალისტები აფგან მუხთარლი და სეიმურ ხაზი.
• ჟურნალისტური თავისებურებები აზერბაიჯანულად
• აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ადამიანების უფლებების შესახებ
საზოგადოებისა და ექსპერტების რეაქცია
სოციალური ქსელების აქტიური და პოლიტიკური ფიგურების რეაქცია აზერბაიჯანში სამი ძირითადი მიმართულებით გაიყო:
1. პრეზიდენტისადმი მადლიერება
ასეთი რეაქცია ჰქონდა ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მაგალითად, ჰუმანიტარული კვლევითი საზოგადოების თავმჯდომარეს, ავაზ გასანოვს.
პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა პოლიტემიგრანტმა, ვებგვერდ Meydan.tv-ის ხელმძღვანელმა ემინ მილიმაც.
„ილამ ალიევი უკვე 16 წელია ხელისუფლებაშია, მაგრამ რაც ახლა ხდება, ამან, შესაძლოა, მისი ხელისუფლება კიდევ უფრო განამტკიცოს“, – დაწერა მილიმ.
ამ დრომდე მილი ხელისუფლების შეურიგებელი მტერი იყო და ვებგვერდი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანში დაბლოკილია ხელისუფლების კრიტიკის გამო. ამიტომ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სტატუსის ქვეშ, ასეთი ტიპის კომენტარები გაჩნდა: „თუკი თქვენც ასე ლაპარაკობთ, მაშინ ვიღას უნდა დაუჯეროს ამ ხალხმა?“.
2. ოპტიმიზმი ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილების თაობაზე
ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ გამგეობის წევრმა, ერკინ გადირლიმ შემთხვევით ისარგებლა და თავის კოლეგა ოპოზიციონერებს 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიური მზადებისკენ მოუწოდა.
„ეს არჩევნები უფრო თავისუფალი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები. ქვეყანა იცვლება“, – დაწერა გადირლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
3. უკმაყოფილება იმით, რომ ყველა პოლიტპატიმარი არ გაათავისუფლეს
ამ პოზიციის მომხრეები Facebook-ზე საკუთარ პოსტებს აქვეყნებენ ასეთი ჰეშთეგით #hamısınıazadet (გაათავისუფლე ყველა).
უფლებადამცველი ინტიგამ ალიევი (თავად ყოფილი სინდისის პატიმარი) მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმრების შეწყალება არ შეიძლება, ჰუმანიზმის აქტად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც, ეს ადამიანები უდანაშაულოდ და არასამართლიანად გაასამართლეს. ამ პოზიციას იზიარებს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილიც.
ხელისუფლების პოზიცია
ხელისუფლება აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების არსებობას ოფიციალურად არ აღიარებს. აქედან გამომდინარე, მომხდარის კომენტირებისას, ჩინოვნიკები და პროსახელისუფლებო ექსპერტები მთლიანად შეწყალებაზე საუბრობენ.
მედიაჯგუფ Səs-ის („ხმა“) პოლიტიკურმა ექსპერტმა, ბახრუზ გულიევმა თითქმის 400 ადამიანის შეწყალებას „სახელმწიფოს მეთაურის ჰუმანიტარული პოლიტიკის მკაფიო მაჩვენებელი“ უწოდა. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოებას იმის გამო უსაყვედურა, რომ მათ ეს ნაბიჯი სათანადოდ არ შეაფასეს.
„მათი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ აწარმოონ ცილისმწამებლური კამპანია აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, – განაცხადა გულიევმა.
გათავისუფლებულთა გეგმები
სხვებთან ერთად, გათავისუფლდნენ ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმრები, რომელთა გათავისუფლებასაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველები.
BBC-ისა და Meydan.tv-სთან ინტერვიუში მოძრაობა NİDA-ს აქტივისტებმა, გიას იბრაგიმოვმა, ბაირამ მამედოვმა და ილქან რუსტამზადემ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისა და უკანონოდ გასამართლებულთათვის.
ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე, გიოზალ ბაირამოვა აპირებს იბრძოლოს არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ციხეებში ნაკლები ქალი იყოს:
„მე შევეცდები მივაღწიო იმას, რომ ქალებს, რომლებსაც არ ჩაუდენიათ განსაკუთრებით მძიმე და სერიოზული დანაშაული, საპატიმრო სასჯელი ალტერნატიული სასჯელით შეუცვალონ“.
ბევრად კატეგორიულია საკუთარ გეგმებში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალი ინსანოვი: „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დასავლეთის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ეს ხელისუფლების წყალობა არ არის. გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას აზერბაიჯანის კრახისგან გადასარჩენად, რომლის პირასაც ახლა იმყოფება. მართალია, ჯერჯერობით არ ვიცი, შევუერთდები თუ არა ოპოზიციას, ან ის – მე“.