ფაშინიანი: „ყარაბაღთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი აზერბაიჯანმა უნდა გადადგას“
ფოტო ნიკოლ ფაშინიანის Facebook-ის გვერდიდან, სელფი სამხედრო პოზიციებზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისების საკითხში პირველი ნაბიჯი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა გადადგას. ეს განცხადება მისი ირანში ვიზიტის დროს, ამ ქვეყნის სომხურ თემთან შეხვედრისას გაისმა.
რა თქვა კონკრეტულად ფაშინიანმა
პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს შეეხო, განაცხადა, რომ დღეისთვის მიღწეულია ერთდერთი შეთანხმება – პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების მოძებნის მცდელობა.
„ვხედავ თუ არა დღეს ასეთ ვარიანტებს? სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში ამის თქმა არ შემიძლია. როდესაც საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლები გვეკითხებიან: „თქვენ მზად ხართ კომპრომისზე წასასვლელად?“, – ჩვენ ამ კითხვაზე ვპასუხობთ, – „ვინ გითხრათ, რომ ამ შეკითხვას პასუხი ჩვენ პირველებმა უნდა გავცეთ? აბა, აზერბაიჯანს ჰკითხეთ, მზად არიან თუ არა კომპრომისებისთვის? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს მანამდე არ გავცემთ, ვიდრე მასზე აზერბაიჯანს კონკრეტული პასუხი არ ექნება“ , – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერმა განმარტა, თუ რატომ მიაჩნია ასე:
„ყარაბაღის საკითხის მოგვარების თაობაზე აზერბაიჯანი ყოველდღიური მუქარებით ლაპარაკობს; და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ყარაბაღის საკითხის მუქარით ან ძალადობით მოგვარება შესაძლებელია, ის ღრმად ცდება. ცდება იმიტომ, რომ არ ესმის – მას საქმე მხოლოდ სომხეთთან და სომხეთის ხალხთან კი არ აქვს, არამედ მთლიანად სომხურ სამყაროსთან, რომელიც დღეს უაღრესად ერთიანია და ყარაბაღისთვის საფრთხის დამუქრების შემთხვევაში, ეს ერთობა გაორმაგდება, გასამმაგდება, და ბევრად უფრო დიდ ძალად იქცევა, ვიდრე დღეს არის. ამაში ეჭვი ნურავის შეეპარება“.
• სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელეს
• სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი მეოთხედით იზრდება
თუ საჭირო გახდა, სომხეთი შეტევაზე გადავა
ყარაბაღის პრობლემატიკა ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთის უმაღლესი ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია. თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა სომხეთის ქმედებებში ფილოსოფიის შეცვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, თუკი წინათ ისინი თავდაცვით სტრატეგიას ინარჩუნებდნენ, ამჯერად შეტევის სტრატეგიასაც განიხილავენ.
შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ჯარმა, აუცილებლობის შემთხვევაში, კონტრშეტევა განახორციელოს, დავიდ ტონოიანმა უპასუხა: „რატომაც არა?“
მან ასევე განაცხადა, რომ სტრატეგიის შეცვლასთან დაკავშირებით შეიარაღების ახალი სახეობების შეძენაც ხდება, თუმცა მათ ზუსტად დასახელებაზე უარი განაცხადა. ამ კონტექსტში დავიდ ტონოიანმა მხოლოდ რუსული გამანადგურებლის „СУ-30СМ“-ის შეძენა და მოსკოვიდან მიღებული 100 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი თავდაცვითი სესხი გაიხსენა.
ამავდროულად ტონოიანი მიიჩნევს, რომ სომხეთი გამალებულ შეიარაღებაში არ მონაწილეობს, და იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იძენს:
„ვერც რაოდენობრივი, ვერც დემოგრაფიული, და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით [აზერბაიჯანს – JAMnews] ვერ შევედრებით. ამიტომ, ჩვენ ხარისხობრივ ამოცანებს მეტ ყურადღებას დავუთმობთ. ჩვენ ისეთ შენაძენებს ვაკეთებთ, რაც მოწინააღმდეგის მხრიდან შესაძლო თავდასხმების ნეიტრალიზების საშუალებას მოგვცემს.
დრო და პირობები იცვლება, ჯარი აწმყო დროის გამოწვევებს უნდა შეესაბამებოდეს და მათი გადალახვა შეეძლოს. ამიტომ, ვალდებულები ვართ, რომ ამ ნაბიჯზე წავიდეთ, რადგან, როგორც იტყვიან, თავდაცვაში მყოფი ჯარი საბოლოოდ ყოველთვის მარცხდება“.
ექსპერტების მოსაზრებები: იცვლება მიდგომები
სომეხმა ექსპერტებმა ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებების პროცესისა და სამხედრო სტრატეგიის მიმართ მიდგომების შეცვლა მთლიანობაში დადებითად შეაფასეს.
პოლიტოლოგი არტურ მარტიროსიანი მიიჩნევს:
„მშვიდობა ორივე მხარისთვის თანაბრად ფასეული უნდა იყოს. თუკი მეორე მხარეს მშვიდობა არ სურს, მუდმივად არღვევს ზავს, და მიაჩნია, რომ ომით, ან ომის მუქარით საკითხის გადაჭრას შეძლებს, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ მშვიდობის იძულება მუშაობს, ანუ შესაძლებლობების დამაჯერებელი დემონსტრირება“.
სამხედრო ექსპერტი ლეონიდ ნერსისიანი კი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან შეძენილი გამანადგურებლები ჯარს აუცილებლად გამოადგება:
„ეს გარიგება იმით არის საინტერესო, რომ სომხეთმა ძალიან თანამედროვე შეიარაღების სისტემა შეიძინა. საუბარია მძიმე, მრავალფუნქციურ ავიაციაზე. და როგორც ჩანს, მისი ფასი ძალიან მიმზიდველი და იმაზე გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის“.