სომხეთში H1N1 გრიპის ვირუსი უკან იხევს, შემცირდა მწვავე რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტების რაოდენობაც. ამის შესახებ ჯანმრთელობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ტორისიანმა განაცხადა.
მან გაიხსენა, რომ თვის დასაწყისში H1N1 ვირუსით ერთი პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა აღინიშნა, და ამ შემთხვევას საფუძვლიანად იძიებენ.
მედიკოსების აზრით, ვირუსების გავრცელების რისკი ჯერ კიდევ დიდია, და სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიკლინიკების ექიმებმა შაბათ-კვირას დილიდან 15:00 საათამდე იმორიგეონ.
მოსწავლეები სკოლებში ბრუნდებიან
მწვავე რესპირატორული დაავადებების რისკის ჯგუფში მოსწავლეები შედიან. 15 და 16 იანვრის მდგომარეობით, არგამოცხადებული მოსწავლეების რაოდენობა მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 2,4%-მდე შემცირდა.
საავადმყოფოებსაც სეზონური ვირუსებით დაავადებული ნაკლები პაციენტი აკითხავს.
„დღესდღეობით სომხეთში დაახლოებით ორმოცდაათით ნაკლები ბავშვია ჰოსპიტალიზებული. თუკი 15 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის მქონე 792 ბავშვის ჰოსპიტალიზება მოხდა, 16 იანვარს ასეთი შემთხვევა 746 იყო. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება უფროსებშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
ამავდროულად, გასულ წელთან შედარებით, წელს ფილტვების ანთების დიაგნოზიანი უფრო მეტი ავადმყოფია. თუკი გასულ წელს პნევმონიით 254 პაციენტი იყო დაავადებული, წელს მაჩვენებელი 377-მდე გაიზარდა. მედიკოსები ამას ცივი ამინიდით ხსნიან.
„საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ტემპერატურის შენარჩუნების დადებითი ტენდენცია გვაქვს. რასაკვირველია, არსებობს სკოლები, რომლებშიც ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ტემპერატურა. ამ კონკრეტული შემთხვევების მოსაგვარებლად გუბერნატორებს დავურეკავ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ტოროსიანმა.