სომხეთი სირიაში ჰუმანიტარულ მისიას გაგზავნის
უახლოეს ხანში სომხეთი სირიაში ჰუმანიტარულ მისიას გაგზავნის. პროგრამა რუსულ მხარესთან ერთად ხორციელდება.
ვის აგზავნიან სირიაში
ცნობილია, რომ სირიაში დაახლოებით 100 სპეციალისტი მიჰყავთ. მათ შორის არიან სამხედრო ექიმები, გამნაღმველები, ასევე ის ჯგუფი, რომელმაც მათი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
თუ როდის ჩავა ეს დაჯგუფება სირიაში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სომხეთის ხელისუფლების განცხადებების მიხედვით, ეს უახლოეს ხანში უნდა მოხდეს.
• განგაში პანკისის ხეობაში – სირიის ომის ექომ საქართველომდეც მიაღწია
• კრიზისი სირიაში: მსოფლიო კვანძის გახსნის მოლოდინში
• რუსეთის ბიზნესინტერესები სირიაში
სომეხი ჯარისკაცების გაგზავნის მიზანი
სომხეთის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხაზს უსვამს, რომ სირიაში დაჯგუფების გაგზავნა მხოლოდ მშვიდობიან მიზანს ისახავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ განაცხადა, რომ დაჯგუფების მთავარი მიზანი იქნება სომხური თემისთვის დახმარების გაწევა მშვიდობიან ცხოვრებაში მათ დასაბრუნებლად:
„ეს სრულიად ჰუმანიტარული პროგრამაა, და არავითარი სამხედრო მნიშვნელობა არ გააჩნია. ვაპირებთ, რომ ეს პროგრამა სომხეთის საბიუჯეტო შესაძლებლობების ფარგლებში განვახორციელოთ“.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობას არაერთხელ დაუყენებია საერთაშორისო საზოგადოებისა და ცალკეული ქვეყნების წინაშე განაღმვისა და თანამემამულეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხები:
„მიზანი ჩამოყალიბდა და მსჯელობის დროს დაიბადა იდეა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს, რომ სირიაში სიტუაცია იცვლება, და უკვე ცხადია – რომელი მიმართულებითაც. მშვიდობიანი ცხოვრებისთვის ალეპოს სომხური თემიც უნდა მოემზადოს“.
რეაქცია სირიაში სომხური მისიის მიმართ
სირიაში სომხურ-რუსული ჰუმანიტარული მისიის გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სექტემბერში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სომხეთში ვიზიტის დროს პროგრამის შესახებ კომენტარი გააკეთა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა. მან განაცხადა, რომ მისია ტერორისტებს ან ხელისუფლებას მხარს არ უნდა უჭერდეს:
„აშშ ასევე უწევს სირიას ჰუმანიტარულ დახმარებას. ეს პოლიტიკურ ურთიერთობებზე არ უნდა ახდენდეს გავლენას – ერთი მხრივ – რეჟიმის, მეორე მხრივ კი – ტერორისტების მიმართ“.
ომი სირიაში
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც პრაქტიკულად, მთელი არაბული სამყარო მოიცვა საპროტესტო ტალღამ, რომელსაც სახელად „არაბული გაზაფხული“ დაერქვა. მოხდა რევოლუციები ეგვიპტეში, იემენში, დაიწყო სამოქალაქო ომი ლიბიაში.
სირიაში მასობრივი აქციები დემოკრატიული გარდაქმნებისა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით 2011 წლის ზაფხულისთვის სრულფასოვან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 2013 წლამდე ეს იყო დაპირისპირება სამთავრობო ჯარსა და „სირიის თავისუფალ ჯარს“ შორის. მის ფორმირებებს ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას – სირიის ეროვნულ საბჭოს აერთიანებდა.
2013 წელს ოპოზიციაში განხეთქილება მოხდა და სირიის ეროვნულ საბჭოს რამდენიმე რადიკალური ისლამური დაჯგუფება გამოეყო. მათ შექმნეს „ისლამური ფრონტი“, რომლის შემადგენლობაშიც ყველაზე მასშტაბური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ გახდა.
2014 წელს სირიის კონფლიქტში აშშ და მისი მოკავშირეები ჩაერთნენ, 2015 წლიდან კი რუსულმა არმიამ სამთავრობო ჯარის მხარდაჭერა დაიწყო. დასავლეთისა და რუსეთის ჯარიც, ოფიციალური განცხადებების თანახმად, სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების განადგურების მიზნით იმყოფებოდნენ. თუმცა, მედიაში არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის არმია ამბოხებულ ოპოზიციის ფორმირებების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებდა.
2018 წლისთვის რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ განადგურებულია. თუმცა, ამბოხებულებსა და სამთავრობო ჯარს შორის კონფლიქტი არ დასრულებულა. და მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის იმ განცხადებებისა, რომ რუსეთის ჯარი სირიიდან გავიდოდა, ეს ჯერჯერობით არ მომხდარა.
ომის განმავლობაში 500 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხუთ მილიონზე მეტი სირიიდან გაიქცა.