ათი პეიზაჟი არატურისტული ბაქოდან
თუკი მხოლოდ „იჩერი შეხერის“ „მოკრიალებულ“ ქვაფენილებზე ისეირნებთ, ბაქოს რეალურ ატმოსფეროს ვერასდროს შეიგრძნობთ.
ქალაქში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ადგილიც მოიძებნება, და არსებობს მრავალი მიზეზი იმისათვის, რომ ბაქოელებს უყვარდეთ ეს ადგილები – ან უბრალოდ, აფასებდნენ თითოეულ მათგანს – როგორც მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ლოკაციებს არასდროს გადაუღებენ სარეკლამო ბუკლეტებზე დასაბეჭდ ფოტოებს რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლიდან. ეს დამოკიდებულება სრულიად უსამართლოა, იმიტომ რომ თითოეულ ამ ადგილს რაღაც განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს.
• 28 ფოტო „ახალი ბაზრიდან“, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი იყიდება
სხვათა შორის, ეს სტატია არამხოლოდ რედაქციის მოსაზრებებს, არამედ ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე ბაქოელების პასუხებსაც ეფუძნება.
მეტროსადგური „ნეფტჩილიარი“
ამ სადგურთან „უნივერსალური სავაჭრო ცენტრი“ მდებარეობს, რომელსაც „მერვე ბაზარს“ უწოდებენ. აქ ყველაფერია რემონტის, ინტერიერის, აბაზანისა და სამზარეულოსთვის. ამას გარდა, „მერვე ბაზარში“ ტანსაცმელი, ხილი და ბოსტნეული იყიდება. ამ ადგილის შესახებ რომანებისა და საგების წერა შეიძლება. ამასთან, ეს ბაზარი მხატვარ-პორტრეტისტების ოქროს საბადოს წარმოადგენს. სხვათა შორის, აქ საუკეთესო ფასებია.
• აზერბაიჯანული სექსტურიზმი: არაბული ზაფხული
შორიახლოს, ხიდის ქვეშ, არც ისე „ელიტური“ პროსტიტუტები საქმიანობენ. მათი მომსახურების ღირებულება შპალერის ორ რულონის, ან აბაზანის ფარდის ფასის ტოლია.
მეტროსადგური „ჰაზი ასლანოვი“
ეს მეტროსადგური ზღვის მახლობლად მდებარეობს. აქ ბევრი ახალი შენობაა, იმიტომ რომ ეს რაიონი შედარებით ახალია. შენობების მაღალი სართულებიდან „ურბანული“ დაისის შთამბეჭდავი ხედები იშლება, რომლებსაც ფოტოგრაფები სათანადოდ ვერ აფასებენ – ისინი მზის ჩასვლის სურათებს ზღვაზე იღებენ.
მეტროსადგური „აჰმედლი“
„ეგ ადგილი საერთოდ ქალაქს ეკუთვნის?“ – კითხულობენ ქალაქის ცენტრში მცხოვრები ბაქოელები. ტექნიკურად, აჰმედლი ქალაქის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. როდესაც ბაქოელს სურს, თქვას, რომ ბინის ფული არ აქვს, იგი წარმოთქვამს ფრაზას: „მომიწევს სადმე აჰმედლიში წასვლა“. აჰმედლიელები კი ამბობენ, რომ მათ ყველაზე არომატული მიწა და ყველაზე სუფთა ჰაერი აქვთ – მათ სამწვადეებში კი ყველაზე გემრიელ და იაფ მწვადს ამზადებენ.
მეტროსადგური „ნიზამი“
მთავარ ღირშესანიშნაობას აქ „ბეშმიართიაბია“, ანუ „ხუთსართულიანი შენობა“ წარმოადგენს. ესაა ბაქოში აგებული პირველი ხუთსართულიანი სახლი, რომელიც 1960-იან წლებში ააშენეს. იმ პერიოდში ეს ნაგებობა ერთადერთი ხუთსართულიანი შენობა იყო და მას შემდეგ დღემდე ერთგვარ „ორიენტირს“ წარმოადგენს.
აქვეა „გათავისუფლებული აზერბაიჯანელი ქალის“ ძეგლიც. ფაშფაშა მკერდის მქონე გათავისუფლებული აზერბაიჯანელი ქალი სიმბოლურად იშორებს თავიდან ჩადრს. ეს ძეგლი პირდაპირ ირანული ბანკის წინ დგას. თუმცა, ამ ქალის გმირობამ იდეოლოგიური მნიშვნელობა მაშინ დაკარგა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქში გამოჩნდენ აზერბაიჯანელი ქალები, რომლებიც საკუთარი ნებით ატარებენ თავსაფრებს.
„ინგილაბის“ ქუჩა
ესაა ყველაზე უცნაური ადგილი ჩამოთვლილ ტოპონიმებს შორის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ქუჩას უკვე დიდი ხანია, აღარ ჰქვია „ინგილაბი“, მაგრამ ახალ, ნამდვილ სახელს მაინც არავინ უწოდებს, და როდესაც“ინგილაბს“ ვახსენებთ, ან „სტუდენტების მიღების სახელწიფო კომისიას“ ვგულისხმობთ, ან – სანტექნიკის მაღაზიების გრძელ რიგს.
უკვე დიდი ხანია, რაც „სტუდენტების მიღების სახელმწიფო კომისია“ აღარ არსებობს. უფრო სწორად, ძველი შენობა დაანგრიეს. მაგრამ ორიენტირი მაინც დარჩა და ღმერთმა უწყის როდემდე მოიხსენიებენ ბაქოელები ამ ადგილს „სტუდენტების მიღების სახელწიფო კომისიის“ სახელით. ანუ, შეხვედრების დანიშვნისას და გზის მისწავლებისას ვიყენებთ არარსებული ფიზიკური ობიექტის სახელს, რომელიც რუკაზე არ არის დატანილი, მაგრამ ეს არავის აღელვებს. მთავარია, ერთმანეთის პოვნის საშუალება არსებობდეს.
მეტროსადგური „ელმლიარ აკადემიასი“
როგორც ერთმა ბაქოელმა ქალმა აღნიშნა, „პანდორას ყუთი ორი საათის შემდეგ იხსნება ხოლმე“. რამდენიმე ინსტიტუტი და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ უბანს ერთგვარ „სტუდენტურ რაიონად“ აქცევს, სადაც თურქული „ფასტფუდის“ ობიექტების ფანტასტიკური კონცენტრაცია ფიქსირდება. აქ ყველაზე იაფი „დიონიარი“ იყიდება. და მართლაც, ორი საათის შემდეგ, აქ იმდენი ხალხი ირევა, რომ ნემსს ვერ ჩააგდებ.
მარდაქიანის დასახლება
ეს დასახლება, ფაქტობრივად, აგარაკს წარმოადგენს. განსაკუთრებით ამ სტატუსს რაიონის ის ნაწილი იმსახურებს, რომელიც ზღვასთანაა ახლოს. თუკი ბაქოში ცხოვრობთ, ბავშვობაში თქვენც გიხაროდათ ზღვის დანახვა მანქანისა თუ ავტობუსის ფანჯრიდან – შორს, ქვიშისა და აგურის ერთფეროვანი სახლების მიღმა.
მარდაქიანში, აგურის დაბალი ღობეების მიღმა, ვაზი და ლეღვის ხეები ხარობს, პლაჟისკენ მიმავალ გზაზე კი შეგიძლიათ ორიოდე წუთით გადმოხტეთ მანქანებიდან და თიანდირში (თიხის ერთგვარ, მიწაში ჩამარხულ ღუმელში) გამომცვარი პური იყიდოთ. და, რა თქმა უნდა, გრძელი მეჩეჩების მქონე ქვიშის პლაჟებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
მეტროსადგური „28 მაისი“
(სახელი პირველი რესპუბლიკის დაარსების თარიღის მიხედვით დაერქვა)
ეს მეტროსადგური მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს და ამავდროულად, სავაჭრო დაწესებულებების სიმრავლით გამოირჩევა. წიგნების მაღაზიები, დიდი სავაჭრო ცენტრი, რკინიგზის სადგური (სხვათა შორის, ვაგზალი, რომელიც მცირე ხნის წინ გაარემონტეს, ღვთაებრივად ლამაზ შენობად იქცა), KFC, ნავთობის აკადემია… მოკლედ, აქ ყველაფერია!
იცით, რას უწოდა გამოკითხული ადამიანების უმრავლესობამ „28 მაისის“ მთავარი, ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი? შუქნიშანს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ დააყენეს ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან, გზის სავალ ნაწილზე დაამონტაჟეს – იქ, სადაც ადრე მხოლოდ გადასასვლელი „ზებრა“ იყო. რატომღაც ქვეითები სწორედ ამ ადგილზე არ ემორჩილებოდნენ კანონებს და პოლიციამ, რომელიც ყოველ დღე, დილიდან დაღამებამდე აჯარიმებდა დამნაშავე მოქალაქეებს, მართლაც ტიტანური შრომა გასწია იმისთვის, რომ ადამიანებს საერთოდ ყურადღება მიექციათ შუქნიშნებისთვის. ნაწყენმა შუქნიშანმა ადამიანის ხმით დაიწყო საუბარი. სანამ წითელი ანთია, მექანიზმი ნაწყენი ხმით ბურტყუნებს: „მოიცადეთ. მოიცადეთ“.
„რაზინის“ რაიონი
უკვე დიდი ხანია, რაც ამ დასახლებას ბაკიხანოვის სახელი დაარქვეს, მაგრამ ამ სახელს არავინ უწოდებს. ბევრმა არც კი იცის, ვინ იყო სტეპან რაზინი და როგორ გაჩნდა ეს სახელი ბაქოში, მაგრამ ეს სახელწოდება იმდენად შეისისხლხორცა ქალაქმა, რომ ნებისმიერი ბაქოელი „ბეშმიართიაბიას“ მდებარეობასა და მეტსახელს უფრო ადვილად დაივიწყებს, ვიდრე ამ ტოპონიმს.
რაზინის რაიონის ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ტრაგიკული ბედის მქონე ტყეპარკი. ადრე „რაზინში“ ველური ბუნების მცირე კუნძული მდებარეობდა, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობდნენ. ოდესღაც ტყეპარკში პიკნიკებს აწყობდნენ, ახლა კი იქაურობა დანაგვიანებულია. პარკის ნაწილზე წყალსატევები შექმნეს, ნაწილზე კი შენობები ააგეს. გარკვეულ უბნებზე ჯერ კიდევ შეგიძლიათ სეირნობა. თუკი, რა თქმა უნდა, არ გეშინიათ მაწანწალა ძაღლების, რომლებმაც იმ ადგილებში დაიდეს ბინა.
რა თქმა უნდა, ამ სიის გაგრძელებაც შეიძლება, რადგან ეს ქალაქი ძალიან დიდია. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ჩვენი ნაცნობი ზედა სართულებზე არ ცხოვრობს და ამიტომ მიწაზე ჩამოსვლა გვიწევს.