გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქუჩაში გადის
გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გამოდის.
ამის შესახებ ფილარმონიაში შეკრებილ მომხრეებს პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ უთხრა.
• ხმები დათვლილია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა
• ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ არჩევნების შესახებ
• რას ნიშნავს ვალების განულება და ვის შეეხება? ყველაზე მთავარი “ქართული ოცნების” ინიციატივაზე
ვაშაძემ მომხრეებს მიმართა და თქვა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
მან თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს.
მისი თქმით, ოპოზიცია მოითხოვს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო კომისიები ადგილობრივი და საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს.
ფილარმონიაში შეკრებილებს სკაიპით ჩაერთო ამჟამად ჰოლანდიაში მყოფი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“მიშა, მიშა!” – სკანდირებს დარბაზი.
“ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს გაყალბებული არჩევნების შედეგებს… ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სიებით, რომ მოვიშოროთ ეს ფეოდალური ხელისუფლება,” – მიმართა სააკაშვილმა მომხრეებს.
სააკაშვილმა კვირას, 2 დეკემბერს ხალხს თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
“მშვიდობიანად, ორგანიზებულად დავასრულოთ ეს ხელისუფლება,” – თქვა მან.
“ბრძოლა! ბრძოლა” – სკანდირებენ შეკრებილები.
სააკაშვილმა ასე მოუწოდა მომხრეებს თქვა, რომ ხალხი არ უნდა დავადანაშაულოთ იმაში, რომ “გაიყიდა კარტოფილზე”. მისი თქმით, ხალხი გაღატაკებულია და ამიტომ არ არის დამნაშავე.
“დამნაშავე არის მხოლოდ ერთი – საქართველოს მტერი ივანიშვილი”, – თქვა მან.