2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისი ახალგორს ვერ აკონტროლებს. ეთნიკური ქართველების დიდმა ნაწილმა ეს რაიონი ომის შემდეგ დატოვა, თუმცა იქ დღემდე ცხოვრობენ ქართველები. მათ შორისაა თამარ მეარაყიშვილი – ჟურნალისტი და უფლებადამცველი, რომელიც წლებია ცხინვალის ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ღიად საუბრობს.
თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებს ორი სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული.
ერთ-ერთი საქმეა ცილისწამების მუხლით, რომელიც მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. მეარაყიშვილს ვებ-გვერდ „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩივიან, სადაც ის ცხინვალის მმართველი პარტიის – „ედინაია ოსეტიას“ წევრს, სპარტაკ დრიაევს აკრიტიკებს.
მეორე საქმე თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2018 წლის მარტში აღიძრა. მას დოკუმენტების გაყალბება და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება ბრალდება.
ბოლო თვეების განმავლობაში მას ადგილობრივი სამართალდამცავები სერიოზულ პრობლემებს უქმნიან – ის რამდენჯერმე დააკავეს, დაკითხეს; გაჩხრიკეს მისი სახლი.
თამარ მეარაყიშვილთან ერთად საქართველოში ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი რამდენიმე სხვა ორგანიზაცია და აქტივისტიც დააჯილდოვეს.
დაჯილდოვებულებს შორისაა პანკისის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე გულიკო ხანგოშვილი [პანკისი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონია, სადაც ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობენ_JAMnews].
დააჯილდოვეს ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ორი ახალგაზრდა კაცი – ქამრან აფანდიევი და არიზ დაშდემირლი. მათ ქვემო ქართლში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოს რეგიონში, ქართული ენის სასწავლო ცენტრი დაარსეს და აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ამზადებენ.
ნიდერლანდების საელჩომ აღნიშნული პრიზები წელს პირველად გასცა. მათი პრიორიტეტი ადგილობრივ თემში მოღვაწე აქტივისტების გამოვლენა იყო.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, ისინი საფრანგეთის საელჩომ დააჯილდოვა. ეს ორგანიზაციებია: კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ორგანიზაცია “იმედი ჰანდიკაპი” და ორგანიზაცია “სოხუმი”.