სომხეთში "Sputnik V" და „AstraZeneca“ ჩაიტანეს
8 აპრილს, სომხეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „Спутник V“-ის პირველი პარტია ჩაიტანეს. ეს 15 ათასი დოზა რისკჯგუფისთვის არის გათვალისწინებული. აქამდე, მხოლოდ სამედიცინო სფეროს მუშაკებს ცრიდნენ, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიოდნენ – მათ, ვინც კორონავირუსიან პაციენტებს ემსახურებიან.
ამისათვის, რუსულმა მხარემ სომხეთს უფასოდ გადასცა „Спутник V“-ის 2000 დოზა ვაქცინა, რომელიც 1000 ადამიანზეა გათვლილი.
28 მარტს, ერევანში, ასევე ჩაიტანეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ბრიტანულ-შვედური ვაქცინის, „AstraZeneca“-ს პირველი პარტია – 24 ათასი დოზა.
„AstraZeneca“ – მსოფლიოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე პოპულარული ვაქცინაა. მისი გამოყენება 49 სახელმწიფოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურმა დაუშვა. „Спутник V“ – პოპულარობით მეორე ადგილზეა, ის 45-მა ქვეყანამ დაუშვა.
სომხეთში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 1 მარტს დაფიქსირდა. 2020 წლის 16 მარტიდან 11 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდა. შემდეგ ქვეყანაში კარანტინი დააწესეს, რომელიც 2021 წლის 11 ივლისამდე გაგრძელდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 231 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, ქვეყანაში, 200 129 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან გამოჯანმრთელდა – 179 043, გარდაიცვალა – 3 675.
ყველა დეტალი: ვინ მიიღებს ვაქცინას პირველ რიგში, რას ამბობენ მედიკოსები და რა დამოკიდებულება აქვთ შემოტანილ ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეებს.
- პუტინი და ფაშინიანი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ
- განსასჯელის სკამიდან არჩევნებზე: სომხეთის ექსპრეზიდენტის გეგმები
„AstraZeneca“-ს შესახებ
მარტის ბოლოს, როდესაც ერევანში „AstraZeneca“-ს პირველი პარტია ჩაიტანეს, მის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა.
დიდი ბრიტანეთის 7 მცხოვრები, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „AstraZeneca“-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, თრომბოზით გარდაიცვალა, ასევე, საქართველოში, აცრის შემდეგ გარდაიცვალა მედდა.
შემდეგ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ საერთო ჯამში, დიდ ბრიტანეთში, თრომბოზი განუვითარდა „AstraZeneca“-ს ვაქცინით აცრილი 18 მილიონი ბრიტანელიდან 30-ს.
სომეხი მედიკოსები ამ შემთხვევებმა არ შეაშფოთა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გევორგ სიმონიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ მონაცემები შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმებს.
5 აპრილიდან, „AstraZeneca“-ს ვაქცინა უნდა ჩაეტანათ სომხეთის დედაქალაქისა და რეგიონულ პოლიკლინიკებში.
ჯანდაცვის მინისტრმა ანაიტ ავანესიანმა ეს იმით ახსნა, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი ვაქცინასა და გვერდით ეფექტებს შორის არ დამტკიცებულა:
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ვაქცინას, რომელიც საერთაშორისო პროფესიონალური ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული ეფექტიანად, უსაფრთხოდ, აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. ქვეყნების ნაწილმა დროებით უარი განაცხადა „AstraZeneca“-ს კონკრეტული პარტიის გამოყენებაზე, რიგმა ქვეყნებმა ისევ დაიწყეს მისი გამოყენება, ზოგიერთს კი საერთოდ არ უთქვამს უარი“.
პარლამენტის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნარეკ ზეინალიანმა, გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით ადამიანების დამოკიდებულების კომენტირებისას განაცხადა, რომ სომხეთში უკვე ჩამოყალიბდა აცრის გაკეთების მსურველთა დიდი ჯგუფი:
„არანაირი აცრა არ ყოფილა და არ იქნება სომხეთში იძულებითი, იქნება მხოლოდ ნებაყოფლობითი. ამავდროულად, მოსახლეობას შორის უნდა ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია, რათა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ვაქცინაცია – ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი გადაწყვეტაა“.
იმის შესახებ, რომ „AstraZeneca“-ს ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა, განაცხადა სომხეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ეგორ ზაიცევმა. მისი თქმით, ჯანმო ვერ ხედავს კავშირს ვაქცინაციასა და თრომბოემბოლიას შორის.
ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, რომ ვაქცინის მიღებული პარტიები გათვალისწინებულია შემდეგი რისკჯგუფებისთვის:
- სამედიცინო მუშაკები;
- 65 და უფროსი ასაკის მოქალაქეები;
- ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები 16-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში;
- სოციალური დაწესებულებების თანამშრომლები (მათ შორის, ხანდაზმულთა თავშესაფრების).
„Спутник V“-ის შესახებ
თუკი „AstraZeneca“-ს დოზებს უკვე ანაწილებენ პოლიკლინიკებში, რუსული „Спутник V“ ერევანში, მხოლოდ 8 აპრილს ჩაიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ მის შესყიდვაზე მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მარტში წარმატებით დასრულდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, პრობლემები შეექმნა რუსულ მხარეს – პრეპარატის წარმოებასთან დაკავშირებით.
7 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანს რუსული ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტის შეძენის იმედი აქვს. პუტინმა ის დაარწმუნა, რომ პრეპარატის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრება.
ჯერჯერობით მილიონი ვაქცინა არ არის, მაგრამ პირველი პარტია, 15 ათასი დოზა ერევანში უკვე მეორე დღეს ჩაიტანეს.
ექსპერტთა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პედიატრი, იმუნოლოგი, ალერგოლოგი, ინფექციონისტი, ნევროპათოლოგი და რეანიმატოლოგი, შეისწავლა ვაქცინის ყველა მონაცემი, რომლის შეძენასაც სომხეთი აპირებს. კომისიის დასკვნით, „Спутник V“-მა კარგი მაჩვენებლები დააფიქსირა.
„ვაქცინაციისას შეინიშნება მხოლოდ ადგილობრივი რეაქციები, 38 გრადუსამდე მომატებული ტემპერატურა ერთი-ორი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა ანნა ჩობანიანმა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
Facebook-ის სომხური სეგმენტის მომხმარებლების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომელი ვაქცინა ამოირჩიონ, გაიყო.
აი, რამდენიმე კომენტარი:
„ევროპის ნახევარმა, მათ შორის შემქმნელმა ქვეყანამ, შვედეთმა, შეაჩერა „AstraZeneca“-ს პრეპარატით ვაქცინაცია გამოუკვლევი გვერდითი ეფექტების გამო, ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, მთელი პლანეტის წინ ვართ“.
„მთავარი კითხვა – რის საფუძველზე შეიძინეს ეს ვაქცინა, რომლის გამოყენებაც შეაჩერა ნახევარმა ევროპამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული შიშის გამო. ვიღაცამ „ატკატი“ მიიღო თუ შესყიდვა სერიოზული ფასდაკლებით განხორციელდა?“.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან – „AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების უპირატესობა აღემატება რისკებს“. ე.ი. რისკები მაინც არსებობს. ჰოდა, სწორედ ჩვენზე დატესტავენ“.
„მირჩევნია ამ ვაქცინით ავიცრა, ვიდრე პუტინის „ფუფლომიცინით“.
კლინიკებში არსებული სიტუაციის შესახებ
სომხეთში, ბოლო თვეა, ყოველდღიურად აღირიცხება კორონავირუსით ახალი დაინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ კვირის განმავლობაში კლინიკებში საწოლების რაოდენობა კიდევ 300-ით გაიზრდება.
„საწოლები უსასრულო რაოდენობით არ გვაქვს, და ამჟამად ძირითადად იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას, ჟანგბადს საჭიროებენ“, – თქვა ანაიტ ავანესიანმა.
ამ მომენტისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები საკმარისი რაოდენობით გვაქვს. წლის განმავლობაში, როგორც მინისტრმა თქვა, სომხეთმა დამატებით შეიძინა 15 ჟანგბადის სადგური და აუცილებელი აღჭურვილობა, დაახლოებით 3000 საწოლი უზრუნველყოფილია ჟანგბადის აპარატებით.
ამის გარდა, სომხური წარმოების ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების წარმოება სრულად მზადაა კლინიკური გამოცდის, სერტიფიცირებისა და წარმოებისთვის. ამის შესახებ მარტში, გადადგომის წინ დაწერა თავის Facebook-ის გვერდზე მაღალტექნოლოგიური მრეწველობის ახლა უკვე ყოფილმა მინისტრმა აკოპ არშაკიანმა.
„თუ მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდება, გამოვიყენებთ. მე არ შემიძლია იმის თქმა, რა დრო დასჭირდება სერტიფიკაციის პროცესს, მაგრამ მათთან ერთად ჩვენი ექიმებიც მუშაობენ“, – თქვა ჯანმრთელობის მინისტრმა ანაიტ ავანესიანმა.