ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
REUTERS/სერგეი კარნუხინი
35 წლის ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
ქსენია სობჩაკი – ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, სანკტ-პეტერბურგის პირველი მერის, ანატოლი სობჩაკის ქალიშვილია. ანატოლი სობჩაკის კარიერა დაიწყო 1989 წელს, როდესაც ის 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული მოვლენების გამომძიებელ კომისიას ხელმძღვანელობდა. ქსენია სობჩაკი ბავშვობიდან იცნობს ვლადიმირ პუტინს, რომელიც ლენინგრადის უნივერსიტეტში მისი მამის სტუდენტი იყო. ქსენია სობჩაკი რუსეთში ცნობილია როგორც სკანდალური ტელეშოუს „დომ-2“-ს წამყვანი.
ქსენია სობჩაკმა თავი მოქმედი რუსული ხელისუფლების კრიტიკოსად გამოაცხადა.
თუმცა, ექსპერტებისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობის აზრით, არჩევნებში მისი მონაწილეობის მთავარი ამოცანაა, რომ წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის არჩევნებში არმონაწილეობის ნაცვლად, ყურადღება სწორედ მასზე გადაიტანონ. რუსეთის ხელისუფლება აპირებს, რომ ნავალნის, ნასამართლეობის მიზეზით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
აი, ავტორიტეტული რუსი პოლიტოლოგის კირილ როგოვის მოსაზრება:
– არჩევნებში მონაწილეობითა და ნავალნის დღის წესრიგის შერბილებულად გამოყენებით, სობჩაკი იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ რუსეთში ოპოზიციური საქმიანობა შესაძლებელია… რითაც ის ამ არჩევნებში ვლადიმირ პუტინის მომავალი გამარჯვების ლეგიტიმაციას უზრუნველყოფს.