სომხეთში სამინისტროების თანამშრომლები იფიცებიან
სომხეთის მთავრობის სახლის შენობის წინ სამინისტროების ოპტიმიზაციისა და სახელმწიფო აპარატის თანამშრომელთა შემცირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ჩატარდა. იმ უწყებების თანამშრომლებმა, რომლებიც ოპტიმიზაციას ექვემდებარებიან, გაფიცვა გამოაცხადეს.
რომელ სამინისტროებს შეეხება ოპტიმიზაცია
მთავრობის გადაწყვეტილებით, ამჟამად არსებული 17 სამინისტროდან მხოლოდ 12 დარჩება.
ოპტიმიზაციის შედეგად, კულტურის სამინისტრო, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ტერიტორიული მართვის სამინისტრო ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს შეერწყმება. დიასპორის სამინისტრო კი გაუქმდება.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები
სახელმწიფო მოხელეების მოთხოვნაა – უარყოფილ იქნას სახელმწიფო აპარატის შემცირებისა და სამინისტროების შერწყმის გეგმა.
„ჩვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე წერილი დავწერეთ. მასში ასევე განმარტებულია, თუ რატომ უნდა ფუნქციონირებდეს, კერძოდ, კულტურის სამინისტრო როგორც ცალკე უწყება. სამინისტროების შერწყმა მის როლს შეამცირებს“ – ამბობს კულტურის სამინისტროს თანამშრომელი არუთიუნ ვანიანი.
• სომხეთს დეფოლტი არ ემუქრება – ირწმუნება ქვეყნის ცენტრალური ბანკი
• სომხეთის ახალი პარლამენტის შენახვა გადასახდების გადამხდელებს უფრო ძვირი დაუჯდებათ
რით არის გამოწვეული შემცირების აუცილებლობა
სომხეთის ხელისუფლება ოპტიმიზაციის აუცილებლობას სახელმწიფო აპარატის მუშაობის არაეფექტიანობით ხსნის. თავიდან იგეგმებოდა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად სამინისტროები თითქმის ორჯერ შემცირებულიყო. ახლა კი საუბარი იმაზეა, რომ 17 სამინისტროდან მუშაობას 12 გააგრძელებს.
„ჩვენ მართლაც საკმაოდ გაბერილი მმართველობის სისტემა გვაქვს, რომლის პარალელურად, ასევე მოქმედებს სხვა სტრუქტურებიც, რომლებიც იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც ზოგიერთი სამინისტრო ან ცალკეული უწყება. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი ოპტიმიზაცია სახელმწიფო მოხელეების ხელფასებსა და მათ მოტივაციაზე არსებით გავლენას მოახდენს“, – განაცხადა მანამდე პირველმა ვიცე-პრემიერმა არარატ მირზოიანმა.