სომხეთში ბიზნესი გაზიან სასმელებზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებს
სომხეთში გაზიანი სასმელები სააქციზო გადასახადით დაიბეგრება. ეს, შესაძლოა, მათი გაძვირების მიზეზი გახდეს. ამასთან დაკავშირებით მათი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები მთავრობის სახლითან საგადასახადო კოდექსში უახლოეს ხანში მოსალოდნელი შესწორებების შეტანას აპროტესტებენ.
• სომხეთში მოსალოდნელია სიგარეტის ფასის მკვეთრი ზრდა
• საქართველო – სამუშაო ადგილებზე დაზარალებული ადამიანების ისტორიები
• რატომ აღარ არის ხელსაყრელი სომეხი მუშახელისთვის რუსეთში სამუშაოდ გამგზავრება?
რა არის პრობლემის არსი
აღშფოთების მიზეზი გახდა საგადასახადო კოდექსში შესწორებების შეტანის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება. თუკი შესწორებებს მიიღებენ, 1 ლიტრ პროდუქტზე გადასახადი ხუთი პროცენტით მოიმატებს.
შესწორებების წინააღმდეგ არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გამოდიან, არამედ ისეთი მსხვილი კომპანიისაც, როგორიცაა სომხეთში კოკ-კოლას მწარმოებელი – „Coca-colaHellenicArmenia“.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის შენობასთან მივიდნენ პლაკატებით „მე უმუშევარი დავრჩები“, „მთავრობა საშუალო ბიზნესს კლავს“, „არა გაზიანი სასმელების გაძვირებას“.
კოკა-კოლას მწარმოებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა წინა დღეს განმარტა, რომ გადასახადის გაზრდა გაზიანი წყლების 30-40 დრამით (დაახლოებით 8 ცენტი) გაძვირებას გამოიწვევს, და მოსალოდნელი შედეგები წარმოადგინა:
„ამის შემდეგ გაყიდვები და შემოსავლები შემცირდება, საბოლოოდ კი – სამუშაო ადგილებიც. და ეს მხოლოდ წინასწარი შედეგებია, რითაც საქმე არ ამოიწურება. ჩვენ გრძელ ჯაჭვზე ვლაპარაკობთ, რომლის მხოლოდ ნაწილის პროგნოზირებაა ამჯერად შესაძლებელი“.
სომხური კომპანიის „Hay Cola“-ს წარმომადგენლის ტიგრან ოვსეპიანის თქმით, კომპანიაში 100 ადამიანი მუშაობს და საგადასახადო ცვლილებების შედეგად საწარმო, შესაძლოა, დახურვის საფრთხის წინაშე დადგეს:
„იმაში გვადანაშაულებენ, რომ ჩვენს მიერ წარმოებული სასმელები ჯანმრთელობას ვნებს. რა გამოდის – ამდენი წლის განმავლობაში მოსახლეობას ვწამლავდით?! კეთილი ინებონ და თავიანთი ბრალდებები დაასაბუთონ. სინამდვილეში ბაზრის მონოპოლიზაციის მცდელობას ვხედავთ“.
პროტესტანტებს შორის კომპანია „მარის“ თანამშრომლებიც იყვნენ. იქ სულ 40 ადამიანი მუშაობს და გადასახადების გაზრდამ შეიძლება მისი დახურვა გამოიწვიოს.
„ჩვენ უკვე 20 წლიწადია ვმუშაობთ, და როგორ მოხდა, რომ ჩვენი პროდუქცია ერთბაშად მავნებელი გახდა. თანაც გვაქვს სესხები, რომლებიც უნდა გადავიხადოთ“, – აღშოფეთებით ამბობდნენ საწარმოს თანამშრომლები.
რას ამბობენ ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებში
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო გასული წლის ბოლოს გაზირებული წყლების მოხმარების შემცირების წინადადებით გამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა თავიანთი წინადადება იმით განმარტეს, რომ უალკოჰოლო სასმელებში არსებული შაქარი ჯანმრთელობას ძლიერ ვნებს.
ფინანსთა სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება უყურადღებოდ არ დატოვა და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
თავიდან ნავარაუდევი იყო 5%-იანი სააქციზო გადასახადის შემოღება უალკოჰოლო სასმელებზე, რომლებშიც შაქრის შემცველობა 1 ლიტრზე 5%-ს აღემატება. მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა არამხოლოდ შაქრის შემცველი სასმელების დაბეგვრა, არამედ – მინერალური წყლის და ყველა არომატიზებული გაზიანი სასმელისაც.
საერთაშორისო გამოცდილება
ეგრეთ წოდებული „შაქრის გადასახადი“ დიდ ბრიტანეთში, უკვე ერთი წელიწადია, რაც მოქმედებს. ის იმ უალკოჰოლო სასმელებზე შემოიღეს, რომლებშიც შაქრის შემცველობის ნორმა გადაჭარბებულია.
ბრიტანეთის ხელისუფლებას ამ გზით იმ ტკბილი სასმელების წარმოების შემცირება სურს, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს.
დიდ ბრიტანეთში ამ გადასახადისგან გათავისუფლდება ის სასმელები, რომლებშიც რძის მაღალი შემცველობაა, რადგან ეს სასმელები ჯანსაღი დიეტისთვის აუცილებელია. გადასახადების გადამხდელებისგან ამოღებული მთელი ფული კი, გეგმის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების დაბალანსებული კვებისა და ფიზიკური აქტივობის წამახალისებელ პროგრამებს უნდა მოხმარდეს.