სომეხ დეპუტატებს მანდატები თავად ამომრჩევლებმა პირველად გადასცეს
დღეს სომხეთში ეროვნული საკრებულოს მე-7 მოწვევის დეპუტატებისთვის მანდატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. მანდატები 132-მა დეპუტატმა მიიღო.
როგორ მოხდა ეს
მანდატების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრში გაიმართა.
2018 წლის 9 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ დეპუტატებს მანდატებს პირადად ამომრჩევლები გადასცემდნენ. მათ შორის აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი ამომრჩეველი – ბავაკან პილოიანი, რომელიც 103 წლისაა. შერჩეულ ამომრჩეველთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც 2018 წლის 9 დეკემბერს ხმა პირველად მისცა.
• არჩევნები სომხეთში – კრიზისიდან შესაძლო გამოსავალი
• სომხეთის პარლამენტში უმრავლესობა რევოლუციის ლიდერის ფაშინიანის ბლოკს ექნება
• 2018 წლის შვიდი მთავარი მოვლენა სომხეთისთვის
რა ძალები შევიდნენ პარლამენტში
ახალი მოწვევის ეროვნული საკრებულოს რიგებში სამი პოლიტიკური ძალა შევიდა, მანდატები 132-მა დეპუტატმა მიიღო.
აბსოლუტური უმრავლესობა აქვს ბლოკს „ჩემი ნაბიჯი“, რომელსაც სათავეში სომხეთის „ხავერდოვანი“ რევოლუციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი უდგას. „ჩემი ნაბიჯი“ პარლამენტში 88 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ 26 მანდატი მიიღო, ხოლო პარტიამ „განათლებული სომხეთი“ – 18.
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 14 იანვარს გაიმართება.
როგორ განაწილდება თანამდებობები
უკვე ცნობილია, რომ სპიკერის თანამდებობას დაიკავებს არარატ მირზოიანი, რომელიც მანამდე „რევოლუციური მთავრობის“ პირველი ვიცე-პრემიერი იყო. პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს ლენა ნაზარიანი, მეორეს – ალენ სიმონიანი. სამივე მათგანი ბლოკი „ჩემი ნაბიჯის“ წარმომადგენელია.
ოპოზიციისთვის კუთვნილი კვოტა, მესამე ვიცე-სპიკერის თანამდებობა მიიღო „აყვავებულმა სომხეთმა“, რომელმაც არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ადგილი დაიკავა. პარტიამ საკუთარი კანდიდატის ვინაობა უკვე განაცხადა – ის ვაგე ენფიაჯიანი გახდა.