საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ძალიან დიდი მადლობა მედიას მზაობისთვის, კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ პანიკის საფუძველი არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი უწყება, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებების ხარისხიანი გატარების შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქება. ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ “, – განაცხდა ტიკარაძემ.
რაც შეეხება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორს – ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია.
“1 საათის წინ დამთავრდა ლაბორატორიული კვლევა, იმისთვის რომ ჩვენ დარწმუნებულები ვყოფილიყავით 3-ჯერ გავიმეორეთ რეაქცია სხვადასხვა წარმოების რეაგენტებით და სამივე შემთხვევაში გვაქვს ერთი და იგივე პასუხი, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც მეგობართან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა ირანში პირად საქმეებზე და საქართველოში დაბრუნდა გუშინ. მას საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, რის გამოც გადაყვანილ იქნა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც კვლევები ჩაუტარდა” – განაცხადა გამყრელიძემ
• კორონავირუსი: იტალია ევროპასა და სხვა კონტინენტებზე დაავადების კერა ხდება. განახლება
• კორონავირუსი კავკასიას მიუახლოვდა. როგორ რეაგირებენ ამაზე აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო