ცხინვალში რუსი ინვესტორების ქურდობის ფაქტს იძიებენ
სააგენტო Interfax-ის ცნობით, რუსეთის გენერალური პროკურატურა იძიებს რიგ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოქმედებების შემდეგ, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი ფულის მიტაცებას უკავშირდება.
• უანგარო ქველმოქმედება თუ რეკეტი? ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს ყველა სასტუმროს ყიდულობს
„ყველა ამ კონტრაქტორის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათი ნაწილი დაპატიმრებულია და იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ნაწილს კი შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე, გენერალური პროკურორის მოადგილემ, დმიტრი დემშინმა.
მისი თქმით, საქმეების ძირითადი ნაწილის გამოძიება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „იმიტომ, რომ იყო ორი პროგრამა, ეს არის ცხინვალის აღდგენა და შემდეგ, პრობლემები საინვესტიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა ვმუშაობთ“, – აღნიშნა მან.
თავის მხრივ, როგორც ცხინვალის გენერალურმა პროკურორმა, ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა, რუსეთი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ მათ დახმარებას უწევდა. ოსი სამშენებლო ორგანიზაციები და სპეციალისტები საკმარისი რაოდენობით არ იყო, ამიტომ კონტრაქტორ კომპანიებს მეზობელი ტერიტორიებიდან იწვევდნენ, მაგრამ მათგან ყველა არ აღმოჩნდა კეთილსინდისიერი, აღნიშნა ოსეთის საზედამხედველო უწყების ხელმძღვანელმა.
კერძოდ, ზოგიერთი კონტრაქტორი ხსნიდა ფირმას, იღებდა ფულს ბანკში ცხინვალში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, შემდეგ რიცხავდა მათ სხვა ანგარიშზე და მიდიოდა, განაცხადა ჯაგაევმა. „ძალიან რთული იყო ამ საქმის ფიგურანტებთან მუშაობა. ჩვენ აღვადგინეთ სურათი, 2017 წელს 47-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე გვქონდა აღძრული ამ პირების მიმართ, რომლებმაც 3 მილიარდ რუბლზე მეტი (დაახლოებით, 50 მილიონი დოლარის) ზიანი მიაყენეს რესპუბლიკის ბიუჯეტს“, – ხაზი გაუსვა მან.
სულ 116 საქმე აღიძრა, 47 – გადაეგზავნა რუსეთის გენერალურ პროკურატურას სისხლისსამართლებრივი დევნისათვის, რადგან ეჭვმიტანილები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იყვნენ გადასულები.