პლაჟის სეზონი აზერბაიჯანში ჯერ არ გახსნილა, თუმცა ერთი ადამიანი უკვე დაიხრჩო
ოფიციალური პლაჟის სეზონი აზერბაიჯანში ჯერ არ გახსნილა, მაგრამ ერთი ადამიანი უკვე დაიხრჩო. კიდევ ოთხის გადარჩენა მოხერხდა.
• რატომ იხრჩობიან ადამიანები აზერბაიჯანის პლაჟებზე?
• კასპიის ზღვაზე თევზაობის თავისებურებები
18 წლის ახალგაზრდა ვაჟი, რომელიც აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მინგეჩაურის წყალსაცავზე არაფხიზელ მდგომარეობაში ცურავდა, დაიხრჩო, – წერს ONA.az.
კიდევ ოთხი ადამიანი კინაღამ ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაში დაიხრჩო,თუმცა მაშველებმა მათი გამოყვანა შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელი აგში ალილი ამბობს, რომ 1 ივნისიდან მაშველები გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად პლაჟის სეზონი 15 ივნისს გაიხსნება, აზერბაიჯანში უკვე ზაფხულის სიცხე დგას, და ადამიანებს გული პლაჟებისკენ მიუწევთ.
უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პლაჟებზე მიმავალ ავტობუსებში გააკრეს სპეციალური ბანერები – ზღვაში ცურვის დროს უსაფრთხოების წესების ჩამონათვალით.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის ზაფხულის განმავლობაში კასპიის ზღვასა და მდინარე მტკვარში დაახლოებით 50 ადამიანი დაიხრჩო.