რატომ იხრჩობიან ადამიანები აზერბაიჯანის პლაჟებზე
გასული ზაფხულის განმავლობაში აზერბაიჯანში დაახლოებით 50 ადამიანი დაიხრჩო. მართალია, ყველა ზღვაში – არა, ზოგიერთები მტკვარმა წაიღო. სანაპიროს ყველა სეზონი მსხვერპლის დათვლით მთავრდება, თუმცა ყველგან, ყველაზე „ველური“ სანაპიროების გარდა, არის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამაშველო სამსახური, ხოლო უსაფრთხოების ზომები მარტივია, და წესით, დიდი ხანია, ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს. მაშინ რატომ ხდება ეს?
• აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში, პლაჟები გენდერული ნიშნით დაყვეს
• რატომ უნდა დავისვენო ეგვიპტეში და როგორ არ შევცდე ტურის არჩევისას?
• როგორ არის მოწყობილი აფხაზეთის მთავარი ბიზნესი – ტურიზმი?
გასულ წელს დაბა ბიგლიას სანაპიროზე კინაღამ დავიხრჩვი. ნაპირიდან მეტ-ნაკლებად ახლოს (ბაქოს პლაჟებზე ქვიშის გრძელი მეჩეჩებია) ადამიანის სიმაღლეზე დიდი სიღრმის ორმოში ჩავვარდით , მახსოვს ჩემს თავზე მზით განათებული წყლის სისქე, და ფიქრი: „ნუთუ ყველაფერი აქ და ახლა დასრულდება?“
თავად არიან დამნაშავეები?
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ყველაფერში თავად დამხრჩვალ ადამიანებს ადანაშაულებს. აი, ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც, მაშველების თქმით, ყველაზე ხშირად იღუპებიან ადამიანები წყალში:
- იგნორირებას უკეთებენ ამკრძალავ ნიშნებს და ტივტივას იქით მიცურავენ;
- ცურავენ ძლიერი ქარის დროს;
- ცურავენ „ველურ“ სანაპიროებზე;
- ზღვაში შედიან საღამოს ცხრა საათის შემდეგ, როდესაც მაშველებს სამუშაო დღე უმთავრდებათ;
- გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთ ცურვის უნარს და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
მოცემულ მომენტში სამაშველო სადგურები დაახლოებით 40 აზერბაიჯანულ სანაპიროზეა. ეს სანაპიროები ატესტაციაგავლილ, „ოფიციალურ“ პლაჟებად არის აღიარებული. დანარჩენი „ველური სანაპიროებია“ – და სახელმწიფო მათზე პასუხს არ აგებს. თითქოს განგებ, სწორედ ეს „ველური სანაპიროები“ სარგებლობს პოპულარობით – იქ ცოტა ხალხია.
მაგრამ დახრჩობა ცივილიზებულ სანაპიროზე ცურვის დროსაც შეიძლება. მაგალითად, „დინამიკური“ ფსკერის გამო, ზოგჯერ ზღვაში ისეთი ორმოები ჩნდება, რომლებიც „ჯერ კიდევ გუშინ აქ არ ყოფილა“. მეორე საფრთხეა – „მიქცევის“ დინებები – წლის ნაკადები, რომლებიც ნაპირის ფსკერზე მიედინება, და გამოსვლის საშუალებას არ გაძლევს. მთელ მსოფლიოში დახრჩობის ფაქტების ყველაზე დიდი წილი სწორედ ამ დინებებზე მოდის.
გადარჩენილები
ბაქოს თითქმის ყველა მაცხოვრებელს აქვს მოგონება იმის შესახებ, თუ ერთხელ კინაღამ როგორც დაიხრჩო. ლეილა ალი მოზარდი იყო, როდესაც მამასა და უფროს დასთან ერთად პლაჟზე წავიდა.
„იმის იმედით, რომ ცურვა ვიცოდი, ძალიან შორს შევცურე. შემეშინდა, წყალს ვყლაპავდი, და მამას ხელებს ვუქნევდი“.
მაგრამ მამა დარწმუნებული იყო, რომ მისი ქალიშვილი უბრალოდ ერთობოდა, და საპასუხოდ თვითონაც ხელი დაუქნია. კიდევ კარგი, და მიხვდა, რომ რაღაც კარგად ვერ იყო, და ლეილას დაეხმარა.
„მამა ძალიან დარცხვენილი იყო, ბოდიშს იხდიდა, ინანიებდა, და მთელი უკანა გზის განმავლობაში მთხოვდა, რომ დედასთვის არაფერი მომეყოლა, თორემ ის ნამდვილად მოკლავდა.“
და ეს საკმაოდ ხშირად ხდება – ნაპირზე მდგომებს ჰგონიათ, რომ ადამიანი კი არ იხრჩობა, უბრალოდ ერთობა, და მის შველას არ ჩქარობენ.
აინურა მეჰტიევა მეექვსე კლასში იყო, როდესაც წყლისგან წაღებული გასაბერი რგოლის დასაბრუნებლად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, და ფსკერი „გამოეცალა“. მის ყვირილსა და ხელების ქნევას ყურადღებას არავინ აქცევდა, მალე ჰაერი აღარ ყოფნიდა, აინური მოდუნდა, გონებაში ყველაფერს დაემშვიდობა და მშვიდად დაიწყო ჩაძირვა. გონს მხოლოდ ნაპირზე მოვიდა.
„აღმოჩნდა, რომ გვერდით სიმინდის გამყიდველმა ჩაიარა, და შენიშნა, როგორ ვფართხალებდი. დაყარა თავისი საქონელი, და ჩემს გადასარჩენად გამოვარდა“.
როგორ არ უნდა დაიხრჩო?
ბორის ნაჯაფოვს არაერთხელ წარმოუდგენია აზერბაიჯანი ტრიატლონ Challenge და Ironman 70.3. შეჯიბრზე. და 2016 წელს ის და მისი თანაკლუბელი კოლეგა აზერ მამედოვი პირველი აზერბაიჯანელები გახდნენ, რომლებმაც ბოსფორის სრუტე გადაცურეს.
„რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც იხრჩობით, ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა, ეს რჩევები იშვიათად ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც ცურვა არ იცის – პანიკა და სტრესი უშლით ხელს. ამიტომ, იმისთვის, რომ აზერბაიჯანის პლაჟებზე (და ნებისმიერ სხვა სანაპიროზე) არ დაიხრჩოთ, გირჩევთ ისეთ სიტუაციაში ნუ მოხვდებით, როდესაც ღრმად ყვინთვა ან დაჭიმულ კუნთში ქინძისთავით ჩხვლეტა დაგჭირდებათ.
თავდაპირველად შეისწავლეთ ის ადგილი, სადაც ცურვას აპირებთ. შეიძლება ადგილობრივ მოსახლეობასაც ჰკითხოთ – არის თუ არა აქ ქვები (განსაკუთრებით წყალქვეშა), დინებები, ქსელები, ზღვის ბინადრები. თუკი ირგვლივ სანდო არავინაა, თავადვე ყურადღებით მიმოიხედეთ.
მაგალითად, თუკი არის ტალღები (აუცილებელი არ არის, რომ ძლიერი იყოს) და ნაპირს კუთხით ეხეთქება, ესე იგი წყალი თანდათან ნაპირიდან მარცხნივ ან მარჯვნივ წაგიღებთ. თუკი შორიახლოს ქვებია – შესაძლოა, მიქცევის დინებებიც შეგხვდეთ, ან ფსკერის მოულოდნელი ჩავარდნაც მოხდეს. ტალღებში ქვების სიახლოვეს ცურვა საშიშია.
ნუ იცურებთ მარტო. მშვენიერია, თუკი ახლომახლო ვინმე გამოცდილი იქნება – ის დაგეხმარებათ, თუკი წყალს გადაყლაპავთ, ან თუნდაც ხმამაღლა მოიხმობს დამხმარეებს. კარგია, თუ ნაპირზე ვინმე ისეთი იქნება, ვინც ცალი თვალით მაინც გაკვირდებათ. ასეთ ადამიანსაც შეუძლია სწრაფად მოიყვანოს დამხმარე, და სერიოზულადაც კი თუ იხრჩობით – მაშველი ან გამოცდილი მოცურავე, როგორც წესი, თქვენამდე ერთ-ორ წუთში მოაღწევს, და სწორედ ეს დრო იქნება გადამწყვეტი.
აი, რის შესახებ უნდა გააფრთხილონ აზერბაიჯანელმა მაშველებმა ადამიანები: ცურვის დროს საგანგებო სამოსი უნდა ეცვათ, და არა ხალათები, ჯინსები და გრძელი შორტები – შეუსაბამო ტანისამოსი ადამიანს არამხოლოდ მოძრაობას უზღუდავს, არამედ ფსკერისკენაც ითრევს.
მაგრამ წყალში ყველზე საშიში თავად ადამიანია. პანიკასა და სტრესს ყველაზე გამოცდილი მოცურავეების წონასწორობიდან გამოყვანაც კი შეუძლია – სწორედ ამიტომ არის, რომ საწვრთნელი აუზები ღრმა არ არის. უეცრად მოვარდნილმა ტალღამ შეიძლება ძლიერ შეგაშინოთ, ისევე როგორც ფეხქვეშ უეცრად გამოცლილმა ფსკერმა. დაიმახსოვრეთ, რომ პანიკა კიდევ უარესია, შეეცადეთ დამშვიდდეთ, ხუთამდე დაითვალოთ, მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ, შემდეგ კი სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ.
„თუ ცურვა არ იცით – წყალში ყოველთვის ვინმესთან ერთად შედით და შორს ნუ გახვალთ. უკეთესია, თუ ცურვას ისწავლით. ბაქოში აუზებსა და მწვრთნელის მომსახურეობას ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ხუთი-ექვსი მეცადინეობა, რომლის დროსაც მწვრთნელი წყალზე თავდაჯერებულად გაჩერებას გასწავლით, იაფფასიან მობილურ ტელეფონზე ძვირი არ ღირს – ღირს კი ამაზე დაზოგვა, თუკი ეს თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს?
ბედნიერებას გისურვებთ, გოგონებო
თითქმის ყველა ბაქოელს შეუძლია ამ თემაზე ერთი არცთუ კეთილი დასასრულის მქონე ისტორიის მოყოლა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ისტორია – ყველასთვის საერთო – რომელიც დიდი ხნის წინათ, 50-იანი წლების ბოლოს მოხდა, და ქალაქის ლეგენდად ქცევაც მოასწრო.
სკოლის მოსწავლემ, სახელად ტოფიკ გუსეინოვმა რიგ-რიგობით გადაარჩინა სამი გოგონა, რომლებიც იხრჩობოდნენ, და როდესაც მეოთხეს გამოყვანას ცდილობდა, მასთან ერთად დაიხრჩო. მოგვიანებით რეჟისორმა ელდარ გულიევმა გადაიღო ფილმი „ბედნიერებას გისურვებთ, გოგონებო“ – ფანტაზია თემაზე, თუ როგორ წარიმართა ამ გოგონების ცხოვრება, და როგორ ახსოვდათ ის ბიჭი, რომლის წყალობითაც ისინი ცოცხლები დარჩნენ.
ბაქოს № 134 სკოლას ტოფიკ გუსეინოვის სახელი მიენიჭა. რამდენიმე წლის წინათ კი სკოლა გაარემონტეს, საგანმანათლებლო კომპლექსი დაარქვეს, ხოლო ტოფიკ გუსეინოვის ხსენება როგორღაც „დაავიწყდათ“. ასე რომ , რეჟისორი თითქოს წინასწარმეტყველებდა – მის ფილმში გადარჩენილ გოგონებს წლების გასვლის შემდეგ ასევე ბუნდოვნად ახსოვთ თავიანთი გადამრჩენელი.
სხვათა შორის, იმ ორმოში მე მარტო კი არა კომპანიასთან ერთად მოვხვდი. და ის ადამიანი ალბათ შეძლებდა, რომ წყლიდან გამოსულიყო და მეც გამოვეყვანე, მე რომ ხელებით და ფეხებით არ ჩავბღაუჭებოდი და ფსკერისკენ არ ჩამეთრია. აი, ასე იქცევა შიშზე გადამრავლებული თვითგადარჩენის ინსტინქტი. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ მარტოებს, გამოცდილ მაშველებსაც უჭირთ, ადამიანის წყლიდან ამოყვანა.
საბოლოოდ ორივე გადაგვარჩინა მეგობარმა – კარგმა მოცურავემ და ფიზიკურად ძლიერმა ადამიანმა. მან ეს პირველივე მცდელობით ვერ შეძლო – ძლიერმა დინებამ ის განზე გაიტაცა, და საკმაო მანძილზე ჩვენთან მოახლოებას ვერ ახერხებდა. ხოლო ნაპირზე რომ აღმოვჩნდით თავში ორი აზრი მიტრიალებდა…
პირველი – ფილოსოფიური: „ადამიანის ცხოვრება ხომ სულ ორიოდ წამში შეიძლება შეწყდეს“
მეორე – იდიოტური: „საინტერესოა, დახრჩობის დროს როგორ გამოვიყურებოდი? როგორც კინოში არიან გოგონები, თუ …? როგორ?!
„კატასავით“, – უგულოდ მაცნობა გადამრჩენელმა მეგობარმა.
და მე პერიოდულად დღემდე მაწვალებს იმაზე დარდი, რომ ულამაზოდ ვიხრჩობოდი. არა ისე, როგორც კინოში.