ერევნის ახალი თბოელექტროსადგური ირანის გაზზე იმუშავებს
სომხეთის ხელისუფლებამ და რიგმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ ერევანში თბოელექტროსადგურის აშენების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ პროექტში ინვესტიციების ოდენობა 250 მილიონ დოლარს უტოლდება.
რა ეღირება თბოელექტროცენტრალის ენერგია
ახალი ენერგობლოკი ყოველწლიურად 250 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. სახელმწიფო გამომუშავებული ენერგიის მთელი მოცულობის შესყიდვის ვალდებულებას იღებს. თავიდან, წინა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად, ერთი კილოვატი ენერგიის საფასური 6,2 ცენტი უნდა ყოფილიყო. თუმცა, შემდგომ ეს ფასი 5, 7 ცენტამდე შემცირდა. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურების და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სომხეთის თბოელექტროცენტრალებს შორის ყველაზე იაფი ენერგიაა.
მინისტრ გარეგინ ბაგრამიანის თქმით, გამომუშავებული ენერგიის ფასი და მოცულობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების იმედს იძლევა:
„თავდაპირველი ფასის შეცვლის შედეგად დაახლოებით 6,4 დოლარის ეკონომია იქნება შესაძლებელი. ამას, შესაძლოა, ქვეყანაში ტარიფის 1,5 დრამამდე შემცირება მოჰყვეს“.
ამჟამად სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი 1 კილოვატ-საათში 47 დრამს უდრის, ანუ 10 ცენტზე ნაკლებს.
• სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ
• უნდა დაიკეტოს თუ არა ატომური სადგური სომხეთში და უნდა აშენდეს თუ არა ახალი?
ვინ და რა ფულით ააშენებს თბოელექტროცენტრალს
ერევნის ახალი თბოელექტროსადგური კერძო კაპიტალს წარმოადგენს. მას ცნობილი იტალიური კომპანია Renco და გერმანული კონცერნი Siemens აშენებენ. თბოელეტროცენტრალის მშენებლობის პროექტი ნაწილობრივ ამ სტრუტურების მიერ ფინანსდება, ნაწილობრივ კი – საკრედიტო ორგანიზაციების, მათ შორის – აზიის განვითარების ბანკის მიერ.
თბოელექტროცენტრალის მშენებლობა ორ კვირაში დაიწყება. მშენებლობის პროცესში 1000-1200 ადამიანი დაკავდება, ექსპლუატაციაში ჩაბარების შემდეგ კი დაახლოებით 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
რატომ არის ახალი თბოენერგო ცენტრალი სომხეთის ენერგეტიკული სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი
სომხეთში ამჟამად ორი თბოელექტროსადგური მუშაობს – ერევნის და რაზდანის. ორი წლის შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ რაზდანის თბოელექტროცენტრალის ექსპლუატაცია უნდა შეწყვიტოს. ახალმა სადგურმა ძველი უნდა შეცვალოს, ამავდროულად კი, უფრო იაფი ენერგიის წარმოება უნდა უზრუნველყოს.
ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდება ბუნებრივი აირით, რომელსაც ქვეყანა ირანისგან იძენს. სანაცვლოდ, სომხეთი ისლამურ სახელმწიფოში ელექტროენერგიის ექსპორტს ახდენს. ბარტერული სისტემა, მრავალი წელიწადია, მოქმედებს, და ერევანში აპირებენ, რომ დროთა განმავლობაში მიწოდების მოცულობები გაიზარდოს.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სომხეთ-ირანის გაზსადენის შესაძლებლობების ერთი მესამედი იყო გამოყენებული. თუმცა, მისი მოდერნიზაციის შემდეგ მას სომხეთისთვის საჭირო მთელი მოცულობის გადმოქაჩვა შეეძლება (დაახლოებით 2 მილიარდი კუბომეტრი გაზი წელიწადში). ეს ერევანს თავისი ენერგეტიკის სისტემის დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს. ამჟამად ქვეყანა ცისფერი საწვავის თითქმის მთელ აუცილებელ მოცულობას რუსეთისგან იძენს.