ძირითადი ასპექტების ანალიზი: ატომური, სითბური და წყლის ენერგეტიკა, რეგიონული თანამშრომლობის პრობლემები და პერსპექტივები" />

სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ

ძირითადი ასპექტების ანალიზი: ატომური, სითბური და წყლის ენერგეტიკა, რეგიონული თანამშრომლობის პრობლემები და პერსპექტივები

სომხეთში კვლავაც გრძელდება დისკუსიები ქვეყნის უმთავრესი ენერგეტიკული ობიექტის, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის შესახებ. დისკუსიის გააქტიურების მიზეზად იქცა სომხეთსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულება ფართო და ყოვლისმომცველი ურთიერთობების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და ატომურ უსაფრთხოებას შეეხება, აღნიშნულია, რომ სომხეთი ატომური ელექტროსადგურის დახურვისა და მისი ახალი სიმძლავრეებით ჩანაცვლების ვალდებულებას იღებს.

თუმცა, დოკუმენტში კონკრეტული ვადები არ არის მითითებული. საკუთრივ შეთანხმების საბოლოო ხელმოწერა კი ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება. ამის პარალელურად სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგური კიდევ 10 წლის მანძილზე იმუშავებს. ამჟამად მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადა 2027 წლამდეა გახანგრძლივებული. ამასთან, 2008 წელს სერჟ სარგსიანი ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე საუბრობდა. მაგრამ, სპეციალისტების აზრით, პროექტი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მას ერევანი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს.

ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ამ სისტემის ყველა კომპონენტი  ერთად ქმნის. ამიტომ, ჩვენ არამხოლოდ მის მთავარ შემადგენელ ნაწილს, არამედ  მის სხვა დანარჩენ ელემენტებსაც განვიხილავთ. მაგრამ მოდით, მთავარით დავიწყოთ:

ატომური ენერგეტიკა

უკვე 20 წელზე მეტია, რაც სომხური, ანუ მეწამორის ატომური ელექტროსადგური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. მასზე სომხეთის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დააახლოებით 40% მოდის.

ობიექტის ექსპლუატაცია 1977 წელს დაიწყო, თუმცა, სადგურმა მუშაობა შეწყვიტა 1988 წელს, როდესაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ და სომხეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭომ ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს – სეისმურად არამდგრად ზონაში მუშაობასთან დაკავშირებული რისკებისა და ბიძგების განმეორების ალბათობის გამო.

5 წლის შემდეგ, 1993 წელს, დამოუკიდებელი სომხეთის ხელისუფლებამ სადგურის გადატვირთვის გადაწყვეტილება მიიღო. სხვა რესურსების არარსებობის პირობებში, ატომური ელექტროსადგურის ამოქმედება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება იყო.

ატომურმა ენერგეტიკამ მაშინვე  უმთავრესი ადგილი დაიკავა სომხეთის ენერგეტიკულ სისტემაში. ამჟამამად ეს მიმართულება სტრატეგიული ხასიათისაა, თუმცა, მეწამორის ატომური ელექტროსადგური  არაერთ შეკითხვას უჩენს ევროკავშირს, რომელიც სომხეთის ატომური ელექტროსადგურის კონსერვაციას, ან მოდერნიზაციას მოითხოვს.

ეკონომისტი ვააგნ ხაჩატრიანი მიიჩნევს: «ატომური ელექტროსადგურის შესაძლო დახურვა დიდ პრობლემას წარმოადგენს სომხეთისთვის, იმიტომ რომ ეს სადგური უზარმაზარ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ სისტემაში. მეწამორის სადგური სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია».

ატომური ენერგეტიკის შენარჩუნების აუცილებლობაზე ერთხმად საუბრობენ როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების თანამშრომლები, ისე ექსპერტთა წრეების წარმომადგენლები. ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის პირობებში რესპუბლიკის ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გზა უნდა გამონახოს.

თბოენერგეტიკა და ჰიდროენერგეტიკა

სომხეთის დამოუკიდებლობის პერიოდში ატომური ენერგეტიკის პარალელურად ენერგიის წარმოების სხვა საშუალებებიც გამოჩნდა, რომლებიც  საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. კერძოდ, საუბარი გვაქვს თბოენერგეტიკასა და ჰიდროენერგეტიკაზე. სომხეთში ორი თბოელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომლებზეც, მთლიანობაში, სომხეთში ნაწარმოები ელექტროენერგიის საერთო მოცულობის 40% მოდის. მათ შორის ყველაზე მსხვილია რაზდანის თბოელექტროსადგური, რომელსაც  რუსეთის ფედერაცია ფლობს. 2012 წელს უმნიშვნელოვანესი მეხუთე თბოელექტროსადგურის ექსპლუატაცია დაიწყო. სადგური ბუნებრივ გაზზე მუშაობს, რომელიც ირანიდან შემოდის.

ჰიდროენერგეტიკა ქვეყნის ელექტროენერგიის 20%-ს უზრუნველყოფს. ეს დარგი მეტწილად მცირე ჰესების სახითაა წარმოდგენილი. 2017 წლის პირველი იანვრის მონაცემებით სომხეთში 178 ასეთი სადგური მოქმედებდა. სომხეთს სურდა, ირანის მხარესთან ერთად მეგრინის ჰესის მშენებლობა დაეწყო, რომელიც, გეგმის მიხედვით, რეგიონში წყლის ყველაზე დიდი ელექტროსადგური უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ პროექტის რეალიზაციის აქტიურ ფაზაზე გადასვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ცისფერი საწვავი და „გაზპრომი“

ელექტროენერგიის წარმოების მხრივ სომხეთს დიდი პრობლემები არ აქვს და ამ მხრივ ნამდვილად იგრძნობა დადებითი ძვრები, მაგრამ ქვეყანას ბუნებრივი აირის შესყიდვა უწევს. ამასთან, სომხეთს გაზის შეძენა რუსეთისგანაც შეუძლია, და ირანისგანაც. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ესაა ხელისუფლების მთავარი მიღწევა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვასაზრისით.

«დივერსიფიკაციის კუთხით სომხეთმა საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. სომხეთის ენერგეტიკის ზოგიერთ ცალკეულ სფეროში არსებული კრიზისის მიუხედავად, მთლიანობაში რესპუბლიკის ენერგეტიკის სექტორი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც დივერსიფიცირებული – განსაკუთრებით კი გარე მოწოდების კუთხით», – აღნიშნავს ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ვაგე დავთიანი.   

სომხეთში ცისფერი საწვავის მთავარ ექსპორტიორად დღემდე რუსეთი რჩება, თუმცა, „ჩრდილოური“ მიმართულება დროდადრო ოფიციალური ერევნის შეშფოთებას იწვევს ხოლმე.

საქმე ისაა, რომ 2010 წელს საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების სიიდან მოზდოკი-თბილისის გაზსადენი ამორიცხა. ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი გაზსადენის შეძენას აზერბაიჯანული სტრუქტურები აპირებდნენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადგილობრივ ექსპერტებს აღელვებთ, არის რუსული კაპიტალის ექსპანსია. თითქმის ყველა მსვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსული კომპანიის კონტროლქვეშაა გადასული. „გაზპრომ არმენია“, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მიწოდებისა და რეალიზაციის მონოპოლისტია, მთლიანად (100 პროცენტით)  სააქციო საზოგადოება „გაზპრომის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

რუსულ კომპანიას  სომხეთი-ირანის გაზსადენი და ზემოაღნიშნული რაზდანის თბოელექტროსადგურიც ეკუთვნის. ვაგე დავთიანი ხაზს უსვამს იმას, რომ ასეთია რუსული კაპიტალისა და სფეროს მოდერნიზაციისათვის გადახდილი ფასი:

«რუსული ინვესტიციების სანაცვლოდ სომხეთმა თავისი „ენერგეტიკული სუვერენიტეტის“ ნაწილი დათმო. და ამ მხრივ გარკვეული რისკის წინაშე ვდგავართ. რისკები პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ დღეს, როდესაც ენერგეტიკულ სფეროში სხვა სახელმწიფოებთან ვამყარებთ ურთიერთობებს, ასე თუ ისე,  იძულებულნი ვართ გაზპრომის პოზიცია და განწყობა გავითვალისწინოთ ხოლმე. მთავარი საფრთხეები,ზოგადად, სუვერენიტეტის დაკარგვას უკავშირდება და, ჩემი აზრით, ასეთ რისკზე განგებ წავედით – ეს ნაბიჯი სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების (როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების) ამაღლების მიზნით გადაიდგა».

სომხეთ-ირანული ენერგეტიკული თანამშრომლობა

რუსეთის გავლენაზე საუბრისას ირანის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელთანაც ერევანს რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი აკავშირებს. 140-კილომეტრიანი გაზსადენი „ირანი-სომხეთი“ 2007 წელს ამოქმედდა.

თავდაპირველი დამუშავების სტადიაზე აღნიშნული პროექტი  ირანის გაზის ტრანზიტისათვის ირანი-სომხეთი-საქართველო-შავი ზღვა-უკრაინა-ევროპის ენერგეტიკული კორიდორის შექმნას ისახავდა მიზნად. თუმცა, მას შემდეგ, რაც მშენებლობაში „გაზპრომი“ ჩაერთო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მილსადენის დიამეტრის 1,4 მეტრიდან 711 მილიმეტრამდე შემცირების შესახებ. იმ პერიოდში ბევრმა ჩათვალა, რომ ასეთი ზომები „გაზპრომის“ უშუალო ზეწოლით იქნა მიღებული და ირანული გაზისათვის ევროპის ბაზრამდე მისასვლელ გზაზე დაბრკოლების შექმნას ისახავდა მიზნად.

ამჟამად ირანულ-სომხური მილსადენის საშუალებით ირანული გაზის ტრანზიტზე არავინ საუბრობს. ეკონომისტი ვააგნ ხაჩატრიანი მიიჩნევს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სომხეთის ხელისუფლება „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას შეძლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი მილის მშენებლობა გახდება საჭირო.

ამჟამად ირანი-სომხეთის მილსადენი სრული დატვირთვით არ მუშაობს და მასზე ქვეყანაში შემოსული ცისფერი საწვავის საერთო მოცულობის მხოლოდ 20% მოდის.

აღსანიშნავია, რომ სომხურ საზოგადოებაში დროდადრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომლის თანახმადაც ქვეყანას შეუძლია, ირანიდან უფრო იაფი გაზის მიიღოს.

ვაგე დავთიანი მიიჩნევს, რომ გაზის ყველაზე ოპტიმალურ ბაზრად მაინც რუსეთი რჩება:

«არსებობს გაზის ბაზრის ანალიზი და საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ 1000 კუბური მეტრის მოცულობის ირანული გაზი საზღვარზე 180-185 დოლარად ფასდება. და ეს მაშინ, როცა რუსულ გაზს 150 დოლარად ვყიდულობთ.  სხვა საქმეა, თუკი მიღებულ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება სომხური ბაზრისათვის ირანული გაზის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ირანული გაზის ხარისხი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსული ბუნებრივი აირის მახასიათებლებს».

ამის მიუხედავად, თეირანი სომხეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად რჩება ენერგეტიკის სფეროში. უკვე დიდი ხანია, რაც ირანი და სომხეთი ბარტერულ გარიგებას ახორციელებენ – ერთმანეთს ელექტროენერგიასა და გაზს უცვლიან. ამას გარდა, სომხეთისათვის მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ენერგეტიკული კორიდორი, რომელიც ირანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების გაერთიანებას ისახავს მიზნად.

რეგიონული თანამშრომლობა

2017 წლის 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების თანდასწრებით  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამუშავდა. აღნიშნული პროექტი ენერგეტიკის სფეროს არ განეკუთვნება, მაგრამ ის სომხეთის გამიჯვნისა და  მსხვილი რეგიონალური ეკონომიკური ინიციატივების მიღმა დატოვების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

რაც შეეხება საკითრივ ენერგეტიკის სფეროს, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, სომხეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობის შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყანასთან ელექტროენერგიის ბარტერული გაცვლის სისტემა მოქმედებს.

სქემის მიხედვით, სომხეთი ქართული ჰესების მიერ გამომუშავებულ ზედმეტ იაფ ელექტროენერგიას ყიდულობს, ზამთარში კი პირიქით – ქვეყანაში გამომუშავებულ ელექტროენერგიას საქართველოზე ყიდის.  2017 წლისთვის სომხეთის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ჩრდილოეთის მიმართულებით ექსპორტის მოცულობის 20%-იანი ზრდას ვარაუდობენ. ამას გარდა, ელექტროგადაცემის რიგით მეოთხე ხაზის ამოქმედებაც იგეგმება. სავარაუდოდ, აღნიშნული ხაზი 2018 წლამდე გაიხსნება.

„ჩრდილოეთი-სამხრეთის“ კორიდორის შექმნაში საქართველომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ოფოციალური ერევანი ამ გეგმის განხორციელების ლობირებას ცდილობს.  ვააგნ ხაჩატრიანი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის „წარმატების გასაღებად“, შესაძლოა, რუსეთის პოზიცია იქცეს:

«რუსეთსაც სურს ის, რომ სომხეთს საკუთარი ენერგეტიკული სიმძლავრეების პროდუქტიულად გამოყენების საშუალება ჰქონდეს იმისათვის, რათა ეს პროგრამა განახორციელოს. ენერგეტიკული ქსელი, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს მოიცავს, დადებით გავლენას იქონიებს თითოეული ამ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე».

ამას გარდა, სომეხი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სომხეთის ენერგეტიკის სისტემა ქართულ ენერგოსისტემაზე უფრო განვითარებულია და სომხეთის რესპუბლიკას შეუძლია, გარკვეული პერიოდის შემდეგ მეზობელ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს.

ამერიკის შეერთებული შტატები და „სუფთა ენერგია სომხეთში”

ამავდროულად, სომხეთის ენერგეტიკული სისტემა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციები შემოვა. შეერთებული შტატების ელჩმა სომხეთში, რიჩარდ მილზმა განაცხადა, რომ „ამერიკელი ინვესტორები ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ ენერგეტიკის სფეროს მიმართ და ამ სექტორში თანამშრომლობისა და რვა მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს“.

პირველ რიგში, საუბარია მზის ენერგიაზე. ჯერჯერობით ეს პროექტი მხოლოდ სიტყვებად რჩება, მაგრამ ელჩის განცხადებას „უსაფუძვლოს“ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.სპეციალისტები ამბობენ, რომ სომხეთს დიდი პოტენციალი აქვს ამ სფეროში. წელს პირველი საწარმოო ჰელიოსადგური ამუშავდა. თუმცა, ამ მიმართულებით ქვეყანა ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს.

ვაგე დავითიანი მიიჩნევს, რომ განახლებადი ენერგიის(კერძოდ კი მზის ენერგეტიკის) წარმოების არსებით განვითარებას გარკვეული დრო სჭირდება:

«მზისა და ქარის ენერგეტიკის განვითარებისათვის მხოლოდ პოტენციალის ქონა საკმარისი არ არის. დროის საკმაოდ დიდი პერიოდია საჭირო. თუკი ყველაზე მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას გადავხედავთ (იმ სახელმწიფოების, რომელთა ენერგოსისტემებშიც „მწვანე“, ან „სუფთა“ ენერგეტიკა დომინირებს), ადვილად შევამჩნევთ, რომ ამ ქვეყნებმა ამ სისტემების განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გამოიარეს.  თუნდაც  დანია ავიღოთ, რომელმაც ამ სფეროს განვითარება ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ჩვენ კი ბოლო პერიოდამდე საერთოდ არ გვაქონია მზის ენერგეტიკის განვითარების რაიმე რეალური პროგრამა».

მზის ენერგეტიკის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორებზე საუბრისას მისი სიძვირეც უნდა აღინიშნოს. ძვირია როგორც საკუთრივ მზის ენერგია (რომელიც, სომხეთის შემთხვევაში, ჯერჯერობით კონკურენციას ვერ უწევს ატომურ ენერგიას), ისე მისი გამომუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

«დღესდღეობით ჩვენ  მზის ენერგეტიკის განვითარების რეალური შესაძლებლობა გვაქვს. ამისათვის, პირველ რიგში, სახელმწიფო სუბსიდირებაა საჭირო. თუმცა, დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფომ ეს შეძლოს», – ამბობს ვაგე დავთიანი.

რა არის საჭირო სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის?

რაც არ უნდა იყოს, ენერგეტიკა ერთ-ერთია სომხეთის ეკონომიკის იმ მცირერიცხოვან სფეროებს შორის, რომლებმაც განვითარების სერიოზული გზები „გაიარეს“ და დამოუკიდებლობის წლებში გარკვეული წარმატება დააფიქსირეს. არსებითად მნიშვნელოვან მიღწევებს შორისაა ენერგეტიკის ლოგისტიკის დივერსიფიკაცია, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მზად იყოს ისეთი საგარეო ექსცესებისთვის, როგორიც საქართველო რუსეთის 2008 წლის კრიზისი იყო.  

წარმატებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ რესპუბლიკას ელექტროენერგიაზე არსებული შიდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების უნარი აქვს.

სომხეთის ატომურ სადგურთან დაკავშირებით არსებული გარკვეული პრობლემების მიუხედავად, ელექტროენერგეტიკის სფეროც საკმაოდ დივერსიფიცირებულია.

ამის პარალელურად  სომხეთმა კონტროლი დაკარგა უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის რეალიზაციას  და მას (სახელმწიფოს)  გაზპრომზე დამოკიდებულს ხდის. ამის დასტურია ის, რომ ირან-სომხეთის გაზსადენი რეალურად ერთადერთ სახელმწიფოთაშორის პროექტს წარმოადგენს.

უახლოეს მომავალში სომხეთის ხელისუფლებისათვის ენერგეტიკის სფეროში განსახორციელებელ რეფორმებს შორის  უმთავრესია ენერგეტიკული კორიდორის შექმნა, რომელიც ირანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის  ენერგოსისტემებს გააერთიანებს, რაც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ენერგეტიკულ ტანდემთან დაკავშირებული დანაკარგების ნიველირების საშუალებას მოგვცემს.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ