აზერბაიჯანში მუსლიმური გლოვის ნიშნად 1500 ლიტრზე მეტი სისხლი ჩააბარეს
აზერბაიჯანში მორწმუნეებმა მუსლიმურ გლოვის დღესთან, “აშურასთან” დაკავშირებით 1500 ლიტრზე მეტი სისხლი ჩააბარეს.
• რას უჩივიან მუსლიმი ქალები აზერბაიჯანში
• როგორ ცხოვრობენ პროტესტანტები საქართველოში
აშურა წინასწარმეტყველ მუჰამედის და მეშვიდე საუკუნეში მოწამეობრივად აღსრულებული მისი თანმხლებთა ხსენების დღეა. ქვეყნის მეჩეთების უმეტესობაში დილიდან სამგლოვიარო ლოცვა და რიტუალური დატირება აღევლინა.
წინათ ამ დღეს ბევრი მორწმუნე, გლოვის ნიშნად, საკუთარ სხეულზე ჯაჭვებს ირტყამდა და თავსაც კი იტეხავდა. მაგრამ ბოლო წლებში, თვითგვემის ნაცვლად, მიღებულია სისხლის ჩაბარება. მეჩეთებში სიმბოლური თვითგვემა ჯერ კიდევ ტარდება, მაგრამ ნამდვილი მძიმე ჯაჭვები შეცვალა წვრილი მძივების შეკვრამ, რომლებიც ტრავმებს არ აყენებს.
პოლიცია ამ დღეს გაძლიერებული რეჟიმით მუშაობდა: ადათების მეჩეთის გარეთ შესრულება აკრძალულია.
რა მოხდაVII საუკუნეში?
აშურა – სამგლოვიარო თვის მუჰარამის მეათე დღეა, მისი „კულმინაცია“ დგება, როდესაც მუსლიმთა ერთი ნაწილი გლოვობს ჰუსეინს (მუჰამედის შვილიშვილს) და მის თანმხლებთ, რომლებიც ხალიფა მუავიის ვაჟთან იაზიდთან ბრძოლაში დაიღუპნენ. ეს 680 წელს ქალაქ კერბალას მახლობლად მოხდა (მუსლიმთა წმინდა ქალაქი, რომელიც თანამდროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს).
ჰუსეინის დაღუპვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ორ განშტოებად დაიყო: ჰუსეინის მომხრე შიიტებად, და სუნიტებად – იაზიდის მიმდევრებად. ეს განხეთქილება დღემდე არსებობს, რაც ბევრ ომსა და კონფლიქტს წარმოშობს. შესაბამისად, აშურა სამგლოვიარო დღედ მხოლოდ შიიტებს მიაჩნიათ.
თუმცა, მას სუნიტებიც აღნიშნავენ, ოღონდ – სხვანაირად და სხვა მიზეზით. ყურანის თანახმად, ეს დღე ცის, მიწის, ანგელოზებისა და პირველი ადამიანის შექმნას ემთხვევა, და აპოკალიფსიც ამ დღეს დადგება.
ორჯერ ნაკლები, ვიდრე შარშან
აშურას თარიღი წლიდან წლამდე იცვლება. 2019 წელს ის 10 სექტემბერს დაემთხვა.
მთელი ქვეყნის საავადმყოფოებსა და მეჩეთებში დონორების სისხლის ჩასაბარებელი პუნქტები გაიხსნა. ორგანიზატორები იყვნენ – ჯანდაცვის სამინისტრო და კავკასიის მუსლიმთა სამმართველო.
3 510 ადამიანმა თითქმის 1580 ლიტრი სისხლი ჩააბარა – გადმოსცემს Report. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, როდესაც 5340 დონორისგან 2403 ლიტრი სისხლი შეგროვდა.
ამავდროულად შარშან 288 დონორს ჰეპატიტი ან სიფილისი აღმოუჩინეს, ერთს კი – შიდსი. წლევანდელი ანალიზების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
გლოვის თვე 29 სექტემბერს დასრულდება. ამ თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ქორწილების გადახდა და დიდი დღესასწაულების მოწყობა მიუღებელია.