ბაქო ბაქოელებისთვის
ამიერიდან ყველა ჩამომსვლელი, რომელიც ბაქოს მანქანით სტუმრობს, თავის სატრანსპორტო საშუალებას ქალაქის გარეუბანში მოწყობილ ავტოსადგომზე დატოვებს და ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შევა. ავტოსადგომები უფასო იქნება.
სოციალურ ქსელებში არ წყდება კამათი აღნიშნული რეგულაციის ავკარგიანობის შესახებ. ზოგიერთი ამბობს, რომ ავტომობილების პარკირებასა და მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადასხდომის პროცესში ბევრი დრო დაიკარგება. ზოგიერთი კი საწვავთან დაკავშირებულ დანახარჯებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ბაქოში ჩასვლა საქალაქთაშორისო ავტობუსით უფრო იაფი გამოდის.
აღინიშნა ისიც, რომ ასეთი წესი გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს.
ბაქოელები ჯერჯერობით ვერ ამჩნევენ საცობების შემცირებას და, გარკვეულწილად, სწორედ ამის გამო უყურებენ სკეპტიკურად ზემოაღნიშნულ სიახლეს. იურისტი ელშად ჰუსეინოვი, რომელიც საგზაო მოძრაობის ექსპერტად ითვლება, ამბობს:
“თუკი ბაქოს სხვა ქვეყნების დედაქალაქებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქალაქში არც ისე ბევრი მანქანაა. ამდენად, გამოდის, რომ პრობლემაა არა ავტომობილების რაოდენობა, არამედ საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა და გზაზე მოქცევის კულტურის დეფიციტი”.