ბაქოში ასამართლებენ ორგანოებით მოვაჭრეს, რომლის გამო 27 ადამიანი დაზარალდა
ბაქოში ასამართლებენ ვაჰიდ ხუდატროვს, რომელსაც ბრალად ორგანოების უკანონო ტრანსპლანტაციისა და ყიდვა-გაყიდვის ორგანიზება ედება. ამ საქმეზე, დაზარალებულების სახით, 27 ადამიანი დაიკითხა.
თავის თანამზრახველებთან ერთად, რომელთა შორის უცხოელებიც არიან, ხუდატოვი აზერბაიჯანის მოქალაქეებს თირკმელების გაყიდვაში „ეხმარებოდა“.
• როგორი სამუშაო აქვთ აზერბაიჯანელ ექიმებს
• რატომ უბერავენ სახალხო მკურნალები ბავშვებს ცხვირში
ერთ-ერთი დაზარალებული, საიდ აგაევი სასამართლოზე მოჰყვა, რომ თირკმლის გაყიდვა საბანკო სესხის – 3 ათასი მანათის (დაახლოებით $1765) დაფარვის გამო გადაწყვიტა. თავის ნათესავისგან ის ორგანოების ვაჭარს დაუკავშირდა, და თირკმლის 12 ათას მანათად გაყიდვაზე (დაახლოებით $7059) შეუთანხმდა, მაგრამ შემდეგ შეშინდა და გადაიფიქრა.
ზოგიერთი დაზარალებული, მართალია, სასამართლოზე მივიდა, მაგრამ მსჯავრდებულის მიმართ სიბრაზე არ აქვთ. მაგალითად, შაკირ ნაგიევმა თქვა, რომ თირკმელი $17 ათასად გაყიდა და მყიდველების მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. მან ფული მიიღო, კვლევები ირანში ჩაუტარდა, ოპერაცია კი თბილისში გაუკეთეს.
აზერბაიჯანში დონორული ორგანოების ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. გასული წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ელჰან აზიზოვმა პარლამენტს ამ შეზღუდვის მოხსნა შესთავაზა.
„იქნებ ეს, რომ ლეგალური გახდეს, დონორული ორგანოების რიგების პრობლემა გაქრეს. გარკვეული ჩარჩოებით ამის დაშვება ცუდი არ იქნებოდა. კრიმინალური მიზნებით ორგანოებით ვაჭრობა, რასაკვირველია, მკაცრად უნდა ისჯებოდეს“, – თქვა აზიზოვმა.
ის ასევე იმის გამო ჩიოდა, რომ კლინიკებში პაციენტებს უარს ეუბნებიან იმ ადამიანების ორგანოების გადანერგვაზე, რომლებიც მათ ნათესავებად არ ეკუთვნით, არადა კანონში ასეთი აკრძალვა არ არის.