აზერბაიჯანში მუსლიმი ღვთისმსახურები ხელფასს სპეციალური ფონდიდან მიიღებენ
გაზიარება
გაზიარება
2018 წლის მაისიდან აზერბაიჯანში მოღვაწე მუსლიმი ღვთისმსახურები სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდიდან სპეციალურ დახმარებას მიიღებენ. შემწეობის ოდენობა 200-დან 400 მანათამდე [დაახლოებით 117 დოლარიდან 235 დოლარამდე] მერყეობს და ღვთისმსახურის სასულიერო წოდებაზეა დამოკიდებული. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი დაახლოებით 500 მანათით განისაზღვრება.
ხელფასს ყველა არ მიიღებს. სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად (სწორედ ამ ორგანიზაციას ექვემდებარება აღნიშნული ფონდი) იმ რელიგიური მოღვაწეების სიებს ადგენს, რომლებსაც ფინანსური გასამრჯელო დაენიშნებათ.
“მხარდაჭერას ოფიციალურად დანიშნული რელიგიური მოღვაწეები მიიღებენ. ამ რელიგიურმა მოღვაწეებმა სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდთან ხელშეკრულება გააფორმეს”, – trend.az-თან საუბრისას განაცხადა რელიგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, მუბარიზ ყურბანლიმ.
მისი თქმით, კავკასიის მუსლიმების სამმართველოსა და სულიერი ღირებულებების პროპაგანდის ფონდის საშუალებით იმ რელიგიური მოღვაწეების საქმიანობა გაკონტროლდება, რომლებიც მატრიალურ მხარდაჭერას მიიღებენ.
სავარაუდოდ, ფონდს დაფინანსების სხვა წყაროებიც ექნება. ასეთი რესურსების მაგალითია ის შემოწირულობები, რომლებიც ადრე უშუალოდ მეჩეთებში შედიოდა და საერთოდ არ კონტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ.
აზერბაიჯანის მოსახლეობის 96%-ზე მეტი მუსლიმია. ქვეყანაში რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნულია და კონსტიტუცია აღმსარებლობის თავისუფლების გარანტიას იძლევა. აზერბაიჯანში თავისუფლად მოქმედებენ ქრისტიანული, იუდაისტური და სხვა სათვისტომოები. თუმცა, ხელისუფლება რადიკალურ ისლამსა და ზოგიერთ სექტას თანმიმდევრულად ებრძვის.