აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ჰადიჯა ისამაილოვას საბანკო ანგარიში გაუყინეს
ჟურნალისტ ჰადიჯა ისმაილოვას არ შეუძლია იმ კომპენსაციის მიღება, რომელიც მას აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ერგება, რადგან გადასახადების სამინისტრომ მისი საბანკო ანგარიში გაყინა. ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ ევროპის სასამართლოს მიერ დანიშნული კომპენსაციის გადახდის საწინააღმდეგო ყველა დაბრკოლება უკანონოა. გადასახადების სამინისტრო და ეროვნული ბანკი კომენტარებისგან თავს იკავებს, წერს ВВС.
ვინ არის ჰადიჯა ისმაილოვა
ჰადიჯა ისმაილოვა – აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც ხელისუფლების მისამართით ხმაურიანი გამოძიებებითა და კრიტიკით არის ცნობილი.
2015 წელს მას გადასახადებისგან თავის არიდების, უკანონო მეწარმეობისა და თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით, შვიდნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2016 წელს კი პატიმრობის ვადა პირობითი სასჯელით შეეცვალა.
ვიდრე ხადიჯა ისმაილოვა ციხეში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციები მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ამ პატიმრობას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.
• ადამიანი უფლებები კავკასიაში —Amnesty International-ის დასკვნები
• პოლიტპატიმრების ისტორიები აზერბაიჯანში
კომპენსაცია – რისთვის?
ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში ხადიჯა ისმაილოვა საპროტესტო აქციაზე დააკავეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს, მან ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა, და მას საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება დაევალა. 2017 წლის აპრილში ევროპის სასამართლომ ეს დარღვევად ცნო და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ისმაილოვასთვის, კომპენსაციის სახით, 6 ათასი ევროს, ხოლო სასამართლო ხარჯების დასაფარად 2 ათასის გადახდა დააკისრა.
რატომ გაყინეს ანგარიში?
ჰადიჯა ისმაილოვას ადვოკატი ფარიზ ნამაზლი უშვებს, რომ ანგარიში, შესაძლოა, გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდების გამო გაყინეს. თუმცა, კომპენსაციის გადახდისთვის დაბრკოლებად ესეც კი არ უნდა ქცეულიყო.
ნამაზლი აპირებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართოს.
ჰადიჯა ისმაილოვას თქმით, მისი ანგარიში 4 დეკემბერს გაყინეს, 11 დეკემბერს კი იმავე ანგარიშზე კომპენსაცია დაირიცხა (დაახლოებით 7 ათასი ევრო).
„გამოდის, რომ ეროვნულმა ბანკმა, გაუთქმელობის კანონის დარღვევით, გადასახადების სამინისტროს ჩემი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა? ან ეს პრეზიდენტის აპარატში გააკეთეს“, – ვარაუდობს ჟურნალისტი.