"სიტყვა სომხეთზეა": რას ფიქრობენ ერევანში ОДКБ-ში ქვეყნისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაზე
ОДКБ-მ სომხეთს ხმის უფლება ჩამოართვა
რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) სომხეთს ხმის უფლება ჩამოართვა. გარდა ამისა, ქვეყანამ ოფიციალურად დაკარგა საკვანძო თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნის უფლებაც – ამ უფლებაზე ერევანს, ფაქტობრივად, უკვე დიდი ხანია თავად ჰქონდა უარი ნათქვამი.
ეს გადაწყვეტილებები ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 11 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი სხდომას არ დასწრებია.
ОДКБ-ში ოფიციალურად ექვსი სახელმწიფო შედის: რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. 2024 წლის თებერვლიდან სომხეთმა ОДКБ-ში მონაწილეობა გაყინა.
ქვეყანა აღარ მონაწილეობს ორგანიზაციის ღონისძიებებში და აღარ იხდის საწევრო შენატანებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორგანიზაციამ წესდებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. კერძოდ, ОДКБ არ გამოეხმაურა 2021-2022 წლებში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევებს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლება მოკავშირეებს დახმარებას სთხოვდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უმოქმედობა იმით ახსნეს, რომ შეჭრის ფაქტის დადასტურება „შეუძლებელია“, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დელიმიტირებული არ არის.
ამის საპასუხოდ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „თუ ვიტყვით, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ОДКБ-ც არ არსებობს. რადგან ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა აქვს, რომელიც საზღვრებით განისაზღვრება. თუ საზღვარი არ არსებობს, არც პასუხისმგებლობის ზონა არსებობს, ხოლო თუ პასუხისმგებლობის ზონა არ არსებობს, მაშინ არც ორგანიზაცია არსებობს“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ სომხეთი რამდენიმე წელია საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს. კერძოდ, მან საწევრო შენატანების გადაუხდელობა იგულისხმა.
ორგანიზაციის წესდების თანახმად, სომხეთს ОДКБ-ში უფლებების აღდგენა არსებული დავალიანების დაფარვის შემდეგ შეეძლება.
ერევანს ОДКБ-ს გადაწყვეტილებაზე ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია. შესაძლოა, სომხეთის ხელისუფლებამ საჭიროდ არ ჩათვალა ამ საკითხზე არაერთხელ გაჟღერებული პოზიციის გამეორება.
- „რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გარკვეული წრეები სომხეთის ოპოზიციის საიდუმლო გეგმას მხარს უჭერენ“ – ფაშინიანი
- “თუ რუსეთი სამხედრო ბაზას გაიყვანს, წინააღმდეგი არ ვიქნებით” — ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრა შეაჯამა
ერთი კვირის წინ, ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, განაცხადა: „მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავაფიქსიროთ: ОДКБ-ის მიმართ ჩვენი ინტერესი ამოწურულია“.
თუმცა, ამ სტატიის გამოქვეყნების დროისთვის, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა:
„ხმა იქ ჩამოგვართვეს, სადაც ყველა ძალიან ხმამაღლა დუმდა, როცა ერთობლივად გვხოცავდნენ“.
ОДКБ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა არც ექსპერტებისთვის და არც ქვეყნის მოსახლეობისთვის.
მეტიც, მათი აზრით, ერევანს ხმის უფლების ჩამორთმევას არ უნდა დალოდებოდა. ბევრი მიიჩნევს, რომ სომხეთს ორგანიზაცია დიდი ხნის წინ თავად უნდა დაეტოვებინა.
პოლიტიკოსმა, პარტია „აირენიკის“ („სამშობლო“) ყოფილმა წევრმა ბაბკენ არუთიუნიანმა, ОДКБ „პროაზერბაიჯანულ სტრუქტურად“ შეაფასა.
საკუთარი მოსაზრება მან იმით დაასაბუთა, რომ მოკავშირეები თანაბარ მდგომარეობაში აყენებენ ორ ქვეყანას – ორგანიზაციის წევრ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომელსაც „მეგობრულ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებენ.
„ორგანიზაცია ბოლო ნაბიჯს თავად სომხეთს უტოვებს. საბოლოო სიტყვა ერევანმა უნდა თქვას. ან, შესაძლოა, იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში მათთვის სასურველი [პრორუსული] ძალები მოვლენ, რომლებიც სომხეთს კვლავ ОДКБ-ეს ფეხქვეშ დააბრუნებენ. აზერბაიჯანის მიერ ჯერმუკისა და სომხეთის სხვა ტერიტორიების მრავალწლიანი ოკუპაციის შემდეგ, სომხეთმა ОДКБ უნდა დატოვოს“, – მიიჩნევს ის.

ОДКБ-ის გენერალური მდივანი: „მოსკოვის სამიტზე სომხეთის ОДКБ-დან გარიცხვის საკითხი არ განხილულა“
ОДКБ-ის გენერალურმა მდივანმა ტაალათბეკ მასადიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ორგანიზაციიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ მდგარა.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთს საწევრო შენატანები არ გადაუხდია და არც საკუთარი თანამშრომლები მიუვლენია ОДКБ-ის სამდივნოსა და გაერთიანებულ შტაბში. ანუ, ფაქტობრივად, სომხეთი, ფორმალურად იყო მაგრამ […] განხილვებში მონაწილეობას არ იღებდა. თუ საწევრო დავალიანებას დაფარავს, ორგანიზაციაში ხმის უფლებას დაიბრუნებს. გადაწყვეტილება სომხეთის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული“.
მანამდე მასადიკოვი აცხადებდა, რომ სომხეთმა, არსებითად, ორგანიზაცია უკვე დატოვა:
„ისინი ყოველკვირეულ ანგარიშებს ისმენენ, მაგრამ ჩვენს ძირითად ღონისძიებებში, წვრთნებში და მსგავს აქტივობებში არ მონაწილეობენ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სწორედ ОДКБ-ის წესდების 25-ე მუხლი მოქმედებს. ფაქტობრივად, მათ ორგანიზაცია უკვე თავად დატოვეს“.
ОДКБ-ის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფო ხმის უფლებას კარგავს, თუ არ იხდის საწევრო შენატანებს ან არ იკავებს კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობებს.
„პოლიტიკური და დიპლომატიური დაძაბულობის გაღრმავების კიდევ ერთი გამოვლინება“
პარტია „რეფორმისტების“ თავმჯდომარემ ვაან ბაბაიანმა, ОДКБ-ის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ ერევნისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა სულაც არ არის „ტექნიკური ან ფინანსური საკითხი“:
„ეს სომხეთსა და ОДКБ-ს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური დაძაბულობის გაღრმავების კიდევ ერთი გამოვლინებაა“.
მისი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებები რამდენიმე შედეგს გამოიწვევს:
- „სომხეთი კარგავს ორგანიზაციის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენის შესაძლებლობას;
- სომხეთსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სფეროებში უნდობლობა კიდევ უფრო იზრდება“.
ბაბაიანი ასევე აფრთხილებს, რომ ამ სტრუქტურაში სომხეთის ინსტიტუციური პოზიციები სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ფორმალურად კვლავ რჩება სამხედრო ბლოკის წევრად.
პოლიტიკოსი ხელისუფლებისგან მხოლოდ განცხადებებს კი არა, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვითარების სერიოზულ და გააზრებულ შეფასებას მოელის:
„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები, მკაფიო მოკავშირეული ურთიერთობები და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საგარეო პოლიტიკა“.
კომენტარები სოციალურ ქსელებში
„ОДКБ-ის დაარსებიდან მოყოლებული, სომხეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ხმის ამოღება გაბედა – და ამის გამო ხმის უფლება ჩამოართვეს. პირდაპირ ძველბერძნულ ტრაგედიას ჰგავს: აღარ იცი, იცინო თუ იტირო“.
„ისინი ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებაში „სამო კალუჟსკი“ [დაპატიმრებული რუსი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელიც ოპოზიციურ პარტია „ძლიერ სომხეთს“ ხელმძღვანელობს] ან ვინმე მისი მსგავსი მოვა. და მაშინ ხმის უფლებას აღუდგენენ. სხვა შემთხვევაში, დიდი ხნის წინ გააგდებდნენ“.
„სომხეთს დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინა ეს სულელური სტრუქტურები – ОДКБ და EAEU [რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური ბლოკი]. მომავალში სომხეთის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა“.
„სომხეთმა თავად გადაწყვიტა წასვლა. არავის მისთვის არანაირი უფლება არ ჩამოურთმევია. ილუზიებით ნუ იცხოვრებთ“.
„ჩვენ არც გვჭირდებოდა ხმის უფლება. გაჭირვების დროს დაგვეხმარნენ, ახლა კი უფლებებს გვართმევენ? ამის გადატანა მართლაც რთული იქნება. ჩვენს სახელმწიფო საზღვარსაც კი არ აღიარებენ“.
„საერთოდ, რა არის ОДКБ? უსარგებლო, არაფრის მომცემი პუტინის ორგანიზაცია. უაზრო „პუტინის კანტორა“ სომხეთისგან საწევრო შენატანებს ითხოვს, მაგრამ აზერბაიჯანის შეჭრაზე თვალს ხუჭავდა“.
„ხმის უფლება მკვდარ ორგანიზაციაში ჩამოგვართვეს“.
„ღირს კი საერთოდ ნერვიულობა? ამ მოღალატური სტრუქტურის საქმიანობა ღალატის გარდა რაში გამოიხატებოდა?“
„ღმერთს მადლობა! მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა სომხეთს ამ გახრწნილ საბჭოთა ნაგლეჯთან აღარაფერი ექნება საერთო“.
ОДКБ-მ სომხეთს ხმის უფლება ჩამოართვა