მშენებლობისა და ნგრევის იდუმალი რიტმი ერევანში. მოსაზრება" />

ბრინჯაოს ადამიანები

მშენებლობისა და ნგრევის იდუმალი რიტმი ერევანში. მოსაზრება

ერევანში სკულპტურული ბუმი დაიწყო. ერთი შეხედვით, ჩვენი ახალშენებითა და ახალი კვარტლებით გადატვირთული პატარა დედაქალაქი სულ მთლად გადაივსო და ახალი მშენებლობებისთვის ადგილი აღარ დარჩა (განსაკუთრებით, ცენტრში), მაგრამ ხელისუფლება შეუპოვრად ცდილობს, თავის სამშენებლო შედევრებს სკულპტურებიც შეჰმატოს.

თანაც, ქალაქში აქტიურად ანგრევენ ძველ შენობებს. ლოგიკის მიხედვით, ერევანში, რომელიც რომზე უფრო ძველი ქალაქია, თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდნენ იმ მცირერიცხოვან შენობებს, რომლებიც მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისშია აგებული. წითელი, შავი და ვარდისფერი ტუფით ნაგები ეს შენობები, როგორც წესი, ერთ ან ორსართულიანია და წვრილად დამუშავებული ორნამენტებითაა შემკული. რაც მთავარია, თითოეული ეს ნაგებობება ისტორიას ინახავს.

sos-afrikianner

მაგრამ ამ პატარა შენობებს ძალიან ძვირფასი ფართობი უკავია, სადაც შესაძლებელია, რომ ინვესტორისთვის შემოსავლის მომტანი, მრავალბინიანი, თუმცა უსახური მონსტრები აღმოცენდეს. ფული გადამწყვეტი ფაქტორია და ხელისუფლება ისტორიული შენობების დანგრევის ნებართვას მარტივად გასცემს.

4

ქალაქი კულტურული ღირებულების სტატუსიანი შენობების დაცვას რამდენჯერმე შეეცადა. მოქალაქეები ამ ნაგებობებს ხმაურიანად და სიამოვნებით იცავდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ – ერევანში ორი ლამაზმანი აღიგავა პირისაგან მიწისა -აფრიკიანების სახლის შავი შენობა და არამის ქუჩაზე მდებარე წითელი ნაგებობა.

3

5

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი შენობა ღამით, მალულად განადგურდა – განგაშის ზარის შემოკვრა და შენობის დაცვა რომ ვერავის მოესწრო. სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა დეველოპერმა და ნაკვეთის მესაკუთრემ: “საჩივრების თავიდან აცილების მიზნით, შენობის დემონტაჟი ღამით მოხდა.”

დედაქალაქის ხელისუფლება ერთი და იმავე სიხშირით ანგრევს ძველ შენობებს და დგამს ახალ ძეგლებს. ალბათ ის უნდათ, რომ  ბეტონსა და ქვაში ამომხრჩვალი ერევანი მოგონებების გარეშე დატოვონ და ახალი სიმბოლოებით შეამკონ.

საგულისხმოა, რომ ეს ახალი სიმბოლოები სინამდვილეში ძველია და მტვერმოყრილი, უკვე ისტორიის კუთვნილებად არის ქცეული და მოძველებული ესთეტიკით ხასიათდება. სახელმწიფო დონეზე, ძირითადად, სოცრეალიზმის სტილის მონუმენტური ძეგლები იდგმება და იმ საბჭოთა დროის ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებსაც არაერთგვაროვანი დამსახურებები მიუძღოდათ.

გასულ წელს მცდელობა ჰქონდათ, ძეგლი დაედგათ ცნობილი საბჭოთა მოღვაწისთვის, “წითელი ტერორის” მონაწილე ანასტას მიქოიანისთვის. ამ ინიციატივას საზოგადოების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა, და საბოლოოდ ხელისუფლებამ თავის წამოწყებაზე უარი თქვა. მაგრამ, როგორც იტყვიან, ამ შემთხვევის შემდეგ მათ ჭკუა ისწავლეს…

და შემდეგ ჯერზე, როდესაც გადაწყვიტეს, ბრინჯაოს ქანდაკებით საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი სომეხი მოღვაწე უკვდავეყოთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს გეგმა, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, უფრო ზუსტად კი, მალულად განახორციელეს.

ერთ დღეს გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქის ერთ-ერთ სკვერში საბჭოთა კავშირის მარშლის, ამაზასპ ბაბაჯანიანის ძეგლი დადგეს. ამ სიახლემ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. ბაბაჯანიანი ცნობილია არა მხოლოდ როგორც მხედართმთავარი, რომელმაც ნაცისტურ გერმანიაზე შეტევა მიიტანა, არამედ – როგორც უნგრეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის  ჩამხშობიც,  როდესაც ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის კონტროლის ზონიდან გასვლას ცდილობდა. ახლა კი სომხეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლით თავისუფლება მიიღო, ძეგლს უდგამს ადამიანს, რომელმაც განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაახშო.

6

რა თქმა უნდა, ისტორია ყოველთვის ხელახლა იწერება და ყველაფერი ამჟამინდელი რეალობისთვის ხელსაყრელად წარმოჩინდება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება სომხეთში, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.

ერთი მხრივ, ქალაქის პოსტამენტებზე საბჭოთა პერიოდის სიმბოლოებად ქცეული სახეები ჩნდება, მეორე მხრივ კი, შემოღებულია მეშჩანური ეკლექტიკა – ადამიანები დუდუკებით, დოლებით, ყვავილებითა და ჯვრებით.

8

რამდენიმე წლის წინათ ქალაქის სკამები პოეტებისა და ცნობილი ადამიანების ქანდაკებებით შეამკეს. ფიგურები საშუალო სიმაღლის ადამიანზე დაბალი იყო და თან – უხარისხო მასალისგან დამზადებული. მცირე ზომისა და მყიფე მასალის ყალიბებში გამომწყვდეულმა დიდმა ადამიანებმა ამ განსაცდელს ვერ გაუძლეს და მოკლე ხანში დაიმტვრნენ და გაქრნენ.

7

ბრინჯაოს უზარმაზარი ქანდაკებები კი არ გაქრება. თანაც, ეს ძეგლები მაღალ კვარცხლბეკებზეა დადგმული. ალბათ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ქანდაკების მაღალ კვარცხლბეკზე შედგმა უფრო უსაფრთხოა და ასეთ მდგომარეობაში ძეგლს იერიც უფრო დიდებული აქვს. საერთოდ, უსახურობა ყოველთვის უსაფრთხოა. საშიში მხოლოდ უნიღბო სახეებია.

უკვე რამდენიმე წელია, რაც თვითმყოფადი იერის შენობებს ანადგურებენ და, მათ ნაცვლად, უსახურ მრავალსართულიან შენობებს აგებენ. შედეგად, ამ მაღლივი შენობების გარშემო გაურკვეველი სკულპტურული ანსამბლები, ბრინჯაოს კომპოზიციები და… ეკლესიები ჩნდება.

დიახ, ერევანში ეკლესიების მშენებლობის ბუმიც შეინიშნება. და გაურკვეველია, რატომ მაინცდამაიც ერევანში – როდესაც სომხეთის ტერიტორიაზე მრავალი ისეთი ტაძარია, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს.

არაერთგვაროვნად მიიღეს გარეგინ ნჟდეს მემორიალიც. ამ ქმნილების გარეგნული იერიც და იდეური გზავნილიც ურთიერთდაპირისპირების მიზეზად იქცა. ნჟდე მმართველი რესპუბლიკური პარტიის სიმბოლოა, რადგან ამ პარტიის იდეოლოგია სწორედ მის მოსაზრებებს ეფუძნება.

ბრინჯაოს მანტიაში გამოწყობილი ნჟდე უკნიდან კლდის ერთგვაროვან ნატეხს წააგავს. მემორიალმა ოფიციალური მოსკოვის უარყოფითი რეაქციაც გამოიწვია. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნჟდე “ნაცისტად” მოიხსენიება. ამის შემდეგ ხელისუფლებას თავის მართლება და იმის განმარტება მოუხდა, რომ ეროვნულ გმირ ნჟდეს მართლაც აღელვებდა ერის ბედ-იღბალი.  

9

ქალაქის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ერევანში აღმოცენებული ძეგლები ქალაქის ისტორიის სიმბოლოებად უნდა იქცეს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ძეგლები საზოგადოებაში ცხარე დისკუსიის საგანი ხდება და, ხშირ შემთხვევაში, თავად ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

მაგრამ შედეგის არარსებობა, მთელი ეს რეალობა და ფრაგმენტული კრიტიკა მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს.  მოქალაქეებს არ შეუძლიათ, რომ თავიანთი ქალაქის იერსახის შექმნაზე გავლენა მოახდინონ. ერევანი თითქოს იხუთება ამ უშინაარსო, ესთეტიკური თვალსაზრისით უგემოვნო და ხშირად ვულგარული ფორმების შენობებს შორის.

იმედგაცრუება განსაკუთრებით მაშინ გეძალება, როდესაც ხედავ, თუ როგორც თხრიან მიწას მორიგი მრავალსართულიანი შენობის ფუნდამენტისთვის, როგორ ანგრევენ კიდევ ერთ ლამაზ შენობას და როგორ დგამენ ბრინჯაოს მორიგ სკულპტურას.

ეკლესიების რაოდენობა კი ალბათ იმისთვის მატულობს, რომ ადამიანებმა ყოველ ნაბიჯზე აღმოცენებული, უგემოვნო სავაჭრო-იდეოლოგიური ურჩხულებისგან გადასარჩენად ვილოცოთ.

გამოქვეყნდა: 23.08.2016


ასევე წაიკითხეთ