საქართველოში ეს თარიღი ოკუპაციის წინააღმდეგ აქციებით აღინიშნება" />

საქართველო: 9 წელი აგვისტოს ომიდან

საქართველოში ეს თარიღი ოკუპაციის წინააღმდეგ აქციებით აღინიშნება


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პოლიტიკოსები, მთავრობის წარმომადგენლები და გარდაცვლილთა ნათესავები 8 აგვისტოს დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ.

”8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. მე მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა საკუთარი სამშობლოსათვის. მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობისას.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მან მშვიდობის უალტერნატივობასა და შერიგების აუცილებლოვაზე ისაუბრა:

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველაფერი სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვცნობთ არანაირ „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

„9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია. რეალურად, ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კაცობრიობის წინაშე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა. მაშინვე საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაეროში 1992 წელს იქნა აღიარებული. საქართველოს საზღვრების ურყევობა, მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა. 2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. ამ მცდელობაში, რუსეთი არის სრულიად მარტო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

“ ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ. ეს არის ჩვენი სამშობლოს გამთლიანება და ერთიანობა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

“8 აგვისტო ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. ბევრი ადამიანი დღესაც ზარალდება განგრძობადი ოკუპაციით. ჩვენი გზავნილი ამ ადამიანებისთვის დღეს არის ის, რომ ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, სახელმწიფო დგას მათ გვერდით – იქნებიან ეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი, იძულებით გადაადგილებული პირები თუ მავთულხლართების მიღმა დარჩენილი მოქალაქეები,” – აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით სხვა სახელმწიფო უწყებებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე.

 

დღეს ენგურის ხიდთან და სოფელ ხურვალეთთან ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება.

საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან იკრიბებიან ასევე ახალგაზრდები, რომლებიც მსვლელობით გაემართებიან რუსეთის საელჩოს შენობისკენ. აქციის სლოგანია “ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!” აქცია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა სოციალური ქსელით დაგეგმეს.

2008 წლის აგვისტოში სამხრეთი ოსეთის ირგვლივ განვითარებული კონფლიქტი ხუთდღიან საომარ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელშიც საქართველო და რუსეთი მონაწილეობდნენ.

სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო, რის გამოც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. საქართველოს ვერსიით, რუსეთი მანამდე ემზადებოდა ავტონომიაში ჯარის შესაყვანად, და საქართველოს ჯარის ქმედება ამ მუქარისა და სამხრეთი ოსეთის ხელისფლების მხრიდან პროვოკაციაზე პასუხი იყო. რუსული მხარის ვერსიით კი, ჯარი რეგიონში მოქალაქეებისა და სამშვიდობო ჯარის დასაცავად შეიყვანეს.

7 აგვისტოს ღამით, ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა, მამუკა ყურაშვილმა გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ.

8 აგვისტოდან დაიწყო ინტენსიური ბრძოლები საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის.

12 აგვისტოს მოსკოვში საფრანგეთის (შუამავალი მხარე) და რუსეთის პრეზიდენტებმა, ნიკოლა სარკოზიმ და დიმიტრი მედვედევმა საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

 მოსკოვსა და თბილისს შორის გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც დღემდე არ აღდგენილა.

არსებული ვითარების გამოსაძიებლად ევროკავშირის მიერ შექმნილი საგანგებო კომისიის ანგარიშის თანახმად,  საქართველომ  – 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაკარგა, ოსური მხრიდან  კი 365 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ასევე დაიღუპა 67 რუსი სამშვიდობო ჯარისკაცი.

სამხრეთი ოსეთის ტერიტორიიდან ათასობით ეთნიკური ქართველი დევნილად. საკუთარი სახლ-კარი იძულებით მიატოვა 80 ათასმა ადამიანმა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, “რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით”.

დღეის მდგომარეობით შექმნილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე.

ამის პარალელურად, კონფლიქტის ზონაში კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, რუსი სამხედროების მიერ მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და მავთულხლართების დამონტაჟება.

რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილ შესაძლო, სამხედრო დანაშაულს ამჟამად იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისი.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო 


ასევე წაიკითხეთ