შესაბამისი კანონპროექტი უკვე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარე რეგულაციების მომხრეა" />

საქართველოში, შესაძლოა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ციხეში ჩაგსვან

შესაბამისი კანონპროექტი უკვე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარე რეგულაციების მომხრეა

საქართველოს პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს,  რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადამიანების დასჯას ითვალისწინებს. იდეის თანახმად, ცვლილებები “სისხლის სამართლის კოდექსში” უნდა შევიდეს. კანონპროექტი სასჯელად  ფულად ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ინიციატორია დეპუტატი ემზარ კვიციანი – კონსერვატიული, ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული საპარლამენტო პარტია “პატრიოტთა ალიანსიდან”.

ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ საქართველოში მართლმადიდებლობაზე პირდაპირი შეტევა მიმდინარეობს, ამიტომ მისი დაცვა აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრებით.

დოკუმენტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს კანონპროექტთან კითხვები აქვს, თუმცა მის ზოგად სულისკვეთებას იზიარებს.

სოფიო კილაძე ამბობს, რომ “აღაშფოთა ბოლო პერიოდში მართლმადიდებლური სიწმინდეების არასათანადო ფორმით გამოხატვამ”, ამიტომ მიაჩნია, რომ “რაღაც ფორმით უნდა მოხდეს დარეგულირება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ“.

„მე როგორც მართლმადიდებელი… აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აღშფოთებას… ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი… ამის უამრავი მაგალითია ჩვენი განვლილი ისტორიის მანძილზე… დაუშვებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ისეთ საკითხთან დაკავშირებით რასაც ჰქვია რელიგია. მე მხარს ვუჭერ, რომ რაღაც ფორმით უნდა მოხდეს დარეგულირება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ეს იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული“, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კანონპროექტის თანახმად, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ საჯარო გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამას გარდა, კანონპროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით, ორ წლამდე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას იხილავს. მსგავსი ინიციატივით პარლამენტს 2013 წელს შს სამინისტრომ მიმართა; 2016 წელს კი, მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა. (თუმცა, წინა შემთხვევებში კანონპროექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, განსხვავებით დღევანდელისგან, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს). ორივე შემთხვევაში ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე სახალხო დამცველი. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი რეგულაციები ეწინააღმდეგებოდა გამოხატვის თავისუფლებას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

•  ბოლო პერიოდში, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში რადიკალურმა ჯგუფებმა, საპატრიარქომ და ასევე უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა რუსთავი2-ის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი გიორგი გაბუნია დაადანაშაულეს. გაბუნიას ხუმრობა ქრისტეზე მის წინააღმდეგ ძალადობის მიზეზად იქცა. 

•  მსგავსი კანონი 2013 წელს რუსეთში მიიღეს.

ფოტო: REUTERS/ დავით მძინარიშვილი

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ