კახა კალაძე ამბობს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია "ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", ამიტომ იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება" />

თბილისის მერიამ პარლამენტის შენობა შემოღობა. ანტისახელისუფლებო აქციები მაინც გაიმართება, ამბობს ოპოზიცია

კახა კალაძე ამბობს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია "ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", ამიტომ იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

საახალწლო ატრაქციონების აღების შემდეგ, მერიამ პარლამენტის შენობა მწვანე ღობით შემოღობა.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია “ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, ამიტომ მერია იქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

• პოლიციამ საქართველოს პარლამენტის შენობას რკინის მესერი შემოავლო

• “ერთად ერთის წინააღმდეგ”. ნოემბრის პროტესტის ისტორია სამ წუთში 

ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ყველანაირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა. იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, გამწვანების სამუშაოები იწარმოებს და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როცა დავამთავრებთ სამუშაოებს“, – განაცხადა კალაძემ.

მათ შორის, აპირებენ 9 აპრილის მემორიალის “მოწესრიგებასაც”.

„მინდა ასევე ჩემს მოადგილეს დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც. პროექტი ჩვენ გასული წლის მაისსა თუ ივნისში შევიძინეთ და დღეს უშუალოდ სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ,“ – ამბობს კალაძე.

გასული წლის ივნისიდან მოყოლებული, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ანტისახელისუფლებო მიტინგებს მართავდნენ. მთავარი მოთხოვნა – საარჩევნო რეფორმის გატარება და მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებაა. ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ თანხმდება. ახალი წლის დღეების შემდეგ ოპოზიცია კვლავ აპირებდა პარლამენტის წინ შეკრებას და პარლამენტის მუშაობის პიკეტირებას.

გარდა ამისა, თვეების განმავლობაში, პარლამენტის შენობის წინ კარავი ჰქონდა გაშლილი პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს. ის შვილის საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ღობის შემოვლების მიუხედავად, მისი პროტესტი კვლავ გაგრძელდება:

„ჯებირი კი არა, ამათ ჩინური კედელიც რომ აღმართონ, იქ ჩემი პროტესტი გაგრძელდება. მე ამათ დავანგრევ… კარვებიც და ბანერიც დაიდგმება და ჩემი პროტესტიც გაგრძელდება სანამ ამათ არ დავამთავრებ“, –  უთხრა მან “რადიო თავისუფლებას”.


ასევე წაიკითხეთ