შესაბამისი კანონი უკვე შევიდა ძალაში" />

დღეიდან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს მოქალაქეობის აღდგენა შეუძლიათ

შესაბამისი კანონი უკვე შევიდა ძალაში

დღეიდან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ. ამის უფლებას მათ „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი აძლევს, რომელიც 15 აგვისტოდან ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ცვლილებები მესამე მოსმენით ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა.

აღნიშნული კანონის მიღება საქართველოს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომელთა მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები გახდა.

კანონის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს.

კანონის მიხედვით, პირს მოქალაქეობა აღუდგება, თუ რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მათ შორის: უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ უნდა იყოს ძებნილი ან  მის მიმართ არ უნდა ხორციელდებოდეს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურები.

თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, მაშინ საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭება მის  არასრულწლოვან შვილსაც.


ასევე წაიკითხეთ