აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს" />

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში რელიგიური თავისუფლების კუთხით კვლავ პრობლემებია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც რელიგიის თავისუფლების მდგომარეობას 200-მდე ქვეყანასა და ტერიტორიაზე იკვლევს, 13 გვერდი საქართველოს ეთმობა.

ქართველი ექსპერტების შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში ის მწვავეა და ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებასა და ეკლესიასა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან მიჯნავს, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში სარგებლობს პრივილეგიებით, რომლებიც სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის გათვალისწინებული არ არის, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, როცა საქმე საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული შენობების დაბრუნებას შეეხება, მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას ფავორიტულ მდგომარეობაში აყენებს, მაშინ როდესაც სხვა კონფესიები იგივე უფლებებით ვერ სარგებლობენ. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია სომხური სამოციქულო ეკლესია, რომელიც უშედეგოდ ითხოვს თბილისში სამი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ერთი ეკლესიის გადაცემას.

ანგარიშში მოხვდა, ასევე, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე საქართველოში ჩადენილი 19 დანაშაული, რომელთა გამოძიებაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის მონაცემებით, „არაეფექტურად“ მიმდინარეობს.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციაზე. კერძოდ, იეჰოვას მოწმეებმა მათ წევრებზე 11 ფიზიკური თავდასხმის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

ანგარიშში პროგრესულადაა მიჩნეული ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების წევრებისთვის პირველი მუსულმანური სალოცავი გახსნა, თუმცა ციხეებში სალოცავები მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს და ეს პრობლემად რჩება.

ანგარიშში აისახა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური ობიექტების დაზიანებისა და რელიგიური რიტუალების შეზღუდვის ფაქტები, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებას არ ეძლეოდა აფხაზეთში ღვითსმახურების ჩატარების შესაძლებლობა.

ანგარიში 2016 წელს მოიცავდა. 2017 წლის ანგარიში მომავალ წელს გამოქვეყნდება.


ასევე წაიკითხეთ