აფხაზეთში ოპოზიცია პროტესტით იმუქრება, თუკი ადგილობრივი ქართველებისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას დაიწყებენ
აფხაზური ოპოზიცია აღშფოთებულია – ამის მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბის ციტატა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესისთვის“ მიცემული ინტერვიუდან. ანქვაბის განცხადებით, „ყველა ქართველი, რომლებიც აფხაზეთში, მათ შორის გალის რაიონში ცხოვრობენ და არ იბრძოდნენ აფხაზების წინააღმდეგ, საკუთარ მოქალაქეებად მიაჩნია“.
პრემიერმა ეს განცხადება რადიო „ამერიკის ხმის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის, „სეპარატისტული ხელისუფლება ეთნიკურ ქართველების დისკრიმინაციის შეწყვეტის პირობას დებს“ საპასუხოდ გააკეთა.
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომიკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების პრობლემა მრავალი წელია არსებობს და ის უკვე იყო პოლიტიკური კრიზისის მიზეზი.
2014 წელს, აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის 27 ათას მცხოვრებისთვის ადრე გაცემული აფხაზური პასპორტის ანულირება მოხდა. ამ ნაბიჯის ძირითადი მიზეზი გახდა ის, რომ გალელებს (ისინი ყველა ეთნიკურად ქართველები არიან) მეორე მოქალაქეობაც ჰქონდათ – საქართველოსი, რაც არსებული კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია.
პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური საპარლამენტო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით გამოიტანა. ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც მაშინ აფხაზეთის პრეზიდენტი იყო, გალელებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა კანონმდებელთა მოქმედებებს.
საბოლოოდ, პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მასობრივი პროტესტით და ალექსანდრ ანქვაბის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით დასრულდა.
სწორედ ამიტომ ფრაზა გალის რაიონის მცხოვრებლებზე, როგორც „ჩვენს მოქალაქეებზე“ ძალიან არ მოეწონა „არუას“ – ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოსთან ომის ვეტერანებს აერთიანებს.
„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ აფხაზეთის საკონსტიტუციო კანონის „მოქალაქეობის შესახებ“ – რომელიც ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთთან ითვალისწინებს – დარღვევის ნებისმიერ მცდელობას ჩვენ შევაფასებთ როგორც ჩვენი გამარჯვების რევიზიისკენ მიმართულ ანტიხალხურ ქმედებას.
თუ აფხაზეთის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის უკანონო მინიჭებისკენ მიმართულ ქმედებებს განახორციელებს, მაშინ ჩვენ ომის ყველა ვეტერანს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციების დაწყებისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა „არუამ“.