რუსული კანონის მიღებით, საქართველომ შესაძლოა გერმანიაში "უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსი დაკარგოს
რუსული კანონი საქართველოში
გერმანიის მმართველი “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” (SDP) ცნობით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსი ხელმეორედ დაკარგოს.
ბუნდესტაგის წევრმა ჰელგე ლინდმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა “აქტიურად აკვირდება” საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებას და ამოწმებს, თუ რამდენად არის პირობები დაკმაყოფილებული. მისი თქმით, თუკი აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობას “პოლიტიკური დევნის საშიშროება აქვს”, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
საქართველომ მოლდოვასთან ერთად “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსი 2023 წლის იანვარში აღიდგინა, რადგან ფედერალური მთავრობის განმარტებით, აღნიშნულ ორ ქვეყანაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საფრთხის ქვეშ “ძირითადად არ იმყოფება.”
გერმანიაში ამ სტატუტის მინიჭება-არმინიჭების მიზანი მიგრაციასთან გამკლავების გამარტივებაა – თუკი თავშესაფრის მაძიებელი პირი უსაფრთხო ქვეყნიდან არის, მაშინ მისი განაცხადის განხილვის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და თავშესაფარზე უარის თქმაც უფრო მარტივად ხდება.
გერმანიას უსაფრთხო ქვეყნების სიაში ამჟამად შეყვანილი ჰყავს: განა, სენეგალი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, კოსოვო, მონტენეგრო. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესული სახელმწიფოების მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსები ძალიან დაბალ დონეზე აქვთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება გერმანიას ჯერ კიდევ 2018 წელს სურდა, რისკენაც ბერლინს ოფიციალური თბილისიც მოუწოდებდა, მაგრამ მაშინ საქართველო ნუსხაში ვერ მოხვდა.
● სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
გასული წლის 18 ივლისს ბელგიამ საქართველო პარტნიორი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის სამეფოს მხრიდან განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.
25 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ირლანდიის თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის პირველ ადგილს ქართველები იკავებენ.
2 ივლისს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში 3432 ქართველი ცხოვრობს და ამ რაოდენობით საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, ალჟირი და სირია.
Dublin Inquirer-ის ინფორმაციით, თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წელს საქართველოდან განაცხადი 2700 ადამიანზე მეტმა შეიტანა.