დუმის დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, მონაწილეობა არ მიიღონ თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები
რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ თბილისში “აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობისგან.
“საქართველოში მცხოვრები რუსები ამ დღეებში მასიურად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ, ინსტრუმენტად ქცევა.“ – დაწერა დეპუტატმა საკუთარ ტელეგრამზე.
საქართველოში უკვე ერთი კვირაა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები იმართება, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რუსეთიდან წამოსული აქტივისტებიც მონაწილეობენ.
● “ქვეყანა ხდება პუტინის პირადი სალარო, ეს იცით რას ნიშნავს?” – ექსპერტები ოფშორების კანონზე და ოცნების ტაქტიკაზე
● “დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების გამო სამიზნეში არ იღებს” – EU-ში განმარტავენ, რით განსხვავდება მათი დირექტივა რუსული კანონისგან
● თბილისში ФСБ-სთან დაკავშირებული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. სამი დღით ადრე ისინი ცხინვალში იმყოფებოდნენ
● 15 აპრილს იურიდიულმა კომიტეტმა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზეც მიიღეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციამ დააინიციირა, უარყოფილია.
● 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” მმართველი პარტია რუსულ კანონს ხელახლა აინიციირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ არგუმენტის არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს და ნიადაგს იმზადებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ალტერნატიული აზრი ქვეყანაში ჩაახშოს.
● ერთხელ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი საქართველოს მმართველმა პარტიამ უკვე დააინიციირა ზუსტად ერთი წლის წინ – გასული წლის მარტში. მაშინ კანონი პირველი მოსმენით პარლამენტში მიიღეს კიდეც, თუმცა “ოცნება” იძულებული გახდა კანონი გაეწვია, რადგან თბილისი მრავალათასიანმა პროტესტმა მოიცვა. ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა აღნიშნული კანონის მიღებას, რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს, რადგან იგი რუსეთში მიღებული კანონის ანალოგია.