სოფელ ლიჩქის მინდვრებში, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ნაცვლად, ქალები მუშაობენ, რადგან სოფელში არ არიან მამაკაცები, რომლებიც მანქანების მართვას შეძლებდნენ" />

სეზონური ქმრების მოლოდინში

სოფელ ლიჩქის მინდვრებში, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ნაცვლად, ქალები მუშაობენ, რადგან სოფელში არ არიან მამაკაცები, რომლებიც მანქანების მართვას შეძლებდნენ

30 წლის ანი მანუკიანი, უკვე 10 წელია, რაც გათხოვილია, მაგრამ თუკი ამ ათ წელს იმ დროს გამოვაკლებთ, რომელიც მეუღლემ მისგან მოშორებით გაატარა, მხოლოდ ნახევარი დარჩება. თვალებში მწუხარება და ტანჯვა ჩასდგომია. თავს შვილებით იმშვიდებს და ოჯახის უფროსის დაბრუნებას ელოდება.

“გასულ წელს, 12 ნოემბერს ბავშვი გაგვიჩნდა, მაგრამ ჩემმა ქმარმა რიმა მხოლოდ სამი თვის შემდეგ დაინახა. მხოლოდ ვაჟის დაბადებას დაესწრო. არ უნახავს, როგორ იზრდებოდნენ ბავშვები; არ უნახავს მათი პირველი ნაბიჯები და არ მოუსმენია მათი პირველი სიტყვები. შორსაა სახლიდან, ოჯახისგან… ურთიერთობისთვის მხოლოდ სკაიპი გვრჩება. და მთელი სოფელი ამ დღეშია,” – ამბობს სამი შვილის დედა.

ანი სოფელ ლიჩქში, გეგარკუნიკის რაიონში ცხოვრობს, რომელიც სევანის ტბის ნაპირზე მდებარეობს. ამ სოფელში შრომითი მიგრაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია. სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მიგრანტები ადრიან გაზაფხულზე მიემგზავრებიან რუსეთის სხვადასხვა ქალაქში და სახლში გვიან შემოდგომაზე ბრუნდებიან.

ლიჩქის 5300 მოსახლიდან 18-დან 65 წლამდე ასაკის 1000 მამაკაცი სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის. ლიჩქის მამასახლისის, გნელ გრიგორიანის თქმით, ძირითადად, რუსეთში მიდიან, ხშირად – შორეულ ციმბირში. მიგრანტების მცირე ნაწილი უკრაინაში ჩადის.

“ჩვენთან სამუშაო ადგილები არ არის. იქ კი მთელი ბრიგადებია ჩვენი თანასოფლელებისგან დაკომპლექტებული. უკვე დიდი ხანია, რაც იქ გადაბარგდნენ, ტექნიკა იყიდეს, ბაზები შეიძინეს და ახლა მეგობრებსა და ნათესავებს იწვევენ სამუშაოდ. სხვა ყველაფერთან ერთად ჩვენები იქ ასფალტითაც არიან დაკავებულები.”

თუმცა, რუსეთში არსებლი ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია ლიჩქელ მიგრანტებზეც აისახა. გაზაფხულზე ბევრმა მათგანმა ბანკიდან კრედიტი აიღო იმისთვის, რომ სამუშაოდ წასულიყო.

ანი მანუკიანის დედამთილი, რიმა ჰაირაპეტიანი ამბობს, რომ ყოველთვის, როდესაც თავის ვაჟებს ელაპარაკება, ცდილობს, ისინი დაარწმუნოს, რომ ოჯახებიც თან წაიყვანონ.

“ძნელია რჩენა. წელს კაპიკები ჩამოიტანეს. ისევ ოქროს ჩადება მოგვიწია იმისთვის, რომ წასულიყვნენ. ჩემს სახელზე, კრედიტის სახით, 800 ათასი დრამი (დაახლოებით 1700 დოლარი)ავიღეთ, კიდევ მილიონი (2000 დოლარზე ოდნავ მეტი) – ანის სახელზე.  ისე დაეცა რუბლი, რომ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ პროცენტებს ვიხდიდით. მაგრამ მაინც სამუშაო მხოლოდ იქ არის. ჩვენ რუსეთის პრეზიდენტი გვარჩენს,”- ამბობს რიმა და მის მაისურზე გამოსახული პუტინის პორტრეტს გვაჩვენებს.

2

ლიჩქელი ქალები მეუღლეების არყოფნას უჩივიან, მაგრამ თან ლოცულობენ იმისთვის, რომ მათი ქმრები მშვიდობით ჩავიდნენ რუსეთში – მხოლოდ მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით სოფელში ვერ იცხოვრებ.

თიბვის დროს მინდორში მომუშავე მამაკაცებს “თითებზე დაითვლით”. სოფლის მამასახლისი ამბობს, რომ სოფელში არავინ დარჩა ისეთი, ვისაც სოფლის მეურნეობის ტექნიკის მართვა შეუძლია. ამიტომ, ქალები იძულებულნი გახდნენ, ცელებით დაეწყოთ თიბვა.

 30 წლის ანნა სააკიანი, უკვე მერვე თვეა, ორსულადაა. იგი მოთიბულ ბალახს აგროვებს.

 “და ვინ გააკეთებს ამას ჩემ ნაცვლად? ჩვენს სოფელში ყველა ასე იქცევა. ჩემი შვილებისთვის ვწვალობ. ჩემი ქმარი, რვა წელია, რაც სამუშაოდ მოსკოვში ჩადის ხოლმე. წელს, უკვე მესამე თვეა, რაც სამუშაოს გარეშეა დარჩენილი. იყო დრო, როდესაც კარგი ფულით ბრუნდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა კაპიკსაც არ აგზავნის,”- ამბობს ანნა და შუბლიდან ოფლს იწმენდს.

3

7 წლის რიმა და 4 წლის ბორისი ცდილობენ, ანნას დაეხმარონ. ნახევარი ჰექტარის ფართობის მინდვრის მოთიბვისთვის 35 ათასი დრამის (დაახლოებით 70 დოლარის) გადახდა მოუხდა. ბალახს თავად შეაგროვებენ, ძნების შემგროვებელ მანქანას კი თითო ძნაში 150 დრამს (30 ცენტს) უხდიან.

“საქონელი, ნაკვეთი და კარტოფილი – ამით ვცხოვრობთ. ბევრი თივა გვაქვს. ნაწილს ვყიდით, მაგრამ თუკი ჩემი შვილი სამუშაოდ არ წავა, ადამიანურად ვერ ვიცხოვრებთ. აი, დის ოქროს ძეწკვი “დაალომბარდა” და რუსეთში გაემგზავრა,”- ამბობს ანნას დედამთლი, 55 წლის რიმა გოროიანი.

4

ელექტროცელის ხმა სოფლის სხვადასხვა მხრიდან ისმის. ეს ყველაზე ცხელი სეზონია გეგარკუნიკის რაიონის სოფელ ასტხაძორის მკვიდრის, აგასი ასატრიანისთვის, რომელმაც 300 ათასის ღირებულების ბალახი უკვე მოთიბა – ნისიად.

“შემოდგომაზე ბრუნდებიან და მიხდიან ხოლმე. ზოგჯერ საერთოდ ერთი წლის შემდეგ მაძლევენ. თუკი საერთოდ უფულოდ ბეუნდებიან, მაშინ ვერაფერს იზამ. ვისაც ფული არ აქვს, ნისიად ვუთიბავ ბალახს, ვისაც საერთოდ არ აქვს – უფასოდ,” – ამბობს ოთხი შვილის მამა, 37 წლის აგასი და აღნიშნავს, რომ თავადაც ყოველ წელს დადიოდა  სამუშაოდ, მაგრამ რუბლის დაცემამ აიძულა, რომ ამჯერად გამგზავრებაზე უარი ეთქვა.

5

მან მოთიბული ბალახის გროვა უკან მოიტოვა და საუბარი განაგრძო: “სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. კარტოფილით, რომელიც რეგიონის შემოსავლის მთავარი წყაროა, ოჯახს ვერ არჩენ.

“მოძებნე ვინმე და ჰკითხე, მიაღწია თუ არა რაიმეს კარტოფილით. გგონია, ვინმემ კარტოფილის მოყვანით სახლი აიშენა? გამორიცხულია. თუკი სოფელში ახალ სახლს დაინახავ, იცოდე, რომ ის რუსეთიდან ჩამოტანილი ფულითაა აშენებული.”

უბანი სახელწოდებით “პუტინკა” სოფელ ლიჩქში ბოლო 20 წლის განმავლობაში სამუშაოდ წასული მიგრანტების მიერ ჩამოტანილი სახსრებით აშენდა.

6

“თუ რუსეთში არ ჩავლენ სამუშაოდ, აქ იარსებებენ, კი არ იცხოვრებენ. მრეწველობა არ გვაქვს. ადრე საბმეურნეობაში (საბჭოთა მეურნეობაში) ვმუშაობდით, მინერალური წყლების ქარხანა გვქონდა. მარტუნისა და გავარას ქარხნებში ვმუშაობდით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოდ სხვაგან წასვლა ჩვენთან საბჭოთა პერიოდიდან გამოყოლილი ტრადიციაა. მაშინაც 50 პროცენტი ტოვებდა საცხოვრებელს და სამუშაოდ სხვაგან მიდიოდა,”- ამბობს ლიჩქის მამასახლისი.

7

იგი აღნიშნავს, რომ ადამიანი 100 ათასი დრამის (დაახლოებით 200 დოლარი) ოდენობის ხელფასითაც კი ვერ არჩენს ოჯახს.

“დიდი ოჯახები გვყავს. თითო ოჯახში 5-7 ადამიანია. ზოგიერთ ოჯახში 12 სულიც ცხოვრობს. ოჯახს 1000 რუბლს უგზავნიან, რითაც ერთ ტომარა ფქვილსაც ვერ იყიდი. ორი წლის წინათ 1000 რუბლს 12 ათას დრამზე ცვლიდნენ და იმ ფულით ორი ტომარა ფქვილის ყიდვა შეიძლებოდა. ახლა კი იმავე ორი ტომრის საყიდლად 2000 რუბლია საჭირო. წელს გადასახადების აკრეფაც არ გამოდის – შემოდგომას ველოდებით, იმ პერიოდს, როდესაც მამაკაცები დაბრუნდებიან.”

ლიჩქის იმ მოსახლეებმა, რომლებმაც რუსეთში ფეხი მოიკიდეს, სოფელში ეკლესია ააშენეს, რომელიც 350 ათასი დოლარი დაჯდა. მამასახლისის თქმით, კარგია, ეკლესიები რომ შენდება, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ეს სახსრები წარმოებაში დაებანდებინათ – ასეთი ინიციატივა სოფელს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფდა.

8

ლიჩქში ორი სკოლა ფუნქციონირებს. ყოველწლიურად აქ 90-100 ბავშვი იბადება

ანი მანუკიანი საზღვარგარეთ მომუშავე  ქმრების გამართლებას ცდილობს: “არც ისინი არიან დალხენილად. სახლში როდესაც ჩამოდიან, შვილები ვერ ცნობენ. აქ რომ დარჩნენ, ბავშვებს ვეღარ არჩენენ. ჩიხში ვართ. ალბათ ასეთია ტრადიციული სომხური ოჯახის ახალი მოდელი.”

დემოგრაფი რუბენ ეგანიანი აღნიშნავს, რომ შრომითი მიგრაცია (30-40 ათასი სეზონური მიგრანტი) სომხეთში საბჭოთა პერიოდშიც მიღებული იყო. მაშინ აქტიურად ტარდებოდა რეგიონული განვითარების პოლიტიკა. ამასთან, ამ პრაქტიკას სწორედ მაღალმთიანი რაიონის მოსახლეობა მისდევდა.

“მაშინ მიგრაცია კეთილდღეობის სტრატეგიის ნაწილი იყო, ახლა კი თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. ესაა ერთადერთი რაციონალური გზა, რომლითაც ადამიანები ოჯახებს არჩენენ. ამჟამად სეზონური მიგრანტების რაოდენობა 80-100 ათას ადამიანით განისაზღვრება.

მათი 85 პროცენტი მამაკაცია. ამასთან, ამ ადამიანების უმრავლესობა იმ ასაკშია, როდესაც, როგორც წესი, ადამიანის შრომისუნარიანობა ყველაზე ეფექტიანია. მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა.  ძირითადი მიგრაციული პარტნიორი რუსეთია, სადაც მიგრანტების 95 პროცენტი ჩადის.”

9

გამოქვეყნდა: 30.08.2016

ასევე წაიკითხეთ