სხეულის გაწმენდის აზერბაიჯანული მეთოდი - ფოტორეპორტაჟი აბანოდან
წინათ, როდესაც ბაქოში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემა არ იყო, აბანოები პრაქტიკულ ფუნქციას ასრულებდა – ადამიანები კვირაში ერთხელ იქ საბანაოდ დადიოდნენ. რასაკვირველია, ეს „საზოგადოებაში გასვლაც“ იყო. ქალებს შეეძლოთ მეზობლების წინაშე საგანგებო გამოსასვლელი ტანსაცმლით, თეთრეულითა და სამკაულებით მოეწონებინათ თავი, მამაკაცები კი დინჯად უყვებოდნენ ერთმანეთს ახალ ამბებს.
• აზერბაიჯანული არქიტექტურის მომავალი უკვე დადგა
ახლა აბანოში უკვე არა იმდენად საბანაოდ და ურთიერთობისთვის დადიან, რამდენადაც სიჩუმესა და სიმშვიდეში მოდუნებისა და სტრესის მოხსნის მიზნით.
ბაქოს აბანოები – თან არქიტექტურის ძეგლებიცაა. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით ძველი ქალაქის აბანოები, ას წელიწადზე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. გაჯი ბანუს აბანო კი – 15-ე საუკუნისაა. მათი ქვის გუმბათები შენობის სწრაფად გათბობისა და სითბოს შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
ბაქოს ერთ-ერთი უძველესი, ჰასიმ-ბეკის აბანო უკვე 140 წლისაა. ხალხში მას შების ეძახიან – ქალაქების შეკისა და ბილიასუვარის სახელების პირველ მარცვლებს, საიდანაც არის წარმოშობით მისი მფლობელი (უფრო ზუსტად კი მისი მშობლები; აზერბაიჯანში ასე ამბობენ -„ნახევრად ბილიასუვარიდან ვარ, ნახევრად კი -შეკიდან“)
ჰასიმ-ბეკის აბანო მამკაცებისთვის არის განკუთვნილი. გოშგარის თქმით, რომელიც აქ უკვე 16 წელიწადია მუშაობს, წინათ ამ აბანოში ქალებიც დადიოდნენ. ქალების დღეებში აბანოს ზღურბლთან აზერბაიჯანულ ტრადიციულ თავშალს – ქალაღაის აფენდნენ, მამაკაცების დღეებში კი – ფაფახს.
საერთოდ, აზერბაიჯანის აბანოების უმრავლესობაში არის ქალების და მამაკაცების დღეები, ან საათები.
• რას წარმოადგენს და როგორ მზადდება აზერბაიჯანული თავსაფარი „ქიალაღაი“
• აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში, პლაჟები გენდერული ნიშნით დაყვეს
გოშგარი მუშაობს „მექისედ“ – სიტყვიდან „ქისა“,(ორივე სიტყვას მახვილი ბოლო მარცვალზე აქვს). ქისა არის საბანაო ხელთათმანი, რომელიც დაგვირისტებული ნაჭრისგან იკერება, და რომლითაც ერთგვარ პილინგ-მასაჟს აკეთებენ. სველ სხეულს ქისით უბრალოდ მანამდე ხეხავენ, ვიდრე მთელი „დაფარული“ ჭუჭყი და კანის მკვდარი უჯრედები არ მოშორდება. ეს აზერბაიჯანში ბანაობის ტრადიციული მეთოდია, მას ბევრი სახლშიც მისდევს – რასაკვირველია, მანამდეც და შემდეგაც საჭიროა შხაპის მიღება.
საკუთარი თავის ამგვარად გახეხვა რთულია, რადგან საჭიროა ძალიან ძლიერი ხეხვა. სწორედ ამისთვის არის საჭირო მექისე – ვიდრე ის შრომობს, კლიენტი ისვენებს.
ფორუმზე, სადაც სტუდენტები ბაქოს შესახებ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა დაიჩივლა, რომ „მასაჟისტი რამდენჯერმე ჯიუტად მომიახლოვდა, თუმცა მე მასაჟზე უარი ვთქვი“. იგულისხმებოდა მექისე, რომელსაც უბრალოდ არ ესმოდა, რისთვის მივიდა ადამიანი აბანოში, თუკი მისი მომსახურებით არ ისარგებლებდა?
გოშგარის თქმით, აქ მუდმივი კლიენტებიც დადიან, და ისეთებიც, ვინც დროდადრო შემოივლის. მუდმივად მოსიარულეებს ჰყავთ საკუთარი მექისეები, რომლების გამოც მოდიან.
„პროცედური წინ კლიენტები ამბობენ, თუ როგორი გახეხვა სურთ: ძლიერად თუ ზედაპირულად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთ ადამიანს ძალიან თხელი კანი აქვს, და ძლიერი ხეხვა მათ ტკივილს აყენებს. ზოგიერთს კი პირიქით, უყვარს, როდესაც ძლიერად ხეხავენ.
უნდა გაითვალისწინონ კლიენტის სხვა თავისებურებებიც – მაგალითად, დიდი ზომის ხალები, ღმერთმა დაიფაროს და, რომ არ მოაძრონ, და პრობლემა არ შეიქმნას“, – ამბობს გოშგარი.
„ზოგჯერ, როდესაც კარგ ხასიათზე ვართ, კლიენტებს ვეხუმრებით ხოლმე. იყო ერთი კლიენტი, რომელსაც ათი წლის სტაჟიანი მექისე შეხვდა. ერთ-ერთი ჩვენი ბიჭი შემოდის და ამბობს, – დარაჯი რატომ შემოუშვით და ხელში ქისა რატომ მიეცითო? შემდეგ კი კლიენტს უხსნის, – როდესაც ბევრი ხალხია, ვისაც წააწყდებიან, იმას სთხოვენ მექისედ მუშაობასო.
შეშინებული კლიენტი წამოხტა, და სხვა მექისის მოთხოვნა დაიწყო. შემდეგ მასთან ის მექისე მივიდა, რომელსაც სულ ერთი წლის გამოცდილება ჰქონდა, და ძალიან მოეწონა, ანუ ვერ ერკვეოდა“.
„აბანოში მთავრია სითბო. ბევრი აბანო სარდაფშია განლაგებული, ძვირფასი ფილებით მოპირკეთებული, კლიენტებისთვის საჭმელიც მიაქვთ. საერთო ჯამში, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგია, ოღონდაც ცივა. იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული წესები, თუ როგორ უნდა აშენდეს აბანო და როგორ უნდა შენარჩუნდეს იქ სითბო“.
გოშგარს მიაჩნია, რომ აბანოში საჭმლისა და სასმელის მირთმევა არასწორია:
„ჭამის შემდეგ ადამიანი მძიმდება, ძნელად მოძრაობს, და წოლაც ეუხერხულება. გამაგრილებელი სასმელების დალევა კი შეიძლება“.
ქისის გარდა, აბანოში არის მასაჟი, საუნა და ცოცხით მასაჟი. ქისის შემდეგ ორთქლში უნდა შეხვიდე. მაშინ კანი კიდევ უფრო დარბილდება და დაღლილობა გაივლის.
მექისე გოშგარის თქმით, აბანო საუკეთესო ადგილია დასასვენებლად – იქ არც ტელეფონებია და არც სტრესი.