ტურისტები თუ დივერსანტები? რა არის ცნობილი საქართველოში დაკავებულ უკრაინელებზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს, როლებიც სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
მათ ბრალად იარაღის უკანონო შენახვა ედებათ. დაკავებულთა უმრავლესობა მოხალისეთა ბატალიონ “დონბასის” მებრძოლია, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში კიევის მხარეს იბრძოდა. პოლიციის ცნობით, იარაღი დაკავებულებს სასტუმროს ნომრებში უპოვეს.
დაკავებულთა ადვოკატმა ირაკლი როსტომაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ და დღეიდან შიმშილობას აცხადებენ.
სპეცოპერაცია ოპოზიციის საპროტესტო აქციის წინ ჩატარდა, შსს აცხადებს, რომ “საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან” დაკავებულთა კავშირს სწავლობს.
უკრაინული ტელეკომპანია ჰრომადსკოე არკვევდა, ვინ არიან თბილისში დაკავებული უკრაინის მოქალაქეები.
• 2018 წლის დასაწყისიდან უკრაინაში ხუთი სამოქალაქო აქტივისტი დაიღუპა
• უკრაინა და რუსეთი: მტრები თუ სავაჭრო პარტნიორები?
• როგორ აფინანსებს მოსკოვი ოსეთის საშუალებით აღმოსავლეთ უკრაინას
ვინ არიან დაკავებულები?
პირველმა დაკავებულთა ვინაობა უკრაინელმა დეპუტატმა, მოხალისეთა ბატალიონ “დონბასის” ყოფილმა მეთაურმა სემიონ სემენჩენკომ დაასახელა, რომელიც ასევე თბილისში იმყოფებოდა.
როგორც თავად ამბობს, იგი 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასასწრებად დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვიდა. არჩევნების შემდეგ კი შაბათ-კვირას მეუღლესთან ერთად დასასვენებლად დარჩა და თავის ძველ თანამებრძოლებთან შეხვედრას აპირებდა.
სემენჩანკო ოპოზიციის აქციებში მათ მონაწილეობას უარყოფს.
დაკავებულების სახელებია: როლანდ მელია, ლუკა ჩხეტია, იგორ ორლენკო, იური კოროსტილევი, ალექსანდრ ნოვიკოვი, სერგეი კლადკო.
სემენჩენკომ დაადასტურა, რომ შვიდივე “დობასის” ყოფილი მებრძოლია.
თავდაპირველად უკრაინული წყაროები იუწყებოდნენ, რომ სპეცოპერაციის დროს თავად სემენჩენკოც დააკავეს. თუმცა დეპუტატმა ეს უარყო.
• ომმა უკრაინაში იარაღით ვაჭრობის ახალი კერა შექმნა
• ახალი ჰოლივუდური ფილმი რუსეთსა და უკრაინაში სხვადასხვა მიზეზით აკრძალეს
რა არის ბატალიონი “დონბასი”
“დონბასი” მოხალისეთა ქვედანაყოფია, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს. მოგვიანებით “დონბასი” ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც შსს-ს სტრუქტურას წარმოადგენს. 2015 წლის დასაწყისში ბატალიონის თავდაპირველი შემადგენლობის ნაწილი დაითხოვეს იმის გამო, რომ შეკრების ადგილას არ გამოცხადდა.
დათხოვნილები შეიარაღებული ძალების ბატალიონ “დონბას-უკრაინაში” გადავიდნენ.
“ძველი დინბასის” მებრძოლების მეორე ნაწილმა, რომელიც ყოფილი მეთაურის სემენჩენკოს ერთგული დარჩა, ჩამოაყალიბა ორგანიზაცია სახელწოდებით “შიდა კორპუსი დონბასი”.
თბილისში დაკავებულებიდან ოთხი – ლუკა ჩხეტია, როლანდ მელია, იგორ ორლენკო და იური კოროსტილევი, სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნოდნენ.
“დონბასის” ყოფილი მეთაური ანატოლი ვინოგროდსკი ამბობს, რომ ოთხივეს იცნობს, მაგრამ მათგან ბატალიონში მხოლოდ ერთი – იგორ ორლენკო, ნამდვილად საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. მან ქვედანაყოფი ორი წლის წინ დატოვა.
ყოფილი მეთაური მას დადებითად ახასიათებს და მიიჩნევს, რომ ეს დაკავება იყო პროვოკაცია, რომლიც ხელს უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას აძლევს. ვინოგროდსკი დარწმუნებულია, რომ დაკავებულები იარაღს თვითმფრინავით ვერ ჩამოიტანდნენ და ვერც საქართველოში მოიპოვებდნენ, ვინაიდან საქართველოში ნაცნობები არ ჰყავდათ.
იგორ ორლენკო, მეტსახელად “სობოლი”
“დონბასის” ასეულის მეთაურის მოადგილე, კიეველი. ბატალიონში 2014 წლიდან მსახურობდა, ორგზის დაიჭრა. უკრაინაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა მის ბინაში, სადაც იარაღს ეძებდა.
იური კოროსტილევი, მეტსახელად “იაკუტი”
“დონბასის” ყოფილი მებრძოლი, რომელმაც “ჰრომადსკოეს” სთხოვა მისი ვინაობა არ დაესახელებინათ, ამბობს, რომ იური კოროსტილევს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა თითქმის არ მიუღია და თანამებრძოლებს თავი ძირითადად ძარცვით, მოროდიორობით და ადამიანთა გატაცებით დაამახსოვრა. ამის გამო მან საგამოძიებო იზოლატორში შვიდი თვე გაატარა, თუმცა მოხალისეთა მოძრაობის ზეწოლით ის გაათავისუფლეს.
უკრაინელების დაკავება თბილისში “ჰრომადსკოეს” რესპონდენტმა ასე შეაფასა:
“კლასიკური სიტუაციაა. სემენჩენკომ რაღაც საეჭვო ჩაიფიქრა, ბიჭები ჩართო. ბიჭები ჩავარდნენ, სემიონი (სემენჩენკო) გაიქცა. როგორც ყოველთვის”.
ლუკა ჩხეტია
“ბატალიონ დონბასის შიდა კორპუსის” აქტივისტი 2016 წლიდან. 2018 წლის 15 თებერვალს ლუკა ჩხეტია კიევში საპროტესტო აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.
როლანდ მელია
დევნილი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან, ბატალიონ “დონბასის” მოხალისე მისი შექმნის დროიდან, “ბატალიონ დონბასის შიდა კორპუსის” ერთ-ერთი დამაარსებელი. მელია უკვე ჰყავდათ დაკავებული უკრაინაში, საბრძოლო მასალების უკანონო შენახვის ბრალდებით. სასამართლომ იგი გირაოთი გაათავისუფლა.