სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი ხდება
სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი ხდება – შესაბამის კანონს პარლამენტმა მესამე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი. ცვლილებები შევიდა ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შრომის კოდექსში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ კანონში.
ამიერიდან ქცევისთვის, რომელიც სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება, სანქციები დაწესდება.
რატომ გახდა საჭირო კანონის მიღება?
სექსუალური შევიწროების ცნება დღემდე საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობდა. შესაბამისად, არ არსებობდა რაიმე სახის პასუხისმგებლობა ასეთი ქმედებებისთვის.
• სექსუალური განათლება საქართველოში – დახურული და საშიში თემა
რა ითვლება სექსუალურ შევიწროებად?
სექსუალური შევიწროება, ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, სასქესო ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.
გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების დეფინიცია ყალიბდება “შრომის კოდექსით“, რომლის თანახმადაც, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
როგორ დაისჯებიან დამრღვევები
კანონის თანახმად, სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სასჯელის სახით 300 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში მეორედ ჩადენისას – ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე.
ხოლო ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება – ჯარიმას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
სექსუალური შევიწროების გახმაურებული ფაქტები
2018 წლის იანვარში სასამართლომ დააკმაყოფილა თათია სამხარაძის სარჩელი, რომელიც საკუთარ უფროსს – ცნობილ ტელეწამყვან შალვა რამიშვილს, სექსუალური შევიწროებაში ადანაშაულებდა. იგი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ამგვარ ფაქტზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ რამიშვილს მისი ყოფილი თანამშრომლისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.
2018 წლის მარტში სულ მცირე 10 ქალმა სექსუალურ შევიწროებაში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (CIDA) ხელმძღვანელი, ცნობილი უფლებადამცველი ზვიად დევდარიანი დაადანაშაულა. მედიაში ქალების ისტორიები მათი ვინაობის დასახელების გარეშე გამოქვეყნდა. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა იძულებული გახდა ორგანიზაცია დაეტოვებინა.