როგორ "იტანენ" სომხეთში სიტყვის თავისუფლებას
პრობლემურ ქვეყნებში ჟურნალისტების რეპრესირების ესკალაციას, ან ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მედიაკანონმდებლობაში შეტანილ ხმაურიან ცვლილებებს თუ შევადარებთ, სომხეთი, სიტყვის თავისუფლების მხრივ, მშვიდ ნავთსაყუდელად გამოიყურება. ერთი შეხედვით, ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება – მდგომარეობა არც უმჯობესდება, და არც უარესდება.
ტელევიზია, როგორც ინფორმაციის მთავარი წყარო, ხელისუფლების ფხიზელ კონტროლს ექვემდებარება, რადიო მთლიანად მუსიკალურ–გასართობ ფორმატზეა გადასული, დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას კი მხოლოდ საერთაშორისო გრანტების ხარჯზე უდგას სული. სამაგიეროდ, ონლაინ და ბეჭდვითი მედია,საკუთარი ფინანსური სიმწირის გარდა, არაფრით იზღუდება. სომხეთში ვერც დაჯარიმებულ ან დაპატიმრებულ ჟურნალისტს ნახავთ.
ამ ნავსაყუდელს მყუდროება ვერც „ევრაზიულმა ქარებმა“ დაურღვია, რასაც ქვეყნის ევრაზიულ კავშირში შესვლის შემდეგ ასე უფრთხოდა პროდემოკრატიული საზოგადოება.
თუმცა, ატმოსფერული რყევებისადმი მგრძნობიარე ადამიანები კლიმატის ცვლილების შემაშფოთებელ ნიშნებს აუცილებლად შეამჩნევდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო სომხური ისტებლიშმენტის რეაქცია უხერხულ კითხვებზე, რომლებიც 28 იანვარს, სომხეთის არმიის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს. „ნუ გააწყალეთ გული!“ – ასე დაუფარავად გამოხატა პრესისადმი დამოკიდებულება ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსმა, გორიკ აკოფიანმა, როდესაც ჟურნალისტების რიგთან გავლამ მოუწია, და მის უწყებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დასმული კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა (აკოფიანი 12 თებერვალს პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა).
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არარატის ეპარქიის მეთაურმა, ნავასარდ კჩოიანმა კი მისი მაკომპრომეტირებელი ჭორების კომენტირება არ ისურვა და ჟურნალისტებს განუცხადა: „თქვენ საზოგადოებრიობის წარმომადგენლები არ ხართ“ (ანუ, ‘რა ვალდებული ვარ, რაიმე აგიხსნათო’).
ამ ეპიზოდების ამსახველი ვიდეორგოლები ინტერნეტში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გაზეთ „არავოთის“ მთავარმა რედაქტორმა არამ აბრამიანმა საკუთარი გაზეთის მთავარი გვერდი მასმედიის წარმომადგენლებისადმი სულიერი მოძღვრისა და „ძალოვანის“ ‘ამ ამაღლებული დამოკიდებულების’ არსზე მსჯელობას დაუთმო. „ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ჟურნალისტები „ადამიანებს ფეხებში ედებიან“, „დაკვეთით წერენ“, „ინტრიგებს ხლართავენ“, ზოგადად, საეჭვო პიროვნებები არიან, საზოგადოებას კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ამის ატანა უწევს“.
უმაღლესი ჩინოვნიკები და ოლიგარქები, რომლებიც, ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები არიან, საკუთარ თავს ქვეყნის ნამდვილ ბატონ-პატრონებად მიიჩნევენ, კრიტიკისადმი სულუფრო მეტ მდგრადობას იჩენენ და რეპუტაციის შელახვაც ნაკლებად აღელვებთ. მათი კერძო ინტერესები და რეფორმებისთვის ხელის შეშლა ყოველთვის აფერხებდა ქვეყნის სხვადასხვა (მ.შ. მედიის) სფეროს განვითარებას. თუმცა, საერთაშორისო იმიჯზე ზრუნვა (რომელიც ერთ-ერთი „გაურკვეველ მიზეზთაგანია’) ოფიციალურ ერევანს აიძულებდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და საკუთარი უფლებების დამცველი ჟურნალისტების წინაშე ზოგ საკითხში ერთგვარ კომპრომისზე წასულიყო.
შედეგად, გასული საუკუნის 90-იან წლებში აღიკვეთა ხელისუფლების მცდელობა, შეენარჩუნებინა სახელმწიფო მაუწყებლი, რომელსაც, პარლამენტში პირველივე მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით, ხელახლა შექმნილი დე იურე საზოგადოებრივი მაუწყებლის პარალელურად უნდა ეარსება. მოგვიანებით გაუქმდა მასმედიის საშუალების რეგისტრაციის ვალდებულება, ვერ შედგა ინტერნეტის გაკონტროლების მცდელობა და მასმედიის საშუალებებმა ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეების მხრიდან ნაკლებად ლოიალური პრესის მიმართ შეთითხნილი დეფამაციის ბრალდებების ტალღაც მოიგერიეს; მედიის ბოლო გამარჯვება კი 2015 წლის 20 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება გახდა, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს ინფორმაციის წყაროების დაცვის პრინციპის თავისუფალი ინტერპრეტაცია აეკრძალათ.
მასმედიას, საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ( პირველ რიგში, ეუთოს მედიათავისუფლების ოფისს) კონსოლიდირებული პოზიცია რომ არ ჰქონოდათ, ეს არ მოხდებოდა.
საერთაშორისო პრესიტიჟული გამოკითხვებით, არსებული მსგავსი კომპრომისების წყალობით, სომხეთში საინფორმაციო სფეროში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში (კერძოდ კი ევრაზიული კავშირის წევრ პარტნიორ სახელმწიფოებში), მაგრამ ბოლო დროს საზოგადოების (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ) მოწოდებები ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი, დაიცვან წესრიგი, სულ უფრო ძნელად აღწევს მიზანს. ამის მიზეზია სომხეთის ინტეგრაციული ვექტორი და ის დიდი მოთმინება, რასაც ახალ პოლიტიკურ რელიებში დასავლელი პარტნიორები იჩენენ სომხეთში არსებული მდგომარეობის მიმართ.
2015 წლის 23 ივნისს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ერევანში, ბაგრამიანის პროსპექტზე ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქცია დაარბიეს, ჟურნალისტებიც დაზარალდნენ.
გარდა იმისა, რომ მასმედიის წარმომადგენლებს სცემეს, „ძალოვანებმა“ გამიზნულად დააზიანეს რედაქციის კუთვნილი ტექნიკა და მეხსიერების ბარათებიც. თავიდან ჟურნალისტებისა და ორმოცდაათი დემონსტრანტის წინააღმდეგ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეს მხოლოდ ერთი გამომძიებელი იკვლევდა.
ჟურნალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ კი, სამ თვეში ამ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნა მოხერხდა, თუმცა, დღემდე ყველა დაზარალებულიც კი არ დაუკითხავთ. გამოძიების მიმდინარეობა კი სულ უფრო ცხადჰყოფს , რომ ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და უფლებამოსილების გადამეტებისთვის თანამდებობის პირთაგან არავის დასჯიან. გასულ წლებში მომხდარი მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად დამნაშავეთა ყველა ქმედება ფოტოებსა და ვიდეორგოლებზეა აღბეჭდილი.
აღნიშნული ფაილები ინტერნეტშია ატვირთული, და თან ადვილად შეიძლება კონკრეტული დამნაშავეების (მ.შ. მაღალი თანამდებობის პირების) იდენტიფიცირება. ამდენად, ხელისუფლებამ და მის მიერ მართულმა გამოძიებამ ამ დანაშაულის დაფარვის მცდელობისას განსაკუთრებული რანგს ცინიზმი უნდა გამოავლინონ;
დაახლოებით _ ისეთი, როგორც 2015 წლის ბოლოს, „ტელევიზიისა და რადიოს შესახებ“ კანონის მიღებისას. მაშინ მთავრობასა და ეროვნულ კრებას (იგულისხმება პარლამენტი) განსახილველად წარუდგინეს დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც 2010 წლიდან მუშავდებოდა და ეუთოსა და ევროსაბჭოს მიერ დადებითად შეფასდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პროექტი უგულებელყვეს; როგორც სხვა სამარცხვინო ქმედებების დროს, ეს სხდომაც დაჩქარებულად და გასაიდუმლოებულად წარიმართა. ორი დღის განმავლობაში მთავრობიდან ეროვნულ კრებას გადაეგზავნა და ორი მოსმენით დამტკიცდა სხვა კანონპროექტი, რომელიც მანამდე, ავტორებისა და დამკვეთების გარდა, არავის უნახავს.
რადგან კენჭისყრის დაჩქარება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულების პირობებით იყო არგუმენტირებული (რიტორიკულ შეკითხვად რჩება ის, თუ რას აკეთებდა ხელისუფლება 2006 წლიდან, როდესაც სათანადო სტრატეგიის შემუშავებისათვის ათობით ათასი დოლარი დაიხარჯა), ამ დოკუმენტთან დაკავშირებული სხვა შეუსაბამობებს თავი დავანებოთ და მთავარზე შევჩერდეთ. ანალოგური მაუწყებლობის სრული გათიშვისა (საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად) და რეგიონული ტელეარხების დახურვის არდაშვების მიზნით, კანონპროექტში კერძო მულტიპლექს ოპერატორების ლიცენზირების პროცედურა უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ასეთი წესი უკვე არსებობს, მაგრამ…
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული კანონის მიხედვით, ლიცენზიას მხოლოდ ის ოპერატორი მიიღებს, რომლის ციფრული სიგნალიც მთლიანად ფარავს ქვეყანას და საკუთარი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა აქვს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამგვარ გაუგებრობაში „ გაჩხერილი“ რეგიონული ტელეკომპანიების გადარჩენა მხოლოდ ძალიან მსხვილ ინვესტორს შეუძლია.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სომხეთის სამაუწყებლო ბაზარზე გასასვლელი ყველა გზა დაკეტილია. ამდენად, მედიაინდუსტრიის შემცირებული შემოსავლების პირობებში, კერძო მულტიპლექს ოპერატორად ან მორიგი მონოპოლისტი მოგვევლინება, ან ასეთ ერთპიროვნულ მმართველად სახელმწიფო დარჩება, რაც პოტენციურ დამოუკიდებელ მაუწყებლებზეც იქონიებს გავლენას.
და მეორე _ აღნიშნული კანონი სომხეთის ხელისუფლებას ისეთი სასწაულებრივი გამონაკლისისგანაც კი იცავს, ვთქვათ, მათგან მართლაც დამოუკიდებელი მსხვილი ინვესტორი რომ გამოჩნდეს. მულტიპლექს ოპერატორისათვის ლიცენზირების გართულებული პროცედურა სწორედ ამისთვისაა დაწესებული. ეროვნული მარეგულირებელი (სწორედ ის, რომელმაც ხელისუფლებისათვის მიუღებელ ტელეკომპანია “ A1+-ს ლიცენზია არ მისცა) ნებისმიერ განაცხადს მოუძებნის უარის მიზეზს.
საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი კანონის მიღების შემდეგ საერთაშორისო წყაროებიდან სომხეთის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, თავისუფალი კონკურენციის მხარდაჭერისა და კორუფციასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი გრანტების გამოყოფა უნდა შეჩერდეს. თუმცა, მსგავსი არაფერი ხდება.
ჰოდა, რატომაც არ დაივიწყებენ სომხური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები იმ „გაუგებარი მიზეზებს“, „გულის გამაწყალებელი“ მედიის ატანას რომ აიძულებს?
ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრეს კლუბის პრეზიდენტი