სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს დუშანბეში შეხვდნენ, სადაც დსთ-ს ქვეყნების ლიდერთა სამიტი მიმდინარეობდა. მათ არაფორმალური ურთერთობა დაამყარეს. ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ის და ილჰამ ალიევი სამ საკითხზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, ორი ქვეყნის ლიდერებმა მოილაპარაკეს, რომ ნაბიჯები გადადგან გამყოფ ზოლზე ინციდენტების თავიდან ასაცილებლად:
„შევთანხმდით, რომ ჩვენს თავდაცვის მინისტრებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავავალოთ, რათა გამყოფ ზოლზე დაძაბულობის დონე შემცირდეს.მე ამის შესახებ უკვე გავათვითცნობიერე არცახის რესპუბლიკის მეთაური, და ეს გადაწყვეტილება მისთვისაც მისაღებია. არსებითად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს შეთანხმება ისეთი ნაბიჯების გადადგმის თაობაზე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანისა და ყარაბაღი-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ სიგრძეზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევები აღიკვეთოს. მე ჩვენს სამხედრო ძალებს ასეთი ბრძანება მივეცი, და გასული ღამე ყველაზე მშვიდობიანი და წყნარი იყო მას შემდეგ, რაც პრემიერი გავხდი“.
ფაშინიანმ ასევე განაცხადა, რომ საუბრის დროს მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს მოლაპარაკებების პროცესისადმი თავიანთი ერთგულება:
„ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ კონფლიქტი სწორედ მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს“.
ფაშინიანის და ალიევის მოლაპარაკების მესამე თემა „ოპერატიული კავშირის შექმნის“ თემას ეხება:
„ჯერჯერობით ეს მხოლოდ შეთანხმებაა, თუ როგორ მოგვარდება ეს კავშირი – ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმებები არ არსებობს. ჩვენ უბრალოდ შევთანხმდით, რომ შესაბამის უწყებებს ოპერატიული კავშირის დამყარების სისტემის შექმნის ბრძანებას მივცემდით“.
ეს ორი ქვეყნის ლიდერების პირველი საუბარია, თუმცა მათ ერთმანეთი მანამდე გაიცნეს. ისინი ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა – ივნისში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს წარუდგინა.
მთიანი ყარაბაღის გამო შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1991–1994 წლებში მოხდა. დაზავების შემდეგ მთიანი ყარაბაღი არსებობს როგორც დე-ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც სომხეთს, არ უღიარებია. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და ომის მსვლელობის დროს დაპყრობილ მის გარშემო ტერიტორიას ოკუპირებულად მიიჩნევს, და მათ დაბრუნებას მოითხოვს.
კონფლიქტის მხარეები მუდმივად იუწყებიან გამყოფ ზოლზე მომხდარი შეტაკებების თაობაზე და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.